November 22, 2024

"პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი"- ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი

ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი მიმართვას ავრცელებს - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) საქართველო, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა, უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. 14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი - 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში - 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.

 


დაავადებათა კონტროლის და საზაგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება.

 

ცალსახაა, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების  შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც, შეუძლებელს გახდის არამარტო  კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად  შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 

 


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე  გაერთიანებული პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია:


1. ყველანი  შევთანხმდეთ შემდეგ პრინციპზე: პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის  და  პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.
  2.  დაუყოვნებლივ  გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;
ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზე-პარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;  
შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი  დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას,  პოლარიზაციის ნაცვლად, გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;

 


მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო  დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის. 


სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;


პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;


მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება; 


თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება;


მომსახურების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;  


კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვა);  


მომსახურების ანაზღაურების ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ამცირებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, ნაკლებად მიზანშეწონილი (გამართლებული) მომსახურების მიწოდების ინტერესს (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება, თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება); 


საზოგადოების ინფორმირების / კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და 24-საათიან რეჟიმში ყველა საჯარო გზავნილის მომზადება და გავრცელება გეგმის მიხედვით; საკომუნიკაციო მესიჯების თანმიმდევრულობა; გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, მიღწეული წარმატებისა და წარუმატებლობის გაზიარებამ,"-ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმართვას ხელს აწერენ: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძ, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი

 

მიმართვა მომზადებულია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID/Georgia-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI Georgia) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში.

წაკითხვა 576 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.