"ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის, ვმადლობდეთ მას, რომ შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან"
ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. ვმადლობდეთ მას, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას თავისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს გახლავთ დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იერუსალიმში. როგორც სახარებაშია აღნიშნული, მთელი ქალაქი შეიძრა ამ მოვლენისგან, მთელი ქალაქი მიისწრაფვოდა უფალ იესო ქრისტესთან შესახვედრად, მიმართავდნენ მას სახოტბო შეძახილით, ოსანა მაღალთა შინა. როგორც ხელმწიფეს, ისე ხვდებოდნენ მას, რაღაც საოცარი გამონათება იყო მთელ იერუსალიმში, თითქოს ყველამ სცნო იგი, როგორც მეუფე, როგორც მესია, როგორც სასწაულმოქმედი.
შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ასეთი გამონათებები, გამონათებები, როდესაც ადამიანისთვის ცხადი ხდება ღმერთის არსებობა, ცხადი ხდება, რომ იესო ქრისტე არის მესია, რომ მისი სახარება არის ჭეშმარიტება. სულ რამდენიმე დღეში კი იგივე ხალხი მოითხოვს იესო ქრისტეს ჯვარცმას და სიკვდილით დასჯას. სამწუხაროდ, ჩვენ გვაფიქრებს ეს მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში ჩვენს ცვალებადობაზე, ჩვენს თავშიც შეგვიმჩნევია ეს. ადამიანები თავიანთი ცოდვებით, თავიანთი ვნებებით კვლავ ითხოვენ ქრისტეს ჯვარცმას და დასჯას.
რა თქმა უნდა, უფალმა იესო ქრისტემ ეს იცოდა და ამიტომაც არის, რომ როდესაც იგი უახლოვდება იერუსალიმს, ის ტირის. მტირალი შედის მეფე ისრაელისა იერუსალიმში, ის გლოვობს, ის მწუხარეა, ვინაიდან მან წინასწარ უწყის, რა ელოდება იერუსალიმს მისი უარყოფისთვის. მიუხედვად ამისა, უფალი იესო ქრისტე ვერ დატოვებდა თავის რჩეულ ერს, რომელთა მცირე ნაწილმა იმჟამად მიიღო იესო ქრისტე, რომელიც გახდა შემდგომში ქრისტიანეთა მოდგმის ფუძემდებელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ყიველთვის გვახსოვდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისეტს სიტყვები – „დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას“.
უფალი ჩვენც მოგვხედავს სხვადასხვა გზით, ეს შეიძლება, იყოს დიდი სიხარული, ან პირიქით, მწუხარება, დიდი წარმატება ან წარუმატებლიბა და ა.შ. ამ ფორმით ვიხილავთ ჩვენ უფალს და თუ ჩვენ მას უარს ვეტყვით, თუ ჩვენ უგულვებელვყობთ, მაშინ იტირებს ჩვენი მფარველი ანგელოზი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ყოველთვის მადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. უნდა ვმადლობდეთ იმისთვის, რომ ის შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას მისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი