"ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა" - ივანე ჩხაიძე
„ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა, იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაავადების 3 118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩუტყვავილა წითელასგან განსხვავებით, მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.
„ჩუტყვავილა არ მიეკუთვნება მძიმე დაავადებების კატეგორიას. გართულებები ძალიან იშვიათია და კიდევ უფრო მეტად იშვიათია გარდაცვალების შემთხვევები. ჩუტყვავილას აქვს ერთი თვისება - ციკლურობა. ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც მატულობს. ჩუტყვავილას შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 2018 წელს გვქონდა, 10 196 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც სტანდარტულად 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო სერიოზული მატება.
2022 წელს იყო 2 600 შემთხვევა. წელს, 2018 წლიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, ასევე, აფეთქება გვაქვს, იანვრიდან დაწყებული 4 თვეში, აპრილის ჩათვლით ქვეყანაში 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2023 წელიც ამ მხრივ, ასევე, გამორჩეული იქნება და, ალბათ, წლის განმავლობაში 10 000 0-მდე შემთხვევა გვექნება. 2018 წლის შემდეგ წელს ის პერიოდია, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატებაა, 2-3 ჯერ მეტი ვიდრე სხვა წლებში აღინიშნებოდა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დაავადების შესაძლო გართულების შესახებაც ისაუბრა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„ჩუტყვავილას გართულებიდან ყველაზე მთავარი მეორადი ბაქტერიული ინფექციაა, ანუ გამონაყარი, შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება, მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს: ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და.ა.შ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.
რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია? დღეისათვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანმოს აქვს 2 არგუმენტი: ერთი - დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე, რაც არ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირველი პრობლემა და მეორე - აუცილებელია და ყველა მთავარია მოსახლეობის 80%-ის და მეტის მოცვა. თუ გვინდა, ქვეყანაში შედეგი მივიღოთ, 80%-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი. თუ ამას ვერ მივაღწიეთ, შემდეგ ეს ჩუტყვავილას შემთხვევების მატებას მოზრდილებში მოგვცემს, სადაც დაავადება გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, გართულებების რისკი გაცილებით მაღალია და გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დიდი.
ჩუტყვავილას დროს ცხელება 2-3 დღეზე მეტი არ გრძელდება, მაგრამ მეორადი ინფექციის შემთხვევაში - ტემპერატურა ხანგრძლივდება, გამონაყარი, რომელიც ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელია, ჩირქგროვების სახით არის წარმოდგენილი, გამონაყარი შეიძლება პირის ღრუშიც იყოს და ეს არის მეორადი ბაქტერიის მიმანიშნებელი“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
სიახლეები
- "ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული"
- "2008 წლის ომი გარე დაკვეთით, სწორედ „ნაციონალებმა“ დაიწყეს" - ბიძინა ივანიშვილი
- როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემას
- "პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე" - თეიმურაზ კუპატაძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე
- "კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს"