10 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ

ნორმალურად მომუშავე ორგანიზმი წყლის სმის ქცევას მარტივად - წყურვილით არეგულირებს.

 

წყლის სმის ქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. უამრავი პრობლემა ორგანიზმში სწორედ იმის გამო აღმოცენდება, რომ მასში სათანადო რაოდენობით წყალი ვერ აღწევს.

 


მართლაც, ადამიანები სვამენ ყავას, ჩაის, წვენებს, კომპოტებს, ღვინოს, ბურახს, ლუდს, გაზიან სასმელებსაც ეტანებიან, წყალს კი არ ეკარებიან. სხვადასხვა სითხის მიღებით წყლის მარაგი ორგანიზმში არ ივსება! წყლის დეფიციტის გამო კი ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, არ გამოიდევნება წიდები და ტოქსინები, ვითარდება გაუწყლოება.



მკვეთრი გაუწყლოება გადახურებისა და გაძლიერებული ოფლიანობის გამო ვითარდება, განსაკუთრებით - ცხელ და ქარიან ამინდში, ასევე ფაღარათითა და ღებინებით მიმდინარე დაავადებების დროს, სხეულის ტემპერატურის მომატებისას, როდესაც ოფლიც გაძლიერებულად გამოიყოფა. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, თუნდაც მუდმივი, უხშირესად შეუმჩნეველი რჩება, ადამიანის სხეული თითქოს ეგუებაო ასეთ მდგომარეობას.

 


გახსოვდეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია! ნუ დაელოდებით ამისმანიშნებელ წყურვილის შეგრძნებას, დღის განმავლობაში აუცილებლად სვით წყალი, თუნდაც ყლუპ-ყლუპად, ყოველ 1-2 საათში! წყალი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის!

 


10 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს სვამთ:

 


1. პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე პირველი და ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია იმისა, რომ ორგანიზმს წყალი სჭირდება. ამ მომენტში ორგანიზმი უკვე განიცდის გაუწყლოებას. ნუ შეეცდებით პირის სიმშრალესთან ჩაით, ტკბილი წვენებითა თუ გაზიანი სასმელებით გამკლავებას. ორგანიზმი კონკრეტულად წყალს გთხოვთ!

 


2. მშრალი კანი

კანი ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სარკეა. თუ თქვენ კანის სიმშრალე გაწუხებთ, უპირველესად წყლის სმის რეჟიმს მიაქციეთ ყურადღება.

 



3. ზოგჯერ წყურვილის გამძაფრებული შეგრძნება


ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც წყალს სვამთ, მაგრამ წყურვილის გრძნობას მაინც ვერ იოკებთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ორგანიზმი გაუწყლოებული იყო. ეს არ არის მხოლოდ პირის სიშრალე, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული გაუწყლოებაა, რომლის დროსაც ტვინი შესაბამის სისტემებს ნიშანს აძლევს - იმპულსებს უგზავნის - რომ სასწრაფოდ წყალი ესაჭიროება! ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას ალკოჰოლი განაპირობებს, ამიტომაცაა, რომ ნაბახუსევს ადამიანებს განსაკუთრებულად სწყურიათ.

 



4. თვალების სიმშრალე


თვალების სიმშრალეს, მსუბუქი ქავილის შეგრძნებას, ზოგჯერ სისხლსავსეობასაც, ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი იწვევს. ასეთ დროს საცრემლე არხები შრება, რაც, თავის მხრივ, აზიანებს თვალებს. აღნიშნულ სიმპტომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ და წყლის სმის რეჟიმი აუცილებლად აკონტროლონ ლინზების მტარებელმა პირებმა.

 



5. შარდის გამუქება და მისი მოცულობის შემცირება

შარდის გამოყოფის პროცესი ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ნორმის მკაცრად დადგენა შეუძლებელია. თუმცა უნდა დააკვირდეთ შარდის გამოყოფის პროცესს. თუ დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის მოცულობა შემცირდა ან შარდი გამუქდა, ეს წყლის დეფიციტის მანიშნებელია.

 


6. გულისცემის გახშირება


გაუწყლოების დროს მიმოქცევის სისტემაში სისხლი რამდენადმე სქელდება, მისი წებოვნება იზრდება, მოცირკულირე მოცულობა კი მცირდება, სისხლი ნელა მოძრაობს, შედეგად გულზე დატვირთვა იზრდება, სისხლის მიმოქცევის პროცესი საზოგადოდ ირღვევა, ორგანიზმის ქსოვილები ვერ იღებს სათანადო რაოდენობით ჟანგბადს, მიზეზი კვლავ წყლის დეფიციტია.

 



7. სახსრების ტკივილი


სახსრების ტკივილი ბევრი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების პრობლემაცაა. ზოგს ის სირბილისა და ხტუნვის შემდეგ უვითარდება. ხრტილოვანი დისკები 80% წყალს შეიცავს. წყლით მდიდარია საზოგადოდ ხრტილოვანი ქსოვილი, შესაბამისად, წყლის ქრონიკული დეფიციტისას დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში გასაკვირი არაა.

 


8. კუნთოვანი მასის შემცირება

 

როგორც ხრტილოვანი ქსოვილი და სახსრები, კუნთებიც ინტენსიურად შეიცავს წყალს, ბუნებრივია, წყლის სიმცირისას გაუწყლოება და კუნთოვანი მასის შემცირება მიმდინარეობს. ექიმები და მწვრთნელები კარგა ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვით ვარჯიშის დროსაც კი პერიოდულად აუცილებელია წყლის დალევა.

 



9. ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა


როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის მისი მოძიების ქცევას რთავს, თუ გარედან ვერ იღებს, შიდა რეზერვების მოძიება-მობილიზებას იწყებს, მათ შორის, სისხლიდან ახდენს გადანაწილებას, რაც სისხლის რამდენადმე გასქელებას და ცირკულაციის დარღვევას განაპირობებს, შედეგად ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება. სწორედ ამ უკანასკნელითაა გამოწვეული ძილიანობა. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ სულ გეძინებათ და გამოძინების მიუხედავად, მაინც ვერ იკრებთ ძალებს, მუდმივად გაწუხებთ დაღლილობა, ყავაც ვეღარ გაფხიზლებთ, წყლის სმის რეჟიმს დაუთმეთ მეტი ყურადღება. რეგულარულად სვით წყალი და თქვენი მდგომარეობა შეიცვლება.

 



10. საჭმლის მონელების დარღვევები


დატენიანება არა მხოლოდ პირის ღრუს ლორწოვანს ესაჭიროება, არამედ მთელი საჭმლის მომნებელი ტრაქტის ლორწოვან გარსსაც. წყლის დეფიციტის პირობებში ლორწოვანი გარსების მიერ გამოყოფილი ლორწოს რაოდენობა მცირდება, რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობაზე. გულძმარვა და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა ხშირად წყლის დეფიციტთანაა შეჭიდული.

 



* * *


საყურადღებოა, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმში წყლის შეკავების პროცესი მცირდება, შესაბამისად, ასაკოვან ადამიანებს კიდევ უფრო მეტი რაოდენობით სჭირდებათ წყალი. ნაადრევად დაბერების ნიშნები კი თვალსაჩინოა ხოლმე, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა გაუწყლოებით გამოწვეული შინაგანი ორგანოების ფუნქციური დარღვევები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე შეიგრძნობა და ხშირ შემთხვევაში ცალკეული პათოლოგიების სახითაც ვლინდება. ასე რომ, წყლის სმის რეჟიმის დაცვა წლის ყველა პერიოდში და ნებისმიერ ასაკშია საყურადღებო!

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 1049 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 21 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.