ვართ თუ არა ახლა ენეგეტიკულად დამოუკიდებლები?

რუსეთი, ახლო წარსულში, ჩვენთან და სომხეთთან დამაკავშირებელ, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენს აფეთქებდა ( საკუთარ ტერიტორიაზე) და მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ანძებს- ჩვენს ტერიტორიაზე, რომ გავეყინეთ და ეკონომიკა ფეხზე ვერ წამომდგარიყო. ახლა არ აფეთქებს. როგორ ფიქრობთ, რატომ? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"2006 წელს, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, რუსეთმა სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი ჩრდილოეთ ოსეთში ააფეთქა და ეს არარსებულ ტერორისტებს მიაწერა. მახსოვს, უქმე დღე იყო და სასწრაფოდ მოგვიწია ეროვნული ბანკის თანამშრომლების სამსახურში გამოძახება, რადგან ფული უნდა გადაგვერიცხა მცირეოდენი მოცულობის გაზის აზერბაიჯანიდან შემოსატანად. ტექნიკურად ეს თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ გამოვიდა. იმავე დღეებში დიდი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ბოძებიც ააფეთქეს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩაბნელდა და გაიყინა ქვეყანა.

 

მაშინ რუსეთი სომხეთს და საქართველოს დაჰპირდა გაზსადენის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას. ლამაზად ინიღბავდა თავს- თუ საქართველოს წინააღმდეგ მას შეიძლება ასეთი დივერსია განეხორციელებინა, მოკავშირე სომხეთს ხომ არ გაყინავდა ზამთარში? სინამდვილეში, სომხეთს მიწისქვეშა გაზსაცვი ჰქონდა, საქართველოს არა. სომხეთს ორი თვის განმავლობაში შეეძლო მოეხმარა საკუთარი მარაგები. აქედან გამომდინარე, ველოდით, რომ ორი თვის განმავლობაში რუსეთი გაზს არ გაუშვებდა ამ მილსადენში, სანამ სომხეთს მარაგები ეყოფოდა. ასეც მოხდა.

 

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, როგორმე მცირეოდენი გაზი მაინც შემოგვეტანა, რომ ისეთი ობიექტები მოგვემარაგებინა, რომელთა გაჩერება არ შეიძლება (მათ შორის ტექნოლოგიური მოსაზრებით). ეს მოხერხდა აზერბაიჯანიდან, ძველი, დახვრეტილი, საბჭოთა დროინდელი მილსადენის მეშვეობით, რომელიც მრავალი წელი იყო გაჩერებული.

 

ახლა პასუხი იმაზე, თუ რატომ შეწყვიტა რუსეთმა მილსადენის აფეთქება (რაც არაერთხელ მომხდარა). იმიტომ, რომ არაფერში გვჭირდება რუსული გაზი, მთლიანად ვმარაგდებით აზერბაიჯანიდან.

 

რატომ არ აფეთქებენ დენის ანძებს? გაგვიჩნდა საკუთარი ელექტროენერგია. ავაშენეთ და გავარემონტეთ ჰესები, ლეგენდარული “მეცხრე ბლოკის” მიმდებარედ ავაშენეთ ორი თბოსადგური, მესამეც შენდება ახლა, დამატებითი ელექტროენერგია გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებს-თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, რამაც მისი იმპორტის შესაძლებლობები გაზარდა კრიტიკულ შემთხვევებში.

 

ვართ თუ არა ახლა ენეგეტიკულად დამოუკიდებელი? არა! პირდაპირ დამოკიდებული ვართ რუსეთზე და ვიქნებით მანამ, სანამ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, როგორც საბაზისო, მარეგულირებელ სადგურს, არ ჩაანაცვლებს სხვა, თანაც არა ერთი და ორი. ერთი რუსი სამხედროს ხელის დაჭერა კმარა ღილაკზე, გალში, სოფელ საბერიოში, გალის ზღვად წოდებულ მართლაც დიდ წყალსაცავთან და მთელი საქართველო ჩაბნელდება. ახლა არ უღირთ რუსებს ამის გაკეთება. იქით უნდა იწვალონ აფხაზეთის და იქ განლაგებული სამხედრო ბაზების ფიზიკურად და ფინანსურად მოსამარაგებლად, თანაც იციან, რომ რაღაც გამოსავალს ვიპოვით, ძვირს, მაგრამ შესაძლებელს, თანაც ფორსირებულად დავაჩქარებთ ალტერნატივების შექმნას, რომელსაც ასე ებრძოდა და ებრძვის დღესაც.

 

შევარდნაძის ორჯერ აფეთქებაც გავიხსენოთ, რადგან ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ.

 

დღეს უკვე ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული გაზი სამხრეთ ევროპაში შედის. შესაძლოა მცირე სიდიდის გაზსადენიც აშენდეს, არა მხოლოდ რისკების დასაზღვევად, არამედ სეზონურად ჭარბი მარაგების წარმოქმნისას (დადგება ეს დროც, იზრდება ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობა).

 

ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან იწყება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოება. რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზერუმი, რომელმაც განუზომლად დიდი ზიანი მიაყენა გარემოს, ვიდრე ყველა ახლადაშენებულმა თუ ასაშენებლმა ჰიდროელექტროსადგურმა, დღეს ძნელი წარმოსადგენი არაა, რა დღეში ვიქნებოდით. ფინანსური შემოსავლის წყაროს გარდა, იგი გახდა რუსეთის ენერგეტიკული კლანჭებიდან თავის დაღწევისა და პოლიტიკური ქოლგის როლის შემსრულებელი. ამას, სამწუხაროდ, შეეწირა ბორჯომისა და სხვა რეგიონის ტყეები და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 600 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. კერძო კიდევ სხვაა.

 

სამწუხაროა, მაგრამ ეს არის დამოუკიდებლობის ფასი, რომელსაც ბუნებაც გაიღებს,"- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 377 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.