"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7%-ია მოცული" - მთავრობის ანგარიში

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7%-ია მოცული და პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3 მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, ხორციელდება 23 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა საშუალებით 2022 წელს 604 000 ბენეფიციარისთვის 595 მილიონი ლარით 2 200 000-ზე მეტი მომსახურება დაფინანსდა და ასევე, გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა.

 

„სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები (2012 წელი − 450 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელი – 2155 მილიონი ლარი).

 

მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2022 წელს 40%-ამდე არის შემცირებული.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელიც არის იმავე ხარისხის და უფრო იაფი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. 2022 წლის დეკემბრიდან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დაწესების თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმია წამლის ფასის რეგულირებისთვის. 2023 წლის 15 მარტიდან 1,450 მეტ წამალზე მოქმედებს რეფერენტული ფასი, აღნიშნული, დაახლოებით, 40%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს.

 

2023 წლიდან ექიმისა და ექთნის შრომის ანაზღაურება გაიზარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 3 424 800 ლარი. სოფლის ექიმის ხელფასი გახდა 1162 ლარი და ექთნის − 918 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეებისთვის მიმდინარეობს ყოველთვიური სახელფასო დანამატის გაცემა, ჯამში, 1037 ადამიანზე. კერძოდ, ექიმზე − 520 ლარი (დარიცხული) და ექთანზე − 260 ლარი (დარიცხული).

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, ხორციელდება 23 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა საშუალებით 2022 წელს 604 000 ბენეფიციარისთვის 595 მილიონი ლარით დაფინანსდა 2 200 000-ზე მეტი მომსახურება. პრიორიტეტული რჩება და გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტმა 2023 წელს 50 მილიონი ლარი შეადგინა.

 

2022-2023 წლებში რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 111 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურება. მათ შორის, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო შემთხვევების დაფინანსებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამუშავდა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამდროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-ამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღსანიშნავია ბავშვთა სიკვდილიანობის შთამბეჭდავი შემცირება უკანასკნელი დეკადის განმავლობაში - კერძოდ, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, ათას ცოცხალშობილზე 16-იდან 10-ამდე შემცირდა.

 

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.

წაკითხვა 463 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.