5 მკვლელი ქალი, რომელთა შესახებაც ფილმები გადაიღეს

გიყვართ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება? მაშინ მოემზადეთ ორმაგად მძაფრი განცდებისთვის, რადგან ამ ფილმებს საფუძვლად რეალური ისტორიები უდევს.

 

„მონსტრი“
ფილმი გადაღებულია ეილინ უორნოსის რეალური დანაშაულების მიხედვით



ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მკვლელმა ქალმა 90-იან წლებში მთელ ამერიკაში გაითქვა სახელი, შარლიზ ტერონის მონაწილეობით ფილმის გამოსვლის შემდეგ კი - მთელ მსოფლიოში. ორი წლის განმავლობაში, 1989-1990 წლებში, ეილინ უორნოსმა შვიდი მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმ ამერიკელებს შორის, ვინც სასამართლო პროცესებს თვალს ადევნებდნენ, მისი გულშემატკივრებიც საკმაოდ იყვნენ. ეილინს უბრალო ცხოვრება არ ჰქონია. ის 17 წლის გოგონამ გააჩინა, მამა კი არასოდეს უნახავს: პედოფილობისთვის გასამართლებულმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო. 4 წლისა დედამ მიატოვა და ბებია-ბაბუა ზრდიდა, 15 წლისა სახლიდან გაიქცა და ლუკმაპურს პროსტიტუციით შოულობდა. 22 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა, მომდევნო წელს კი ქურდობისთვის ციხეში მოხვდა და იქ 4 წელი გაატარა. ციხიდან გამოსულმა ძველი საქმიანობა გააგრძელა, თუმცა ახლა თავის კლიენტებში არა მხოლოდ შემოსავლის წყაროს ხედავდა, არამედ ყველა თავისი უბედურების მიზეზსაც. და ეილინმა მათი დახოცვა დაიწყო. მისი მსხვერპლი იყო 7 მამაკაცი 40-დან 65 წლამდე. სასამართლო უორენსის საქმეზე წლობით გაგრძელდა, ხოლო სიკვდილით დასჯის განაჩენი 2002 წელს აღსრულდა.


შარლის ტერონმა ეილინ უორნოსის როლისთვის 15 კილო მოიმატა, გადაღებებისას კი წარბები მოიპარსა და კბილების პროთეზი გაიკეთა. და ეს მონდომება დაუფასდა კიდეც - მსახიობმა ამ როლისთვის „ოსკარი“ მიიღო!


„დარიშხანი და ძველი მაქმანი“
ფილმს საფუძვლად უდევს მოხუცთა სახლის მფლობელის ემი დაგან არჩერ-გილიგანისისტორია



1944 წლის ამ შავი კომედიის გადამღები ჯგუფის შთაგონების წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისში კონექტიკუტის შტატში მომხდარი არცთუ ისე სასაცილო ისტორიაა. 1907-1916 წლებში არჩერის მოხუცთა თავშესაფარში, რომელსაც მდიდარი ქვრივი ფლობდა, 60 ბინადარი გარდაიცვალა. ამ სახლის ზოგიერთი მაცხოვრებელი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში იყო, ჯანმრთელობას ნამდვილად არ უჩიოდა. მაგრამ არჩერ-გილიგანის თავშესაფარში გადმოსვლის შემდეგ, ისინი მალე „ქრებოდნენ“. ბოლოს და ბოლოს, გარდაცვლილი მოხუცების შეშფოთებულმა ნათესავებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს და მოხუცთა თავშესაფრით პროკურატურა დაინტერესდა. ერთწლიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ამ სახლის დიასახლისი საკუთარ მობინადრეებს ნელ-ნელა წამლავდა, ადგენდა რა მათ ანდერძებს თავის სასარგებლოდ. სასამართლომ არჩერ-გილიგანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა, სადაც ის სიკვდილამდე ცხოვრობდა კიდეც.


