კვარაცხელია და "ნაპოლი"

ჩვენი გულშემატკივრების განსაკუთრებული ინტერესი ახლა ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მისამართით იქნება. 21 წლის ქართველ გარემარბს, რომელიც კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ჯერ აკლიმატიზაცია ექნება გასავლელი და მორალური მხარდაჭერა აუცილებელია.



როდის გაემგზავრება ხვიჩა?

 

"კვარას" ახალი და დატვირთული სეზონის წინ დაახლოებით ერთთვიანი დასვენება მოუწევს. უკანასკნელი შეხვედრა მან 12 ივნისს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ (90 წუთი) ჩაატარა.

8 ივლისს, შეკრების დაწყების დროს, ხვიჩა უკვე კლუბთან ერთად იქნება. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მრავალსაათიანი და რთული ვარჯიშების შესახებ ცნობილია, მაგრამ რათქმა უნდა, შეკრების დასაწყისში ასე არ იქნება.



"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მოლდოვის ნაკრების დამრიგებელი რობერტო ბორდინი ამბობს:

"კვარაცხელიას ჯერ იტალიურ ლიგასა და ახალ რეალობაში თავის დამკვიდრება მოუწევს. ნეაპოლელი გულშემატკივრები ყოველთვის აგრძნობინებენ ფეხბურთელებს სითბოს, რაც გიბიძგებს, რომ უფრო მეტად გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები. ამასთან ერთად, მას ადაპტაციისთვის დრო უნდა მიეცეს".

 

რა გუნდია "ნაპოლი"?

 

ფეხბურთის ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ნეაპოლურ კლუბში "ფეხბურთის ღმერთი" დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა (1984-91 წლებში). "ნაპოლის" საკმაოდ ბევრი ტიტული დაუგროვდა - 2 სკუდეტო (ჩემპიონობა), იტალიის თასის 4 ტიტული, უეფასა და ინტერტოტოს თასი.

სტადიონი ამჟამად სწორედ მარადონას სახელს ატარებს და მასზე 54 ათასზე ცოტა მეტი გულშემატკივარი ეტევა, ეს კი დაახლოებით ის რაოდენობაა, როგორიც "დინამო არენაზეა". აქაური გულშემატკივრების აქტიურობა ცნობილია და ისინი ამით იტალიაში გამოირჩევიან.

უკანასკნელ სეზონში სპალეტის გუნდმა სერია "ა"-ში მესამე ადგილი დაიკავა და "იუვენტუსი" 9 ქულით ჩამორჩა.



უახლესი ამბები

 

"ნაპოლის" ამხანაგური მატჩები ჯერ არ დაუგეგმავს და არც სატრანსფერო პოლიტიკა დაუსრულებია. რაც ვიცით, ისაა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ლორენცო ინსინიე "ტორონტოში" გადავა, მისი ადგილის დაკავებას კი კვარაცხელია შეეცდება. აქტიურად იწერება კიდევ ერთი გარემარბის შესახებ - "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "უდინეზეს" წევრი, 28 წლის ჟერარ დეულეფეუ ნეაპოლში უნდა გადაბარგდეს. შეგახსენებთ, გუნდში კიდევ ერთი ფლანგელი, მექსიკელი ირვინგ ლოსანოა.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, სპალეტი აქცენტს ფლანგურ შეტევებზე გააკეთებს, რაც თავის მხრივ, მეტ სივრცეებს გაუხსნის 23 წლის ნიგერიელ ფორვარდ ვიკტორ ოსიმჰენს, რომელიც ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა. ვიკტორმა ივნისის სანაკრებო მატჩებში 5 გოლი გაიტანა. მას "ნაპოლიში" 2 სეზონის განმავლობაში 24 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, ერთხელ კი მოედნიდან გააძევეს კიდეც.

 

"ნაპოლის" დიდი გეგმები

 

მუნდიალის ზამთარში გამართვის გამო ქვეყნის ჩემპიონატებში კალენდარი გარკვეულწილად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრები ტურნირზე არ იქნება, ცვლილებები აქაც იქნება. უკვე ცნობილია, რომ სერია "ა" 13 აგვისტოს დაიწყება და კვარაცხელიას დებიუტს სწორედ აქ ველით. კალენდარი ჯერ ცნობილი არაა.

კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გამო იტალიის მთავარი ლიგა 13 ნოემბერს შეწყდება და სავარაუდოდ, 2023 წლის 4 იანვარს განახლდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმში არ მონაწილეობენ, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, მზადების განსხვავებული გეგმა ექნებათ და სავარაუდოდ, მუნდიალის დროს ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებენ.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და ამისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება არ დასჭირდება. უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე სიახლე ის იქნება, რომ ოქტომბერში 3 ტური გაიმართება, რაც საშუალებას იძლევა, ჯგუფური ეტაპი 2 ნოემბერს დასრულდეს და ფეხბურთელები იმ ნაკრებებს შეუერთდნენ, რომლებიც კატარისთვის მოემზადებიან.



ხვიჩა და ნაკრები

 

ამ დატვირთულ საკლუბო პერიოდში საქართველოს ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს, რითაც "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. 23 და 26 სექტემბერს (ჩრდ. მაკედონიასთან და გიბრალტართან) დაპირისპირებებში ვილი სანიოლს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დასჭირდება. "კვარა" ამ დროს კლუბში უკვე ბოლომდე ადაპტირებული და კარგ ფორმაში მყოფი უნდა იყოს.

ახლა მთელი ქვეყანა ხვიჩას ვგულშემატკივრობთ - მან დიდი ფეხბურთი ასეთივე კლუბში უნდა ითამაშოს !

წაკითხვა 54 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.