2019 წლის ნობელის პრემიაზე საქართველოდან ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძეა წარდგენილი
2019 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მშვიდობის დარგში საქართველოდან წარდგენილია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე, ნაშრომით - ,,აზროვნების ეკოლოგია-კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება.“
2019 წლის 7 იანვარს, ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში ნობელის პრემიის კომიტეტმა მიიღო აღნიშნული ნაშრომი წარმოებაში და ავტორი დარეგისტრირდა როგორც კანდიდატი საქართველოდან ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მშვიდობის დარგში.
როგორც ცნობილია, წიგნი 2017-2018 წლებში, გამოცემიდან 2 წლის მანძილზე უწყვეტად განიხილებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, სკოლებში, კოლეჯებში, სადაც დიდი ინტერესი და წარმატება ახლდა თან.
2018 წლის 27 აპრილს, შემაჯამებელი განხილვა გაიმართა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით, რაც არაერთხელ გაშუქდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის.
როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების შეფასებით, წიგნი გლობალური მნიშვნელობის უმაღლესი დონის მეცნიერული ნაშრომია, ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაწარმოებთა შორის, ახალი სიტყვაა რელიგიის და ფილოსოფიის მიმართულებით. იგი უთუოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელთა შორის მშვიდობიანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში; ხელს შეუწყობს ტოლერანტობის საზღვრების მაქსიმალურად ზრდას და რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე ტერორიზმის რისკების მინიმუმამდე დაყვანას, რაც თანამედროვე კაცობირობის ერთ-ერთი მთავარ საფიქრალს წარმოადგენს-აღნიშნულია გამოხმაურებებსა და რეცენზიებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნიეს მისი თარგმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე, სასწავლო და საჯარო ლექციების კურსის შემუშავება, რათა ნაშრომმა თავისი კეთილშობილური მისია შეასრულოს.
წიგნი გამოიცა ინგლისურ და რუსულ ენებზე, რასაც მალევე მოჰყვა ამერიკელი, მოსკოველი, აზერბაიჯანელი მწერლების გამოხმაურება და დადებითი შეფასებები.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ციფრული ბიბლიოთეკა ,,ივერიელის“ მიერ. ასევე, როგორც ვიცით მიმდინარეობს ნაშრომის გავრცელება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში...
ავტორის შესახებ
ნიაზ ბოლქვაძე განათლებით არის პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი.
2005 წლიდან არის ფიხტეს სახელობის საერთაშორისო ფილოსოფოსთა (გერმანიისა და რუსეთის ერთობლივი ორგანიზაცია) საზოგადოების წევრი, 2008 წლიდან არის საქართველოს მწერალთა და ეროვნული აკადემიის წევრი.
არის 8 წიგნის, 50-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის და 500-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიისა და წერილის ავტორი ქართულ და უცხოურ გამომცემლობებში.
2002 წელს ბაშკირეთში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებთან ერთად სხვადასხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენელთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის დასახელებული იქნა ბაშკირეთის რესპუბლიკის ,,2002 წლის ადამიანად.“
მის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი გახმაურებული მამულიშვილური საქმე... ეწევა აქტიურ სამწერლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
ჩვენ დავუკავშირდით მას და ვთხოვეთ რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩვენი მკითხველისთვის:
ნიაზ ბოლქვაძე - დაახლოებით 1989-1990 წელს დავინტერესდი რელიგიების თემით, ასევე, მსოფლიოს ბრძენთა ცხოვრებითა და ნააზრევით უძველესი დროიდან დღემდე. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს იყო ჩემი ფილოსოფიის დასაწყისი. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი, პასუხისმგებლობაც შეიძლება უფრო ითქვას მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში დავინახე.
აღნიშნულ თემაზე ვმუშაობდი დამოუკიდებლად. ყველგან, სადაც კი მიხდებოდა მოგზაურობა, ვხვდებოდი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს რიგითი მრევლიდან მათი წინამძღოლების, პატრიარქების ჩათვლით. მებრძოლ ,,ვახაბიტ“ ბოევიკებთანაც მქონდა არაერთხელ შეხვედრა და საუბარი, როგორც მწერალს, მკველვარს, ქ. უფაში, რამაც რელიგიის თემაზე კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ასეთმა გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს მიერ აღებული კვლევის კურსის სწორ მიმართულებაში, მისი სრულყოფის აუცილებლობაში. ხშირად ვუქმნიდი საკუთარ თავს პირობებს განმარტოებით, რამდენიმე დღიანი დუმილისთვის და ა.შ.
14 წლის კვლევა-ძიების შემდეგ, როცა მეგონა, რომ ჩიხში ვიყავი, ისე, როგორც ადრეული საუკუნეებიდან დღემდე ამ თემაზე მომუშავე არაერთი ფილოსოფოსი, სწორედ მაშინ, 2003 წელს მოულოდნელად გავაკეთე დასკვნა, რომელიც წიგნშია წარმოდგენილი. შემდეგ ეს თემა დავიწყებას მიეცა. რამდენიმე წლის წინ, სირიაში ტერორისტული სახელმწიფოს ,,იგილის“ წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე მთელ კაცობრიობას ემუქრებოდა, მაშინ 2014 წელს კვლავ გავააქტიურე ეს თემა და სრულვყავი როგორც წიგნი.
