"როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა"
როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა, - ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის შანტაჟს ჰქონდა ადგილი.
„მეუფე პეტრემ თქვა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე გავაკეთო, მაშინ არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება თუ რაღაც თავისი წინადადება ჰქონდა. მაგრამ, როდესაც უწმინდესმა უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, მას არ გაუცია პასუხი. ეს იყო მისი მხრიდან შანტაჟი. როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. მე მაგ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რას იძახდა. რაღაც წერილით აშანტაჟებდა. მისი პოზიცია იყო, რომ მამალაძე არის როგორც გმირი და არაფერშია დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის, ეს ყველაფერი არის სიცრუე და ამის საპირწონედ მეუფე პეტრეს უნდოდა ეთქვა - თუ ვინმე რამეს მეტყვის, მე წერილს გამოვაქვეყნებ. რაც შეეხება იმას, თუ რა წერია წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ გააგზავნა წერილი, თუმცა არ ვიცით რა შინაარსის,“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეუფე პეტრეს, მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მას „ხიბლში ყოფნის მდგომარეობა“ აქვს, საკუთარი თავი მართალი გონია და არავის უსმენს.
„საქმე ისაა, რომ ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა, სწორედ ხიბლში ყოფნის მდგომარეობაა მეუფე პეტრეს დიაგნოზი. მთელმა სინოდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება არ გამოგვეცხადებინა. მან არ დაგვიტოვა შანსი, თუმცა არა იმიტომ, რომ რამე ისეთი სკანდალური თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"