,,სალომე ზურაბიშვილი არის სიყვარული, სიკეთე და სილამაზე''-პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერი კონცერტი ქუთაისში

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ბესო კალანდაძემ, ნუგზარ კვაშალმა, ვახტანგ ტატიშვილმა და სხვა მომღერლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საღამოს მსახიობი ბესო ბერულაშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის კეთილდღეობის გარანტია.

 

,,ხელოვანებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი სალომე ზურაბიშვილს, რათა საპრეზიდენტო  არჩევნებში მის გამარჯვებასთან ერთად ქვეყანაში სიძულვილის ენა დასრულდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ამის გარანტი იქნება. მე პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ როდესაც ვხედავ რა არის ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი, იმ გზას ვირჩევ, ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ აქ ვიყო“-აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.

მომღერალ ნუგზარ კვაშალის თქმით, დღევანდელი კონცერტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ქვეყნის მომავალს ეხება.

,,სულ მალე საქართველოს ბედი გადაწყდება. როგორი იქნება ჩვენი მომავალი ეს ხალხზეა დამოკიდებული. ხალხზე, რომელსაც ძალიან უჭირს; რომელიც დაიღალა ამდენი ჩხუბით, ამდენი ლანძღვა-გინებით, ეს ლანძღვა ისმის ტელევიზიიდან, რადიოდან, სოციალური ქსელიდან. დღეს ქუთაისში დავრწმუნდით რომ ასეა. ჩვენ დიდი სიყვარულით მოვდივართ. ქალბატონი სალომე უსაყვარლესი ადამიანია, მე მას ვიცნობ. ხომ იცით ფრაზა ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის სიმღერიდან: ,,მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე“. ჩვენც ამ კონცერტით სიყვარულს, სიკეთეს და სილამაზეს ვემსახურებით. ეს სამივე არის ქალბატონი სალომე. არ მინდა ძველი რეჟიმი დაბრუნდეს, უნდა იყოს ახალი და ეს ახალი უკეთესობის მომტანი იქნება“-აღნიშნა ნუგზარ კვაშალმა.

ქუთაისის მოსახლეობა კონცერტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ისინი უკეთეს მომავალს ელიან.

,,უკეთესობის იმედი მაქვს. კონცერტი ძალიან მომეწონა. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქალ პრეზიდენტობის კანდიდატს, სოლიდარობას ვუცხადებ’’-აღნიშნავს ქუთაისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

წაკითხვა 1294 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.