November 22, 2024

იმერეთში "USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" გახსნითი ღონისძიება გაიმართა

იმერეთში "USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის რეგიონულ გახსნით ღონისძიებას 250-მდე პირი დაესწრო. იმერეთის 93 სკოლის, "PH International - საქართველოს" და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების მერიის/საკრებულოს წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი გამოფენის ფარგლებში გაეგოთ გასულ წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International - საქართველო ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას. აღნიშნულ პროგრამას აფინანსებს USAID და მისი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" წარმოადგენს პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა 650 სკოლა და მათი სია დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროგრამაში იმერეთის რეგიონში შერჩეულია 93 სკოლა. პროგრამა 5 წლის განმავლობაში იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

 

პროგრამის შესახებ FirstNews.ge - თან USAD-ის სამოქალაქო განათლების რეგიონული პარტნიორული ქსელის კოორდინატორმა თამარ ფრუიძემ ისაუბრა:

 

"ეს არის USAD-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომლის მიზანია სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში. ამ ეტაპზე 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში 650 საჯარო სკოლაში ვმუშაობთ.

იმერეთის რეგიონში, ყველაზე მასშტაბურად ვართ წარმოდგენილები, სულ 93 სკოლაა და ისინი ისეა გადანაწილებული, რომ მთლიანად ფარავს სრულ რეგიონს. გვყავს როგორც სოფლის, ასევე, ცენტრალური და სხვადასხვა დაბის სკოლები.

ჩვენი პროგრამის ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია არის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია.

ამ პროგრამით ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სკოლაში დემოკრატიული კულტურის გაძლიერება, რომ სკოლა გახდეს უფრო ღია, დემოკრატიული, მოერგოს მოსწავლის საჭიროებებს, მოხდეს მჭიდრო თანამშრომლობა მოსწავლესა და სკოლის ადმინისტრაციას შორის, რომ სკოლა მოსწავლეთათვის უფრო სასურველ გარემოდ იქცეს.

მოხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება იმისათვის, რომ სამოქალაქო განათლება უფრო საინტერესო იყოს. ჩვენს ბენეფიციარებს, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას შევთავაზებთ.

მსურს, რომ გარდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა, ადგილობრივ ბიზნესსა და მოსწავლეებს შორის მჭიდრო კავშირი შედგეს,"- განაცხადა თამარ ფრუიძემ.

 

309438019 995545534643050 8231862983968717917 n5555

ღონისძიება ჩვენთან საუბარში ჭიათურის მე- 5 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინე პაპიძემ შეაფასა:

 

„არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო. თუ რამით შემიძლია ჩემი 12 წლიანი მოღვაწეობით ამ სკოლაში „ვიტრაბახო“, ეს არის ჩემი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი და მასწავლებლები. მის ამ დონემდე ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი სწორედ, სამოქალაქო განათლების კლუბმა და USED GEORGIA-ს ერთობლივმა პროექტმა ითამაშა.

დიდი სიხარული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ მე ვიყავი რაიონიდან ერთ-ერთი იმ ცხრა სკოლიდან, რომლებიც ამ პროექტის ორგანიზატორების მიერ იქნა არჩეული.

გვაქვს ძალიან დიდი მზაობა და სურვილი. გვყავს ძალიან კარგი სამოქალაქო კლუბი და უკვე კარგად მომზადებული ბავშვები. ძალიან გვინდა ეს ესტაფეტა ღირსეულად გაგრძელდეს, რათა ვისწავლოთ უფრო მეტი და გავზარდოთ ისეთი მოქალაქეები, რომელთაც ექნებათ ყველა საჭირო უნარი სამოქალაქო საზოგადოებაში, არა მარტო ინტეგრაციისთვის არამედ, ამ საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,“ - განაცხადა ირინე პაპიძემ.

წაკითხვა 438 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.