თქვენს წინაშეა მცირე ზომის ნაშრომი, რომელსაც თითქმის ორ ათწლეულზე მეტი მოვანდომე, მზად მაქვს საჯარო ლექციების კურსი, რომელიც მოაზროვნე კრიტიკულ მკითხველთან ურთიერთობაში კიდევ უფრო იხვეწება.
მოკლედ რომ ვთქვა, ნაშრომი, თავისი არსით, თეორიულად საძირკველშივე ანადგურებს რელიგიური ფანატიზმის ყოველგვარ საფუძველებს, მასში წარმოდგენილია ათასწლეულების წინ კაცობრიობის ტრადიციულ რელიგიებად დაყოფის პრინციპები, რელიგიური დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზები და მათი თავიდან აშორების კონკრეტული გზები. ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები...
- რამდენად მოულოდნელი იყო ესოდენ დიდი წარმატება, - ნობელის პრემიაზე წარდგინება, ეს ხომ უიშვიათესი ხვედრია და საქართველოდან, შეიძლება ითქვას კავკასიის რეგიონიდან თქვენ გერგოთ?
- არ ვიქნები ამპარტივანი თუ გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის დიდად სასიხარულოა, მაგრამ არა გასაკვირი. ვიცოდი, თუ რაოდენ სერიოზულ პრობლემას ვიკვლევდი რასაც ჩემი საუკეთესო წლები, ასევე მატერიალური მხარე, მხედველობაში მაქვს ბიზნესის განვითარებაზე უარის თქმა და სხვა ბევრი რამე შევწირე. ამ გზაზე ყველგან უფლის ნებას, მფარველობას და წყალობას ვგრძნობდი რამაც დღემდე მომიყვანა, თქვენს წინაშე ამ სტატუსით წარმომდგარიყავი.
2003 წელს როდესაც ქ. უფის ფილოსოფოსთა წინაშე წარვადგინე ნაშრომი (ასპირანტურაში სწავლის დრო) ხელათვე დიდი ინტერესი გამოიწვია. პროფესორმა უზბეკ ახმედზიანოვმა აღნიშნა, რომ ,,რელიგიებთან მიმართებაში წარმოდგენილი აზრი არის ახალი, აღმოჩენა, რომ იგი მომავალში დიდ საერთაშორისო რეზონანს გამოიწვევდა. სრულებით შესაძლებელი იქნებოდა მისი ნობელის პრემიაზე წარდგინება“.... ასე, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელობა არ იყო. ამ აზრს კიდევ ერთხელ ადასტურებდა ის ფაქტი, რომ ნაშრომი წარდგინებისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც არა ერთხელ იქნა შემოწმებული...
ფილოსოფოსი არ უნდა ხარობდეს ძალიან სიხარულის დროს და არც უნდა მწუხარებდეს ძალიან მწუხარების დროს. არამედ ცივი გონებით უნდა აფასებდეს შექმნილ მდგომარეობას. მეც ასე, ცივი გონებით ვაცნობიერებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით თუ მას გამარჯვება მოჰყვება.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ნობელის პრემია გამარჯვების შემთხვევაში?
- ჩემთვის ნობელის პრემიის ჯილდო, უპირველესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი იდეა, რომელიც მშვიდობას ემსახურება, დღემდე მისი უკმარისობის გამო კი, რელიგიურ დაპირისპირებებს საუკუნეების მანძილზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მსოფლიოში გავრცელდება და დამკვიდრდება.
და თუ რამდენიმე ადამიანის აზროვნებასაც კი გაათავისუფლებს რელიგიური ფანაზიტმისაგან, აგრესიულობისაგან სიკეთით შეცვლის, ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ამ თემაზე ფიქრში ტყუილად არ გამიფლანგავს.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კეთილშობილ ადამიანებს, ვინც თუნდაც მცირედითაც თანადგომა გამიწია. ეს არის ქართველი ხალხის ბუნებრივი თვისება, კეთილშობილება, სიკეთე, ქართული ხალხური სიბრძნის ამოუწურავი მარაგი, ვიდრე შური, ბოროტება და გაუტანლობა, რასაც ასევე სამწუხაროდ ჰქონდა ადგილი. მაგრამ კარგი კეთილი უფრო მეტია, რაც ღირსეული მომავლის იმედს გვიტოვებს...
- ამჟამად ახალ ნაშრომზე ხომ არ მუშაობთ?
- ამჟამად, ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე ვმუშაობ ნაშრომზე პირობითი სახელწოდებით: ,,იფიქრე, გადარჩი და გადაარჩინე! ...
,,ვალის მოხდა ძნელია, მოუხდელობა კი უარესი“ - გვასწავლის ხალხური სიბრძნე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ არ დამრჩეს გაუკეთებელი ის, რისი გაკეთებაც ჩემი შესაძლებლობებიდან ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია. თუ როგორ ვიხდით ჩვენს ვალს ამის განსჯა ჩვენს ხალხს უნდა მივანდოთ...
წყარო: http://geotimes.ge
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი