ვაჟა ფშაველა: “გაუნათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება!”
– გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, – ამბობდა ვაჟა ფშაველა და ძნელია, მას ამაში არ დაეთანხმო:
“გაუნათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა.
გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა.
თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ფიქრობს მას: „მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის დაცვისა“. სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა.
რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის.
ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.”
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში