ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმი დამთვალიერებელს სულ მალე კვლავ უმასპინძლებს

ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.

დღეს, 13:00 საათზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ახალ მუზეუმს მოინახულებენ.


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.


ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.


მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.


ვანის ახალ მუზეუმში მუდმივ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილი იქნება ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II- I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.


განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.


განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

 

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა:  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

არქიტექტურული პროექტი: გერმანულმა საპროექტო კომპანია „Ellis Williams Architects” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

წაკითხვა 540 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.