გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან

გორში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტების ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარკის ტერიტორიის მონიშული მონაკვეთი, ზედაპირული სპეციალური სკანერით უკვე დაათვალიერეს. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის დედის, ხათუნა რაზმაძის განცხადებით, სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.
„დამატებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით ის, რომ სენსორული სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა-დამუშავებას დაახლოებით ორი დღე დასჭირდებოდა. შესაბამისად, სავარაუდოდ, დღეს უნდა იყოს გარკვეული შედეგი. მონიშნული ტერიტორიიდან უკვე აიღეს ის პატარა სამფეროვანი დროშები, რომლებიც ოპერატიულ სამძებრო ღონიძიებების დაწყებისას განათავსეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიციის ერთ-ერთი ოპერატიული ყვითელი ლენტი დაემატა ამ ადგილზე. იმედია, რაიმე შედეგი იქნება. 14 წელიწადია ამ საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან“, - ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.
არსებული ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ადგილს ეძებენ. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.
11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის პირველ  ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.
interpressnews.ge
წაკითხვა 951 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.