ქუთაისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

დღეს ქუთაისში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ იყო. აღნიშნული ღონისძიებას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის სოლიდარობის ცენტრი უწევდა.

კონფერენციის თემა - გენდერული საკითხები და ქალთა შრომითი უფლებები იყო.

 

კონფერენციას მოდერატორობას რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ დამფუძნებელი მარიკა ვაჭარაძე უწევდა. საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართ მონაწილეებს და იმ საკითხებზე დასვა აქცენტები, რომელიც ქალთა შრომით უფლებებს უკავშირდება. ხაზი გაესვა სახელფასო მინიმუმს და თანაბარ შრომის ანაზღაურებას. თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა იმერეთში ნათია ბაღდავაძემ და სახალხო დამცველის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა თამთა ჩეჩელაშვილმა.

 

კონფერენციაზე ქუთაისის გენდერული საბჭოს საქმიანობაზე და ქალთა შრომით უფლებებზე გენდერის საბჭოს თავმჯდომარემ მაგდა კოსტავამ ისაუბრა. მან აქცენტები დასვა დეკრეტულ შვებულებაზე, შრომით ხელშეკრულებაზე და ზეგანაკვეთურ შრომაზე. ქუთაისის გენდერის საბჭოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო გოლეთიანმა.

 

კონფერენციის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-თან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა:

 

"დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა ქალათა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად შევარჩიეთ ქუთაისი და ზოგადად იმერეთის რეგიონი. ღონისძიებაზე ყველა მუნიციპალიტეტიდან გვყავდა წარმომადგენლები. საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ძირითადად ოჯახში ხდება და სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკა მოწმობს იმას, რომ შრომითი გარემოსთვის ასევე მახასიათებელია ძალადობა, შევიწროება, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ფორმებით გამოიხატოს. ასევე, გვაქვს ძალადობის შორს წასული ფორმებიც, მათ შორის ფიზიკური ძალადობა სამუშაო ადგილებზე.

 

ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას ან, რაც განაპირობებს ძალადობას, მათ შორის ეკონომიკურ ძალადობას. ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ადგილი აქვს სამუშაო გარემოსა და ზოგადად ქვეყანაში, პირველ რიგში და უპირატესად ზარალდებიან ქალები და ხშირად, შედეგობრივად იწვევს იმას, რომ ისინი კარგავენ სამსახურს, კარგავენ შემოსავალს.

 

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ოფიციალურ კვლევებსა და მონაცემებზე, რომელიც საქართველოში გვაქვს. სამომავლოდ ვგეგმავთ, ერთობლივი ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ გავაუმჯობესოთ გარემო რეგიონის დონეზე. ვფიქრობ, რომ იმერეთის რეგიონს ამის არაერთი რესურსი აქვს. აქ არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური მედია და ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.


ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია კანონი იცავდეს ადამიანებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი ძალადობის შემთხვევების პრევენცია, შევიწროების პრევენცია. ამის საუკეთესო გზა სწორედ ცნობიერების ამაღლებაა. მაღალი ცნობიერება დამსაქმებლების, დასაქმებულების და ზოგადად საზოგადოების,  მოგვცემს იმას, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ასეთი შემთხვევები. იმერეთში, როცა ვსაუბრობთ შრომითი უფლებების დარღვევებზე ვერ ვიტყვით, რომ გამორჩეული მდგომარეობაა. ჩვენს გარდა სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც უკვე რეგიონულ კონტექსტში წარმოადგენენ სურათს. ადამიანებს კონტრაქტები არ აქვთ, მათი უკანონო გათავისუფლება ხდება. ჩვენ უამრავი შემთხვევა და სასამართლო დავებიც გვაქვს იმერეთის რეგიონში, მათ შორის სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით.

 

ანაზღაურების კუთხითაც თუ შევადარებთ დედაქალაქს, რეგიონულ ჭრილში საგანგაშო სურათი გვაქვს და ასევე დაბალი ანაზღაურებები, მათ შორის სახელმწიფო სექტორშიც. იგივე ავიღოთ მერიები, მუნიციპალიტეტები და შევადაროთ იგივე პოზიციები მაგალითად, დიდ ქალაქებში. ჩვენ ვნახავთ, რომ გაცილებით დაბალია ანაზღაურებები, არაფერს ვსაუბრობ მაგალითად აიპებზე, განსაკუთრებით კულტურისა და საგანმანათლებლო აიპებზე, სადაც რეალურად სამნიშნულიანზე დაბალი ხელფასებია და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა აქ.

 

ძალიან საინტერესო რეგიონია, რადგან ეს არის ინდუსტრიული რეგიონი, ძირითადი მაღაროები და შახტები ამ რეგიონშია განლაგებული. ერთ-ერთი მძიმე სურათი სწორედ ამ რეგიონშია. მიგრაციის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბითაც მაღალია, მაგრამ რეგიონულ ჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ  მაღალია გადინება იმერეთის რეგიონიდან. სწორედ ძირითადი მიზეზი არის სოციალური ყოფა, დაბალი ხელფასები და უმუშევრობა. შესაბამისად ეს გვაძლევს მეტ სტიმულს და მოტივაციას იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ რეგიონში, ვიდრე თუნდაც აქამდე,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში რაისა ლიპარტელიანმა.

 

პრეზენტაციების და მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია მიმდინარეობს.

წაკითხვა 480 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.