November 23, 2024

„ევროკავშირი, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, შეიძლება რამდენიმე ქვეყანამ დატოვოს“ - Daily Express

ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირი, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, შეიძლება რამდენიმე ქვეყანამ დატოვოს“ (ავტორი - ქიარან მაკგრეითი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ურსულა ფონ დელ ლაიენი ახორციელებს, ევროკავშირი რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დატოვოს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ისეთი ტაქტიკით მოქმედება, როგორიც რეპრესიულ რეჟიმებს ახასიათებთ (მაგალითად, რუსეთს, ვლადიმერ პუტინის მმართველობით), ევროკავშირს ზიანს მოუტანს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) შემდეგ შვიდი წელი გავიდა და იმის გათვალისწინებით, რომ მემარჯვენე ევრისკეპტიკოსი ჰეერტ ვილდერსი, როგორც ჩანს, მზად არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გახდეს, ევროკავშირს 2024 წლისათვის წინ სერიოზული გამოცდა ელოდება.

ვესაუბრებით ანა სტეშინსკას, ვარშავის კვლევითი ინსტიტუტის (WEI) კომუნიკაციური პროგრამების დირექტორს, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ევროკომისიამ თავისი მოქმედებით, რომელიც „დემოკრატიის დამცავი პაკეტის“ მიღებით გამოიხატება, შეიძლება უფრო მეტი ქვეყანა გარიყოს ევროკავშირიდან, ვიდრე მიიზიდოს. საქმე იმაშია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ინიციატივას, რომელიც მიმართულია „ფარული უცხოური გავლენის წინააღმდეგ“ და ითხოვს, რომ ყოველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაარეგისტრიროს ის შემოსავლები, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარედან არის მიღებული.

„ევროკომისია, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე „ზრუნავს“, ისეთი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დესპოტურ-დიქტატორული რეჟიმები იყენებენ“, - ამბობს ანა სტეშინსკა, რომლის აზრით, ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ახალი წესების ამოქმედების მცდელობა. მისი თქმით, ევროკომისია, რომელიც თითქოსდა დემოკრატიის მდგომარეობით არის შეშფოთებული, გამოდის ისეთი დებულებების მომხრედ, რომლებიც ზიანს აყენებენ სამოქალაქო ინსტიტუტებს, ანუ იმ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, რომლებსაც დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება.

„ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობის ინტერესებს იცავენ, რომლებიც შეშფოთებულები არიან უცხო სახელმწიფოს სავარაუდო მოქმედებით, რომელმაც შეიძლება არჩევნებზე გავლენა და მისი შედეგების მანიპულირება მოახდინოს. ამიტომაც აუცილებელია განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი ყველა იმ ფინანსური საშუალებებისა, რომლებსაც [ევროპული საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები] მესამე ქვეყნებიდან იღებენ“, - განმარტავს ანა სტეშინსკა და დასძენს, რომ ევროკომისიას სურს ახალი შეზღუდვები ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების წინ განახორციელოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნამდვილად არსებობს ჩინეთისა და რუსეთის ჩარევების საფრთხე არჩევნებში - „[გავლენის] აგენტებისა“ და კიბერჰაკერების მეშვეობით, ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, მაინც დემოკრატიისათვის ზიანს მოიტანს“, - ამბობს პოლონელი ექსპერტი.

ანა სტეშინსკას თქმით, „გაუგებარია, რატომ ითვლება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყანა „საეჭვო ქვეყნად“ [„რუსეთის ან ჩინეთის აგენტად“]. გამოდის, რომ ნებისმიერი ფონდი თუ ასოციაცია უნდა გაკონტროლდეს იმის მიუხედავად, თუ საიდან მიიღეს მათ დაფინანსება - ჩინეთიდან, რუსეთიდან თუ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან“.


„ევროკომისიამ თვითნებურად გადაწყვიტა, რომ თუ გერმანია დააფინანსებს რომელიმე ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას, მისი მონიტორინგი საჭირო არ არის და თუ ავსტრალიური ფონდისგან მიიღებს გრანტს, ის უნდა შემოწმდეს, როგორც საეჭვო“, - აცხადებს ანა სტეშინსკა. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი „დემოკრატიის დაცვის შესახებ“ ძალზე მოგვაგონებს იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც საქართველოს ავტორიტარული მთავრობა ცდილობდა მიმდინარე წლის მარტში. „ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის ქუჩებში, რომლის მონაწილეებს მხარი დაუჭირა თვით ევროკომისიამაც“, - აღნიშნავს ინტერვიუში ანა სტეშინსკა.

გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, როცა პუტინის რეჟიმმა მსგავსი კანონი მიიღო, კრემლის მოქმედებას მთელი დემოკრატიული მსოფლიო კრიტიკულად შეხვდა. „პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული კანონით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა, ათობით ფონდი და ანალიტიკური ცენტრი დაიხურა, იდევნება ბევრი ადამიანი, მათ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიაწებეს, საბჭოური გაგებით“.

ანა სტეშინსკა ურსულა ფონ დერ ლაიენს პირდაპირ ურჩევს: „იქნებ ის შესაძლებლობაც განიხილოთ, რომ პირდაპირ განაცხადოთ - ორგანიზაციებმა არ უნდა მიიღონ თანხები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრიუსელი ტოტალიტარულ რეჟიმებად თვლის და რომელთა შტაბ-ბინები ვაშინგტონში და პარიზში არ მდებარეობს“.

„ჩვენთვის, რასაკვირველია, გასაგებია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების შეშფოთება, რომელიც ცალკეულ ქვეყნებში სიტუაციის შეცვლით არის გამოწვეული - იქ, სადაც არჩევნებში კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ, ლიბერალები კი მარცხდებიან. მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ „დემოკრატიის დაცვის“ ნაცვლად, მსგავსი გადაწყვეტილებებით, პირიქით, ევროკავშირში ანტიევროპული განწყობები გაძლიერდეს და ევროპარლამენტში ივნისის არჩევნების შედეგები ტოტალიტარული ქვეყნებისათვის სასარგებლო იყოს“, - ამბობს ანა სტეშინსკა.

წყარო

წაკითხვა 149 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.