რა განხორციელებული რეფორმები და თანამედროვე გამოწვევები აქვს საქართველოს პრობაციის სისტემას?
დღე დღეს ემატება, წლები წლებს... იცვლება გარემო, სამყარო, ადამიანი, მსოფლიო, პოლიტიკა, ეკონომიკა... სახეს იცვლიან ქვეყნები.
XXI საუკუნეში ფეხადგმულმა გლობალიზაციამ სხვადასხვა გავლენა იქონია ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ერთმანეთის გვერდში დგომამ, მხარდაჭერამ და ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანებამ პრიორიტეტულად წინ წამოიწია. ფეხი აუწყო თანამედროვეობასა და მის გამოწვევებს, მარტივი არ არის. თუმცა ჩვენმა ქვეყანამ ეს შეძლო.
ევროკავშირი, საქართველო და პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმები
ბევრი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ, 2014 წლის 27ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა. ბუნებრივია ის ძალაში ხელმოწერისთანავე ვერ შევიდოდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. უამრავი კანონის შეცვლა და რეფორმებზე მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის გაგრძელება, კერძოდ მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სასამართლოს სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევისაგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება.
ამავე მუხლში მოკლევადიან პრიორიტეტად დასახული იყო - პენიტენციალურ და პრობაციის სისტემებში და მათ გარეთ, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიდგომათა იმპლემენტაცია დანაშაულის ხელახლა ჩადენის პრევენციის მიზნით და საჯარო წესრიგსა და უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას შორის ჯეროვანი ბალანსის შენარჩუნება.
პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმები, რა თქმა უნდა, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციის სისტემის სრული რეფორმირება წარმოადგენს. ასევე რეფორმის მიზანია პრობაციის სისტემის გაძლიერება არასაპატიმრო სასჯელების ინტენსიური და ეფექტური გამოყენების, პრობაციონერების რესოციალიზაცისა და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენცია - დადებითი და უარყოფითი მხარეები
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები სწორედაც, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. სააგენტოს წარმოამდგენლებთან ერთად, პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ეკლესია. მათთან თანამშრომლობის გზით მუშავდება პრობაციის სისტემის განვითარების სტრატეგია.
როგორც ვიცით, სასჯელის უმთავრესი მიზანი დამნაშავის დასჯა და მისი სრულად იზოლაცია არ არის. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს დამნაშავის რესოციალიზაცია და ხელი შევუწოს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.
ევროსაბჭოს სტანდარტები პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციაზე. ასევე, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაც გვეუბნება, რომ სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დამნაშავის რესოციალიზაცია, რა თქმა უნდა, სხვა მიზნებთან ერთად.
ისიც კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დამნაშავის რესოციალიზაციით და მისი ინტეგრაციის ხელშეწყობით, ისევ საზოგადოება რჩება მოგებული. ეს პროცესი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციურ სისტემაში.
საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეფორმები მხოლოდ ფურცელზე ლამაზად დაწერილი წინადადებებია. სინამდვილეში კი არავინ იცის (ძალიან ცოტამ) რა ხდება შიდა სამზარეულოში და რა გამოწვევების წინაშეა სისტემა. ხშირად ამბობენ რომ ციხეში არსებული სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მსჯავრდებულებს არ აქვთ კარგი კვება და სამედიცინო მომსახურება. ხშირად ხდება მათზე ძალადობრივი ზეწოლა. რატომღაც სისტემასაც და სახელმწიფოსაც ავიწყდება, რომ ციხიდან ადამიანი ცოტა უკეთესი მაინც უნდა დაბრუნდეს, ვიდრე იქ შესვლამდე იყო. ის ხომ გისოსებიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას უბრუნდება, სადაც, რატომღაც ისევ თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება და უკეთესობისკენ ისწრაფვოს.
