"პატრიარქის მამას სიზმრად გამოცხადება ჰქონია, რომ მისი ვაჟი ან ძმისშვილი საქართველოს პატრიარქი გახდებოდა"
ცოტა ხნის წინ, ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა ინტერვიუ რეჟისორ გიორგი შალუტაშვილთან, რომელმაც სცენარისტ თამარ ბართაიასა და ოპერატორ დავით ჩიხლაძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი - "სტუმრად პატრიარქთან", რომელიც წლების წინ შემოქმედებითმა ჯგუფმა მის უწმინდესობას მიუძღვნა -
- ჩემს 26-წუთიან ფილმში შეგიძლიათ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მოძებნოთ... ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც რეჟისორს, საშუალება მომეცა, მის უწმინდესობასთან დაკავშირებული ჩემი ადამიანური და მოქალაქეობრივი პოზიცია დოკუმენტური ფილმით - "სტუმრად პატრიარქთან" გამომეხატა. ეს ფილმი ასწლეულებს დარჩება, რადგან პატრიარქი საკუთარ თავზე ასე არსად ლაპარაკობს. ჩემი მისდამი დამოკიდებულება ყველაზე მძაფრად იმ პატარა, სამწუთიან მონაკვეთში ჩანს, სადაც უბრალოდ ჩამოთვლილია პატრიარქის დამსახურება ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე და ერთსაც დავამატებ - ფილმის გადაღებისას იქ იმყოფებოდა ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც იმხანად ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი გახლდათ. ბედნიერი კაცი ვიყავი, როდესაც მეუფე პეტრე უდიდესი სიყვარულით, უდიდესი პატივისცემითა და ნამდვილად ქრისტესმიერი მამაშვილობის გრძნობით ლაპარაკობდა უწმინდესზე. მაშინ იქ ყველაფერი სიყვარულით ფეთქავდა და ცოცხლობდა.
უდიდესი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ფილმი ვერც დასრულდებოდა, იმდენი პრობლემა შეიქმნა - 3 წელი ვამონტაჟებდით, ეგეთი რამ არასდროს შემმთხვევია: ფილმი უკვე დამონტაჟებული გვქონდა, აჩიკო ახვლედიანის სტუდია რომ დაიწვა და ყველაფერი განადგურდა; მერე სხვა სტუდიაში დავამონტაჟეთ თავიდან და ვინჩესტერი დაიწვა - ყველაფერი წაიშალა; მესამედ, როგორც იქნა, ბოლომდე მივიყვანეთ, არადა, რთული სამონტაჟო სულაც არ იყო. 2008 წელს ამ ფილმმა ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ერს ღირსეული პიროვნების მოვლინებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად თაობების გამოცვლა სჭირდება. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრების პიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ეს ღვთის ნება გახლდათ და ამაში ბევრი რამ გვარწმუნებს.
- ხომ სწორად მახსოვს, რომ ფილმში უწმინდესიც ამბობს: რომ არა ეს ამბავი, მე ამქვეყნად ვერ გავჩნდებოდი, რადგან მამას მოკლავდნენო?
- ასე არის და ამიტომ ვამბობ, შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრმა არ იცის, რომ პატრიარქის მამას - გიორგის სიზმრად გამოცხადება ჰქონია, რომ მისი ვაჟი - ირაკლი (ასე ერქვა ერისკაცობაში ილია მეორეს) ან ძმისშვილი - რაფიელი საქართველოს პატრიარქი გახდებოდა. გიორგის გამოცხადების ამბავი ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ ფურცელზე დაუწერია, ბოთლში ჩაუდვია და იქვე, ერთ-ერთი მშენებარე სახლის საძირკველში ჩაუტანებია. ხმამაღლა კი უთქვამს: როცა რომელიმე - რაფიელი ან ირაკლი საქართველოს პატრიარქი გახდება, იქ ჩადებული ჩემი წერილი მაშინ წაიკითხეთო. ჩვენ წერილი არ გვინახავს, მაგრამ უწმინდესმა ეს ამბავი დაადასტურა. ალბათ, ეს წინასწარმეტყველება ჯერ სრულად არ გამჟღავნებულა, რადგან ამქვეყნად ბევრი რამ არის იდუმალებით მოცული. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ უფლის ძალასა და მისი ნების აღსრულების გარდაუვალობაში ვინმეს ეჭვი შეეპაროს. ალბათ უწმინდესის ნებაც იყო, ამგვარი სახით წარმოჩენილიყო თავისი ერის წინაშე.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში