მიხეილ ჩხენკელი: „კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია“
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული სამინისტროს ყველა ინიციატივა, განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით.
მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების უმნიშვნელოვანეს პროექტზე „ტელესკოლა“, რომელსაც სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, თვეზე მეტია ახორციელებს.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროექტი „ტელესკოლა“. ეს გახლავთ მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც პირველ არხთან ერთად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი – „პირველი არხი განათლება“, რომელიც, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მაუწყებლობას. მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია. შედეგად კი მივიღეთ უნიკალური პროექტი, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში. იგი გასცდა სკოლის ფარგლებს და მას თვალს ადევნებენ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც.
მადლობა მინდა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტის განხორციელებისათვის, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც. განსაკუთრებული მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს, არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელს, არამედ როგორც „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის განცხადებით, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და ის შეუცვლელი საშუალებაა მოსახლეობის/მოსწავლეთა იმ ნაწილისთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი