დედაჩემის სერვანტში ბროლის ჭურჭელი ცხოვრობდა...
დედაჩემის სერვანტში ბროლის ჭურჭელი ცხოვრობდა: სასალათეები, სახილეები, სათევზეები. ვეებერთელები, არაპრაქტიკულები. და კიდევ ფაიფური. 12-კაციანი ჩაის სერვიზი.
მოელვარე, ყვავილებითა და პეპლებით... ეს ყველაფერი საბჭოთა დროში ჰქონდა მოგროვებული - სპეკულანტებში ნაშოვნი, დახლქვეშიდან ნაყიდი...
როცა სტუმრები მოდიოდნენ, მაგიდაზე გაკრახმალებულ, თეთრ გადასაფარებელს ვშლიდით, რომელიც აშკარად ითხოვდა სადღესასწაულო ფაიფურს.
- დედა, შეიძლება გამოვიღო?
- არა, ეგ სტუმრებისთვისაა,
- მერე ჩვენ ხომ სტუმრები გვყავს?
- ოოჰ, რანაირი სტუმრები არიან საშა ბიძია, მზია ბიცოლა და მეზობლები...
ადრე ასე იყო მიღებული: იყიდე და დაელოდე ნამდვილი ცხოვრების დაწყებას. ის კი, რომელიც დღეს, ამ წუთას გაქვს, არ ითვლება. როგორ შეიძლება ამას ცხოვრება უწოდო? ცოტა ფული, ცოტა სიხარული, ბევრი პრობლემა. ნამდვილი ცხოვრება მერე დაიწყება. აი, პირდაპირ ადგება და... დაიწყება. და იმ დღეს ჩვენ შევჭამთ ბროლის ჯამებიდან და დავლევთ ფაიფურის ფინჯნებიდან. მაგრამ არა - დღეს.
***
დედა ავად რომ გახდა, თითქმის აღარ გადიოდა გარეთ. ჯოხით გადაადგილდებოდა და ისიც უჭირდა.
- ბაზრობაზე წამიყვანე, - მთხოვა ერთხელ, - თეთრეულის ყიდვა მინდა.
ბაზრობას მაღაზიაში წასვლა ვამჯობინე. მივედით.
- აქ საშინელი სიძვირეა და არც შევაჭრება შეიძლება, - დაიწუწუნა, როგორც კი ფეხი შედგა მაღაზიაში, - სხვაგანაც ვნახოთ.
- მე ხომ ვიხდი და აქ იყიდე რა, უკეთესს ვერსად ვნახავთ.
დედამ დამიჯერა. ავარჩიეთ. გავიზომეთ.
- რა ღირს?
- რაში გაინტერესებს, დე?
- მაინტერესებს და მინდა, ვიცოდე.
- 140 ლარი, - პასუხობს გამყიდველი.
- რაა? 140 ლარი ღირს ნიფხავი?
- ეს კომპლექტია, თანაც ახალი კოლექციიდან...
- მერე რა, ეს ხომ ტანსაცმლის ქვეშ უნდა ჩავიცვა.
მე ჩუმად გამყიდველს ვანიშნებ და ისიც უცებ ხვდება სიტუაციას:
- უი, შემეშალა ქალბატონო. ნული ზედმეტია. 14 ლარი ღირს.
ბარათით ვიხდი, დედამ ნამდვილი ფასი რომ არ გაიგოს.
- კარგი კომპლექტია, გამოსასვლელი. მაგრამ დაიმახსოვრე, არასდროს მოიწონო ნივთი გამყიდველის თვალწინ, თორემ ორმაგს გადაგახდევინებს, - გზაში მორიგ დარიგებას მაძლევს, დარიგებას, რომელსაც მე ვერაფერში გამოვიყენებ, ისევე როგორც პეიჯერს სმარტფონების ეპოქაში.
***
ერთ დღეს, მე რომ სამსახურში ვიყავი, კარზე ზარი დარეკეს. დედამ კარი გააღო და ზღურბლზე ვიღაც უცხო ყმაწვილი დახვდა, ხელში პატარა, გახსნილი ჩემოდნით და ჩემოდანში დანების ნაკრებით.
