მზის ფოტოვოლტაური სადგურიდან ელექტროენერგიის მიღების უპირატესობები
პროექტის „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ ფარგლებში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ სოციალური სერვისების მიმწოდებელ სათემო ცენტრებში რუხში (ხანდაზმულთა მზრუნველობის მულტიფუნქციური ცენტრი „ჩემი მორდუ“), ბაისუბანში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) და ხურვალეთში (ხანდაზმულთა მზრუნველობის ცენტრი „სახლი საზღვრების გარეშე“) მზის ფოტოვოლტაური მიკროსიმძლავრის სადგურები დამონტაჟდა.
სოციალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის განახლებადი ენერგიის წყაროზე წვდომა მნიშვნელოვანი დანაზოგია, რაც ასევე გარემოზე ნაკლები გავლენის მქონე გზით ენერგიის მიღების გზაა. მზის მიკროსიმძლავრის სადგურიდან ენერგიის მიღებას სხვადასხვა უპირატესობა გააჩნია, რასაც გამანაწილებელ ქსელში ჩართული (on-grid) მზის ფოტოელექტრული სადგურის მაგალითზე, მოცემული სტატიით მიმოვიხილავთ:
მზის მიკროსიმძლავრის სადგური ჩართულია გამანაწილებელ ქსელში. ნეტო-აღრიცხვის პროგრამის საშუალებით, აბონენტს შესაძლებობა აქვს მოიხმაროს მისთვის საჭირო ენერგია და ჭარბად წარმოებული ენერგია ეშვება ქსელში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უკან უბრუნდება აბონენტს. გამომუშავებული და მოხმარებული ენერგია ერთმანეთს ქვითავს. თითოეული მზის პანელი შეიცავს ფოტოვოლტაურ (PV) უჯრედებს, რომლებიც დამზადებულია ნახევარგამტარი ნივთიერებებისაგან. ფოტოვოლტაური უჯრედები მზის გამოსხივებას მუდმივ დენად (Direct Current) “ფოტოელექტრული ეფექტის” მეშვეობით გარდაქმნის, რომლის მეშვეობითაც ზოგ ნივთიერებებს შეუძლიათ ფოტონების შთანთქმა (აბსორბირება) და ელექტრონების გამოთავისუფლება და ამ გზით ელექტრული დენის წარმოქმნა. მოწყობილობა, სახელწოდებით ინვერტორი (გარდამქმნელი) გამოიყენება მუდმივი დენის ცვალდებად დენად (Alternating Current) გარდასაქმნელად.
1. გარემოსდაცვითი სარგებელი: მზისგან მიღებული ენერგია ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებს მიეკუთვნება. მზე ენერგიის მდგრადი წყაროა. მზის ენერგიისაგან ელექტროენერგიის წარმოებას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავლენა აქვს გარემოზე.
2. ფინანსური სარგებელი: შემცირებული კომუნალური გადასახადები და შესაბამისი დანაზოგები. მზის მიკროსიმძლავრის სადგურის მიერ წარმოებული ენერგია არის უფასო. საკმარისია შექცევადი (რევერსული) მრიცხველის ქონა და ნეტო აღრიცხვის ქსელთან მიერთება. მრიცხველი აღრიცხავს დანაზოგ ენერგიას. ჭარბადწარმოებული ენერგია ჩაეშვება გამანაწილებელ ქსელში და უბრუნდება აბონენტს იმ პერიოდში, როდესაც მზის სადგური არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება, რომლის საფუძველზეც საანგარიშო წლის აპრილის ქვითრით გათვალისწინებულ, კრედიტის სახით ასახულ ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.
3. საჭირო ენერგიის მოხმარების შესაძლებლობა და ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა: მზის პანელებისაგან მიღებული ენერგია საშუალებას იძლევა ენერგია მოხმარებულ იყოს შინამეურნეობის საჭიროებებისათვის. ენერგიის დამოუკიდებელი წარმოქმნა მიკროსიმძლავრის სადგურის მეშვეობით ამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს (ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, კომუნალური გადასახადების დაფარვისათვის სესხის საჭიროება, გათბობისათვის, გაგრილებისათვის, განათებისა და ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების მოხმარებისათვის ენერგიის გამოყენებისაგან თავის შეკავება ფინანსური პრობლემების გამო).
4. სოციალური სარგებელი
მზის ენერგიის შედეგად მიღებული ენერგორესურსები ამარტივებს საოჯახო საქმიანობას. განსაკუთრებით ეს არის მნიშნელოვანი არაურბანული ტიპის დასახლებებში. შინამეურნეობების წევრებს უფრო მეტი დრო უთავისუფლდებათ, ახდენენ სხვადასხვა საქმიანობის ავტომატიზაციას, მეტი დრო რჩება განათლების, დამოუკიდებელი საქმიანობისა და სოციალური ჩართულობისათვის ახალგაზრდების, ქალებისა და გოგონებისათვის.
5. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გაზრდა
მზის ენერგიის მიღებისათვის საჭირო ტექნოლოგიები მნიშვნელოვან ინვესტიციად ითვლება და ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას. უძრავი ქონება, რომელიც აღჭურვილია ენერგიის გამომუშავების დამოუკიდებელი წყაროთი, უფრო ძვირად ღირებულია საბინაო ბაზარზე და ძვირად იყიდება.
6. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგიის დანაზოგი:
მზის ენერგია არის ენერგიის მდგრადი წყარო, მაშინ, როდესაც გაზი და ნავთობი ამოწურვადია უახლოეს 50 წელში. ტრადიციული ენერგიის წყაროები, გარდა იმისა, რომ გარემოზე დიდი ზეგავლენის შედეგად მიიღება, სულ უფრო მწირი ხდება. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია ენერგიის ფასების ზრდა, რაც პერსპექტივაში გაზრდის ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე (ბენზინი, დიზელი, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, ა.შ.) ფასს. შესაბამისად, გაიზრდება ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე. მზის მიკროსიმძლავრის სადგურის არსებობა ხელს შეუწყობს თითქმის ნულოვანი დანახარჯის და გრძელვადიანი ენერგიის ქონას და გაზრდილი ენერგიის ფასები უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენენ თქვენს შინამეურნეობაზე.
7. არ მოითხოვს მოვლა-ექსლუატაციის დიდ ხარჯს: მზის მიკროსიმძლავრის სადგურებისათვის საჭიროა მინიმალური მოვლა-პატრონობის ხარჯები. საჭიროა ყოველწლიური შემოწმება. შესაძლებელია თავად მიკროსიმძლავრის სადგურის მფლობელი გადამზადდეს და დამოუკიდებლად აწარმოოს ისეთი ტიპის მოვლა-პატრონობის საქმიანობა, რაც არ მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას.
პროექტი „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ ცენტრი „აფხაზეთის“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თვალსაზრისს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"