„ეშმაკის და“
ფილმს საფუძვლად უდევს ბორდელის მეპატრონე დები გონსალესების ისტორია



დელფინა და მარია დე ხუანეს გონსალესები ნამდვილი ვარსკვლავები არიან მშობლიურ მექსიკაში. თუმცა დებს ნიჭიერებითა და ცოდნით არ გაუთქვამთ სახელი: დები გონსალესები, რომლებმაც 110 ადამიანი მოკლეს, ოფიციალურად აღიარეს მექსიკაში ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელებად. 1950-დან 1964 წლამდე დები ფლობდნენ ბორდელს, სადაც „თანამშრომლებს“ მოტყუებით იწვევდნენ - ახალგაზრდა გოგოებს ვითომდა კაფეში ოფიციანტობას სთავაზობდნენ. მიტყუებულ გოგონებს ატყვევებდნენ და აიძულებდნენ, საკვებისა და ძილის სანაცვლოდ კლიენტებს შეუსვენებლივ მომსახურებოდნენ. გამოფიტულებსა და დასუსტებულებს კი გონსალესები, უბრალოდ, ხოცავდნენ. ისინი თავიდან იშორებდენ ახალშობილებსაც, რომლებსაც მათი ტყვეები პერიოდულად აჩენდნენ. დები იმ კლიენტებსაც უსწორდებოდნენ, რომლებსაც ბევრი ფული ჰქონდათ. გონსალესების სისხლიანი ბიზნესის ამბავი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ერთ-ერთმა მოტაცებულმა გოგონამ გაქცევა შეძლო.


„მეზობელი გოგო“ და „ამერიკული დანაშაული“
ფილმებს საფუძვლად უდევს დიასახლის გერტრუდა ბანიშევსკის ისტორია



„ყველაზე მძიმე დანაშაულები, ჩადენილი ადამიანის წინააღმდეგ, ინდიანის ისტორიაში“ - ასე უწოდეს გერტრუდა ბანიშევსკის თანამედროვეებმა მის საქციელს, უსასტიკესს, უაზროსა და საზიზღარს. მოწამვლით, ცემით, წამებით, შიმშილითა და ძალადობით ბანიშევსკიმ სიკვდილამდე მიიყვანა 16 წლის სილვია ლეიკენსი, რომელიც მას ნაცნობმა წყვილმა მოსავლელად მიაბარა. სილვიასა და მისი უმცროსი დის მშობლები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ სამუშაოს საშოვნელად. მათ გოგონები მრავალშვილიან დიასახლისთან დატოვეს, რომელიც ულმობელი სადისტი აღმოჩნდა. გერტრუდამ ჯერ უფროსი დის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო, ძალიან მალე კი ფიზიკურად დასჯაზე გადავიდა. მოგვიანებით მან გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა და საერთოდ, სახლიდან გასვლაც. დაშინებამ და დაცინვამ, რაშიც ბანიშევსკიმ საკუთარი შვილებიც ჩართო, ნამდვილი სადისტური ხასიათი მიიღო: გერტრუდამ მიბარებული ბავშვი სარდაფში ჩაკეტა, სადაც ის შიშველი და მშიერი ჰყავდათ, მასზე ძალადობდნენ, მდუღარე წყალს ასხამდნენ, სხეულს უწვავდნენ, სცემდნენ... და საბოლოოდ სიკვდილამდე მიიყვანეს - გოგონა 1965 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. გერტრუდასა და მის უფროს შვილებს პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო პატარები გააშვილეს.


„ქალბატონი ბატორი“
ფილმს საფუძვლად უდევს გრაფინია ელიზავეტა ბატორის ისტორია



ამ უნგრელ ქალბატონზე, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში ცხოვრობდა, არაერთი წიგნი დაწერილა და ფილმი გადაღებულა. გრაფინიას მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ ლეგენდებში საუბარია ასობით მოკლულ გოგონაზე, რომელთა სისხლშიც ბატორი „გასაახალგაზრდავებლად“ ბანაობდა. ბევრს ეს ქალბატონი წარმოუდგენია, როგორც ბნელით მოცული მამულების დამოუკიდებელი და ძლევამოსილი მმართველი, მაგრამ ეს ასე არაა: ბატორი გათხოვილი იყო და ექვს შვილს ზრდიდა. თუმცა სიტყვა „ზრდიდა“ აქ ცოტა შეუფერებელია: ბავშვების მოვლით ძიძა იყო დაკავებული, გრაფინიას კი სხვა გატაცებები ჰქონდა - მას მოსწონდა მოსამსახურეების წამება და თავის მეთოდებს სულ უფრო და უფრო ხვეწდა. გრაფინია და მისი ოთხი მსახური 1610 წელს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები გრაფინიას ციხესიმაგრეში წამებით დახოცილთა შესახებ. მკვლელი-გრაფინიას მსახურები სკვდილით დასაჯეს, თავად ბატორს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ციხეში, რომლის კედლებშიც სამი წელი გაატარა და 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: funtime.ge
წაკითხვა 1897 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.