რატომ ვერ ეხებიან კიბეს, რომელიც ქრისტეს საფლავის ტაძარში თითქმის 300 წელია, გაუნძრევლად დგას?

იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, თითქმის 300 წელია, ხის კიბე დგას და მას ვერავინ ეხება.

საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა საფლავის ტაძრის ფასადის მარჯვენა სარკმელზე მიყუდებული ხის კიბე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილ ლავგარდანს ეყრდნობა, ხოლო სარკმელი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაშია.

ამჟამად ტაძრის ნაწილები კათოლიკური ეკლესიის, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის, ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.

ზემოთ ხსენებულ ეკლესიებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ტაძარში რამის შეცვლა, გადაადგილება ან შეკეთება ექვსივე აღმსარებლობასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია. სწორედ ამიტომ ვერავინ ეხება კიბეს, რომელიც ქრისტიანობაში არსებული უთანხმოების სიმბოლოდ იქცა.

იერუსალიმის ქრისტიანულ სალოცავებზე კონტროლისთვის ბრძოლა ახალი აღთქმაში აღწერილი მოვლენების დროიდან მიმდინარეობდა.
ტაძრის დასაკუთრებისთვის პაექრობა მხოლოდ რიტორიკითა და მტკიცებულებათა შეგროვებით არ შემოიფარგლებოდა - სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებს შორის ხშირად ხელჩართული დაპირისპირება ხდებოდა, რასაც ხშირად ადამიანები ეწირებოდნენ და თავად ტაძარიც მნიშვნელოვნად ზიანდებოდა.

1757 წელს ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ქრისტიანული სიწმინდეების დაყოფის წესები შეიმუშავეს, რომლებსაც „წმინდა მიწის სტატუს კვო“ უწოდეს და დღემდე მკაცრად იცავენ.

ტაძრის ფასადზე კიბის გამოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია. უძრავი კიბე პირველად 1757 წელს, სულთან აბდულ-ჰამიდ I- ის სიგელში მოიხსენიება, მოგვიანებით კი 1852 წელს, სულთან აბდულმეჯიდ I - ის ბრძანებაში. სავარაუდოდ, კიბის ყველაზე ძველი გამოსახულება 1728 წლით დათარიღებული გრავიურაა.

იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნებით იყენებდნენ „სტატუს კვომდე“ კიბეს, რამდენიმე ვერსია არსებობს:

არსებობს მოსაზრება, რომ სომხური ეკლესიის ბერები ლავგარდანს და კიბეს ტაძარში თოკით წყლისა და საკვები ასატანად იყენებდნენ. ეს იმისათვის გახდა საჭირო, რომ ტაძარი არ დაეტოვებინათ და უკან დაბრუნებისთვის ოსმალეთის ხელისუფლების დაწესებული გადასახადი არ გადაეხადათ.

მეორე ვერსიით, ბერები ლავგარდანს მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებდნენ. ამ ვერსიას რამდენიმე წყარო და ჩარლზ ვილსონის გრავიურაც ამყარებს, რომელზეც გამოსახულია ლავგარდანზე, კიბის გვერდით დაწყობილი ქოთნები. ზოგი წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბერებს სიმწვანე მოჰქონდათ კარნიზებზე.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, კიბეს რელიგიური დღესასწაულების დროს, ლავგარდანზე მოსახვედრად იყენებდნენ, როდესაც ტაძრის ეზოში უამრავი მორწმუნე იკრიბებოდა.

ასეა თუ ისე, კიბეს, რომელიც უცნობმა ადამიანმა 250 წლის წინ მიაყუდა, ვერავინ შეეხება. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ ტაძარში „სტატუს კვო“ დღემდე დაცულია.

ფოტოზე: მაცხოვრის საფლავის ტაძარი, გრავიურა, 1834 წელი

ფოტოზე: მაცხოვრის საფლავის ტაძარი, ფოტო გადაღებულია 1880 წელს

წაკითხვა 378 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 03 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.