უცნობმა რაღაც მაქინაციებით ნდობა დაიმსახურა და დედამ სახლში შემოუშვა. აი, იქ დაიწყო მარკეტინგული შოუ. „ეს ნაკრები 100 ლარი ღირს, თქვენ კი 40 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ. ისეთი დანებია, ჰაერში აგდებულ ცხვირსახოცს წამებში ჭრის. თანაც კულინარიული წიგნი მოჰყვება საჩუქრად“. „კულინარიული წიგნი საჩუქრად? მშვენიერია! - მოიხიბლა დედაჩემი, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს მოუმზადებია კერძი რეცეპტების წიგნიდან. და იყიდა.
როცა საღამოს სახლში დავბრუნდი, ახალი შენაძენით თავის მოწონება დაიწყო. მომიყვა ცხვირსახოცის შესახებ. არადა, რა საჭიროა დანით ცხვირსახოცის გაჭრა. ნუ, ჯანდაბას. უკვე მივხვდი, რომ რაღაც ჩინური ხლამი შეასაღეს.
- დე, რატომ შეინახე ეგ დანები, სამზარეულოში გამოიტანე, მოვიხმაროთ...
- რას ამბობ, გადაირიე?! საჩუქრად გამოდგება. მერე ჩემს ექიმს მივართმევ ან ვინმეს, ვისთვისაც საჭირო იქნება...
ისევ მერე და ისევ - სხვისთვის, ვინც უკეთესია, ვინც უკვე ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რომელსაც ჩვენ ისევ ველოდებით.
გვიან, როცა დაიძინა, გადავწყვიტე, ის სასწაულმოქმედი დანები გამესინჯა. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა - ტარი ხელში შემრჩა. ფრთხილად, ტარი იქვე უკან ჩავარჭვე და კომპლექტი თავის ადგილზე დავდე.
***
დაბადების დღეზე თეთრი ბლუზა ვაჩუქე. მიყვებოდა, ახალგაზრდობაში ერთი თეთრი ბლუზა მქონდაო და ბევრი სხვადასხვა ფერის შარფი. ჰოდა, ყოველდღე სხვადასხვა შარფით გაწყობილი მეცვა ის ბლუზა და ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთი და იმავე ტანსაცმლით დავდიოდიო. მეც გადავწყვიტე, მისთვის ის ახალგაზრდობა მეჩუქებინა.
- გმადლობთ, - მითხრა და ბლუზა კარადაში შეინახა.
- არ ჩაიცვამ?
- არა, არ დამესვაროს. მერე, როცა სადმე სტუმრად წავალ...
ეს მისი თაობის ჩვევა იყო. ყველაფრის გადადება „მერესთვის“. ცხოვრების გადადება...
***
დედა მოულოდნელად გარდაიცვალა.
დათრგუნულსა და დაბნეულს რიტუალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის ხმა ჩამესმოდა.
- რა ტანსაცმელს ჩააცმევთ გარდაცვლილს?
- ახლავე მოვძებნი.
გამოვაღე დედას კარადა. აკურატულად ჰქონდა დაკეცილი გადასაფარებლები, პირსახოცები, თეთრეული. ზემოდან კი ცელოფნის პარკი იდო, წარწერით „სიკვდილისთვის“. ამ პარკში ეწყო ის თეთრი ბლუზა, დაბადების დღეზე რომ ვაჩუქე და იმ თეთრეულის კომპლექტიც, რომლის ფასიც მაშინ დავუმალე. ეს ყველაფერი სხვა ცხოვრებისთვის ჰქონდა გადადებული....
***
მე არ მინდა, რომ გენეტიკურად გამომყვეს ეს ჩვევა: კი არ ვიცხოვრო, ცხოვრებას ველოდო.
ნამდვილი ცხოვრება ის არის, სადაც მოქმედებაა, სადაც სიამოვნებაა, სადაც სიხარულია. სიხარულს არ უნდა ელოდო. სიხარული თავად უნდა შექმნა.
მე არ მექნება „მერესთვის გადადებული ცხოვრება“.
იმავეს გისურვებთ თქვენც!
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი