კულტურის სამინისტრო გიორგი თავაძეს ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა.
„პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
გიორგი თავაძეს განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილისა და გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი გორის გ. ერისთავის
სახელობის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ს. ახმეტელის სახელობის თეატრში, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სხვ. სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგმული აქვს უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი", ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", თომას მანის „მარიო და ჯადოქარი" და სხვა. გარდა ამისა, არის მხატვრულ-დოკუმენტური სერიალის „გააგრძელე საქართველოს ისტორია" 15 სერიის მხატვრული სცენების დამდგმელი რეჟისორი. 2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას „წლის საუკეთესო რეჟისორის" ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის „მაგიის საოცრებანი".
ინფორმაციისთვის, სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა 2022 წლის 4 თებერვალს ჩაიშალა, ხოლო განმეორებით კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ქუთაისის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ორი კანდიდატურა კულტურის მინისტრის მიერ განსახილველად წარედგინა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელმაც კენჭი უყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო გიორგი თავაძემ. შესაბამისად, სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასანიშნად გიორგი თავაძის კანდიდატურა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია