განათლების სამინისტრო არდადეგების პერიოდში მუშაობასთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს

არდადეგების პერიოდში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

 

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი დაგეგმონ იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

 

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

 

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.

 

სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

 

ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს

 

მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 828 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.