"ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირას, სოფელ ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის კურთხევის დღეს ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, რატომ უშვებს უფალი, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? – „ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის“ და ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევის დღეს.
დღეს ტაძარი იკურთხა კვირა დღეს, ამიტომ მოკლედ მინდა, მოგახსენოთ დღეს წაკითხული სახარების შესახებ. იყო მოთხრობილი ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად მიდის ღადარინელთა ქვეყანაში, სადაც იყო ბოროტი სულებით შეპყრობილი, ძალიან მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელსაც ჯაჭვებით აბამდნენ, მაგრამ იგი ამ ჯაჭვებს წყვეტდა და შიშის ზარს სცემდა მთელ იქაურ მოსახლეობას. უფალმა განდევნა ეშმაკები მისი სულიდან, განკურნა იგი. შემდეგ ეშმაკებმა სთხოვეს, ნება დაერთო მათთვის იქვე ახლოს მყოფ ღორების კოლტში შესვლისა. მართლაც, უფალმა დართო ნება და ღორების კოლტი კლდიდან ზღვაში გადაეშვა. აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული სახარებიდან.
რას ვხედავთ ამ მონაკვეთიდან? - პირველ რიგში, ვრწმუნდებით, რომ ბოროტი სულები არსებობენ და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ, დაღუპონ კიდეც არა მარტო ადამიანი, არამედ პირუტყვებიც, ცხოველებიც; მაგრამ ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულიც არის, რომ ბოროტ სულებს შეეწინააღმდეგოს. რატომ? - იმიტომ, რომ უფალმა იესო ქრისტემ დაამარცხა ეშმაკის ძალა და დათრგუნა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული: ამიტომ მოვიდა, მოგვევლინა ძე ღმერთი, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.
კიდევ რას ვხედავთ ამ სახარებიდან? - ბოროტ სულებს არ აქვთ ძალაუფლება, შევიდნენ არა მხოლოდ ადამიანში, არამედ პირუტყვებშიც კი, ღმერთის დაშვებისა და ნებართვის გარეშე.
რატომ უშვებს უფალი ამას, რომ ეშმაკი შემოვიდეს ადამიანში, ტანჯოს იგი? - ეს ხდება ჩვენი ცოდვებისთვის. ღმერთი უშვებს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოვიდეს, დამდაბლდეს, შეინანოს და ამ გზით სული გადაირჩინოს. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, უშვებს იმიტომ, რომ შეარცხვინოს ეშმაკი. ეს კარგად ჩანს მართალი იობის ცხოვრებიდან, რომელმაც ათასგვარი უბედურება დაითმინა, გადაიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკის სირცხვილს, დამარცხებას, მართალი კაცის კიდევ უფრო მეტ სიწმინდეს, გაძლიერებას და ღმერთის განდიდებას.
ამგვარად, როდესაც მოდის ეს საცდური, შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვავლინოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენი სიქველე. ყოველი საცდური, ეს იქნება გონებით, ჩვენს აზრებსა თუ გრძნობებში, ეშმაკის ჩაგონებით მოდის და როდესაც დავძლევთ ამ საცდურებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამით ვარცხვენთ ეშმაკებს, მათ ყოველთვის დაუცხრომლად უნდა ვებრძოლოთ.
რა არის ჩვენი იარაღები ამისთვის? - რწმენა, მოთმინება, სიმდაბლე, მარხვა, ლოცვა, პირჯვრის გადასახვა, ღვთივსათნო ცხოვრება. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათესავი ბოროტი სულების განიდევნება მხოლოდ და მხოლოდ რით? - მარხვითა და ლოცვით (მათე, 17, 21).
მაშასადამე, ეს საშუალებები და იარაღები გადმოგვეცა თვით უფლისგან, მოციქულებისგან და ვინც მოისურვებს, გამოიყენოს ეს საშუალებები და იარაღები, ის ყოველთვის იქნება გამარჯვებული.
როგორ, რა ვნებების საშუალებით შედის ეშმაკი ადამიანში? - შედის მემთვრალეობის საშუალებით, ნარკომანიის, ამპარტავნების, გაღიზიანების, მრისხანების. არსებობს კიდევ ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკიც; ადამიანებს აცდუნებს ასევე ბოროტი ძალა ხორციელი ვნებების მეშვეობით. ეს სიძვის ეშმაკი ყველაზე მეტად ყველაზე ბევრ ადამიანს ღუპავს. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ ძალიან იშვიათად, ან ჯეროვანი ყურადღების გარეშე; ისევ და ისევ ვცოდავთ. უფალმა იესო ქრისტემ რა გვითხრა ჩვენ? - არაწმინდა სული როდესაც გადის ადამიანიდან ნათლობის, სინანულის, ზიარების მეშვეობით, ის შემდეგ ცდილობს დაბრუნებას ადამიანში. როდესაც ხედავს მის სულს ცარიელს, ე. ი. სულიერი ღვაწლისგან დაცარიელებულს, უქმად მყოფს, ულოცველს, უმარხველს, ის შემოდის ადამიანში, თან მოჰყავს მასზე უფრო ბოროტი შვიდი სული და როგორც ამბობს უფალი, ეს უკანასკნელი ამ კაცისთვის იქნება ბევრად უარესი, ვიდრე პირველი მდგომარეობა (ლკ. 11, 24-26).
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავფიქრდეთ სახარების ამ მონაკვეთზე და გვახსოვდეს: თუ ვინმეს გაუჩნდება აზრი, რომ მას არ სჭირდება ლოცვების წარმოთქმა და აზრი, რომ მას არ სჭირდება სინანული, რომ არ სცოდავს, ეს აზრები ბოროტისგან არის, ეს არ არის ღვთისგან; არამედ უფრო გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ, როგორც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. ამინ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გოგი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევას, ძალიან საზეიმო დღე არის დღეს. განსაკუთრებით მინდა, ბატონო გოგი, თქვენ და თქვენი ოჯახი დაგლოცოთ; მადლობა გითხრათ ამ ღვაწლისთვის და თქვენთან ერთად ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში; ღმერთმა შეგიწიროთ, წმინდა დიდმოწამე ბარბარე შეეწიოს თქვენს ოჯახებს, თქვენს საქმიანობას. მინდა, დავლოცო ეს შესანიშნავი სოფელი ისულა, მისი მოსახლეობა, მთელი ჩვენი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და ვისურვო, რომ ამ წმინდა ტაძარში მრავალმა ადამიანმა გაიხაროს სულიერად და გადარჩეს”, - განაცხადა მეუფე შიომ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