„ბევრჯერ მქონია საუბარი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ქართულ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გულახდილად, რომ ვთქვა იშვიათად მინახავს ადამიანები, ვისაც კარგად ესმის თუ რა პროცესები მიმდინარეობს სისტემის შიგნით და რა გამოწვევების წინაშე დგას სისტემა. ხშირ შემთხვევაში, ეს არ ესმით მათ შორის იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ეს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ევალებათ. 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის 6 წელი მენეჯერულ პოზიციაზე და მხოლოდ 1 წელი უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში. უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ციხეში მუშაობით, ღამეების იქ გათენებით, შევძელი იმის რეალურად გააზრება, რა გამოწვევები იჩენს თავს ციხის მართვის პროცესში,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის,“- ხელმძღვანელი ტატო ქელბაქიანი.
მისი თქმით, პატიმართა რეაბილიტაციის ეფექტურად ორგანიზებისთვის, პენიტენციური სისტემის წინაშე დგას სხვადასხვა სახის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, პერსონალის სიმცირესთან და დაბალ კვალიფიკაციასთან, ასევე სერვისების სიმცირესთან.
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - რაშია გამოსავალი?
ფიქრი, იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ამ საკითხის ირგვლივ- გამართლებულია. რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად კი არაჩვეულებრივი გამოსავალია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
ერთ-ერთი კარგი მაგალითია ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლა.
ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პრობაციისა და პენიტენციურ სფეროებში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის. აღნიშნულ ქვეყანაში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, რომ კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები.
ამსტერდამში არსებული არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების ნიდერლანდური მოდელი საქართველოსათვის განსაკუთრებით საინტერესოა. რადგან ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.
პენიტენციურ სისტემაში არსებული რეფორმებისა და პრობლებემის გამჭვირვალობა - მედია გაშუქების ნაკლებობა
საქართველოში არსებული სახვადასხვა პრობლემების მიუხედავად პრობაციის სფეროში ბევრი დადებითი რეფორმა მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. თუმცა პრობაციის სფროში მაინც რჩება რიგი პრობლემები, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს და უარყოფითად აისახება სისტემის მუშაობაზე. არსებულ პრობლემებზე ხშირად საუბრობს მედია, მათ შორის ამ სფეროში ისევ და ისვ ჯანდაცვის უკეთესი სისტემის საჭიროებაზე, პენიტენციური დაწესებულებების მოუწესრიგებლობაზე, ციხეში ძალადობრივ წესრიგზე და სხვა.
მედიასთან სწორი კომუნიკაცია ყოველთვის ხელშემწყობია ამა თუ იმ რეფორმის განხორციელების დროს. საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვასა და მოსაზრებას სწორი, ნათელი და არგუმეტირებული პასუხები სჭირდება. სწორედ ამიტომაც ინფორმაციის ნაკლებობა ბევრ ეჭვს ბადებს სხვადასხვა პრობლემებზე. გასაგები ენითა და საშუალებებით მიწოდებული ინფორმაცია და თან, სწორი წყაროს მეშვეობით, კარგად უმკლავდება და ფარავს ბევრ კულუარულ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ასეთი გამჭვირვალობა/ღიაობა უკეთესად აისახება საზოგადოების ნდობაზეც, რომელიც დამყარებულია მათივე კეთილდღეობაზე.
ჩვენ, ჟურნალისტები, ყოველთვის მივესალმებით სხვადასხვა სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. ვცდილობთ საზოგადოებას დავანახოთ მედლის (რეფორმის) ორი მხარე - დადებითიცა და უარყოფითიც. ამისათვის კი კარგი კომუნიკაცია უნდა შედგეს მედიასა და სისტემას შორის - ეს იქნება ვორქშოპები, ტრენინგები ახალ რეფორმებზე, სემინარები და სხვა. ეს გვეხმარება საზოგადოების ყურამდე, გასაგები ენით, მივიტანოთ არსებული რეალობა და გამოწვევები. მედია ხომ შუამავალია.
ბლოგის ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო