"აქონდროპლაზიის სინდრომს ახლავს გართულებები და პრეპარატი „ვოზორიდიტი“ ამ გართულებების წინააღმდეგ მიმართული არ არის"
გზა, რომელსაც ახლა მედიკამენტ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ქვეყანა გადის, არის სწორედ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„მაგალითად, პრეპარატი „რემდესივირი“ მივიღეთ მაშინ, როდესაც პანდემია იყო და ის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატი იყო. თავიდან ჩვენ „რემდესივირში“ ფული არ გადაგვიხდია, საერთოდ გვაჩუქეს, თუმცა იმისთვის, რომ პრეპარატი საქართველოში დანერგილიყო, ამას დასჭირდა დეტალური პროტოკოლის მომზადება, დოზირების მომზადება, ექიმების დატრენინგება და ა.შ. მედიკამენტ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ეს პროცესი მიმდინარეობს, შემიძლია, დავადასტურო. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ერთ-ერთი პაციენტის ბებია. ასე რომ, ეს სრულიად გამჭვირვალე პროცესია და ნამდვილად მიმდინარეობს პროტოკოლის შექმნის პროცესი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არ ეგულება პედიატრი, რომელიც ხელს არ მოაწერს წერილს, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს, აქონდროპლაზიის სინდრომის თუ ნებისმიერი დაავადების საწინააღმდეგოდ ქვეყანაში ახალი პრეპარატი შემოიტანონ, მაგრამ მას და მის თანამოაზრეებს არ სურთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პრეპარატის დანიშვნასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, იყოს შემდგომში ნებისმიერი, თუნდაც ერთი ბავშვის სერიოზული გართულების საფუძველი.
„მე დღესაც მოვაწერდი ამ წერილს ხელს. ეს არის ექიმის მოვალეობა და ექიმის ფუნქცია. მე ვადასტურებ, რომ ამ წერილს მოვაწერე ხელი და ახლაც დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს. მარტო ქალბატონი ლალი ჯანაშია არ დგას ამ ბავშვების გვერდით, მეც ამ ბავშვების გვერდით ვდგავარ და მათ გვერდით დგას ყველა ის სპეციალისტი, რომელიც ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვან შეფასება-მართვას სჭირდება. ეს ბავშვები არ არიან ერთი და ორი ექიმის იმედზე, მთელი სამედიცინო საზოგადოება მათ გვერდით დგას. უბრალოდ, ჩვენ სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. ჩვენ არ გვინდა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ამ პრეპარატის დანიშვნასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, იყოს შემდგომში ნებისმიერი, თუნდაც ერთი ბავშვის სერიოზული გართულების საფუძველი. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ პრეპარატის შემოტანაზე ან არ ვიძლევით ამის რეკომენდაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომს ახლავს გართულებები და პრეპარატი „ვოზორიდიტი“ ამ გართულებების წინააღმდეგ მიმართული არ არის.
„ჯერჯერობით არ არის არცერთი პუბლიკაცია, სადაც წერია, რომ ამ პრეპარატის გამოყენებამ, შესაძლებელია, ბავშვი გართულებებისგან დაიცვას“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, პედიატრმა აღნიშნა, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტის მიერ გართულებების სწორი, დეტალური შეფასება-მართვა სჭირდებათ და სახელმწიფო ამის ვალდებულებას იღებს.
„დიახ, ყველა ექიმი მზად არის და, მათ შორის, იაშვილის კლინიკაც. დღეს ამაზე იყო საუბარი საკოორდინაციო საბჭოზე. ქვეყანაში გამოიყო კლინიკები, ვინაიდან ამ ბავშვების მართვა-შეფასებას მულტიპროფილური კლინიკა სჭირდება. ეს კლინიკები მზად არიან, დღესვე ჩატარდეს ამ ბავშვების სრულფასოვანი შეფასება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი მდგომარეობა, დაკავშირებული ნებისმიერ გართულებასთან, რაც აქონდროპლაზიას ახლავს, იყოს ნამართი სახელმწიფოს მიერ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა, არცერთ ბავშვს ამით არ უსარგებლია. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ვთხოვო მათ, რომ ამით ისარგებლონ. ამ ბავშვების დეტალური შეფასება მულდიდისციპლინური ჯგუფის მიერ არის კატეგორიულად აუცილებელი, არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ მუდმივი, ჩვენ ეს პირობა გვაქვს, სახელმწიფო ამის დაფინანსებაზე თანახმაა და ჩვენ მზად ვართ, ეს შეფასება თუნდაც ხვალვე დავიწყოთ, ამის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ვოზორიდიტი“ სრულიად ახალი პრეპარატია და პროტოკოლის ამ თვალსაზრისით გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისი იმისთვის, რათა გადაწყვეტილება რადიკალურად და სწრაფად იყოს მიღებული.
მისივე თქმით, „ვოზორიდიტის“ შემოტანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება ორი და სამი კვირის წინ არ დაწყებულა და ეს რეაგირება გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, როგორ პრეპარატის მწარმოებელთან, ისე ჯანმო-სთან.
„ეს პროცესი მარტში ნამდვილად არ დაწყებულა. ეს პროცესი გაცილებით ადრეა დაწყებული და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაგირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მოვლენების კვალდაკვალ, იყო სრულიად ადეკვატური, სრულიად შესაბამისი და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტური. ეფექტურობაში იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, მიმართულია იმისკენ, რომ ამ პრეპარატის ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში მას ყველა მომზადებული დახვდეს, სამედიცინო დაწესებულებები, პერსონალი და მშობლები. ნაბიჯები ნამდვილად სწორად იყო გადადგმული და დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად დასრულდება პროტოკოლის შემუშავება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ნიუანსი, შერჩევის კრიტერიუმებიდან დაწყებული, შესაძლო გვერდითი მოვლენებით დამთავრებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"