ვისთვისაა არჩევნები და ვისთვის - რეფერენდუმი

“2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ნაწილისთვის ეს ადგილობრივი არჩევნებია, ნაწილისთვის კი პირველ რიგში რეფერენდუმი, რომელზეც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი წყდება. განსხვავებული პოზიცია აქვს ყოფილ პრემიერს და წინასაარჩევნო კვლევებში მესამე ადგილზე გასული პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას - რომ მოუხედავად იმისა, აიღებს თუ არა “ოცნება” 43%-ს, ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები გარკვეული თვალსაზრისით მართლაც რეფერენდუმია, რომელზეც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიანი დარჩება, თუ გაჩნდება ყველასთვის ანგარიშგასაწევი მესამე პოლიტიკური ძალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვისაა არჩევნები და ვისთვის - რეფერენდუმი.

 

“2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “ლეიბორისტები” და “დროა”. განსხვავებული მოსაზრება აქვთ “მოქალაქეებსა” და “გირჩს”. “ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები”, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ამომრჩეველთა განწყობები და არის თუ არა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმი საზოგადოებისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “ეს იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვისაც სახლი ენგრევა”. ამავე საკითხზე საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერშივე გააჟღერა თავისი პოზიცია „გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშილმა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ის პოლიტიკური ჯგუფი არქმევს რეფერენდუმს, რომელიც 6 თვის მანძილზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და ამით ცდილობს მათი პოლიტიკა საზოგადოების თვალში მეტ-ნაკლებად გამართლებული იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენთვის კი არ არის, ეს არის რეალურად თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „მოქალაქეები" მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით გველაპარაკა კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც კონკრეტულ ქალაქებს აწუხებს. ნუ, უფრო დიდი აქცენტი გვქონდა თბილისზე, აქ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ და ამიტომ. კანდიდატები სხვა რეგიონებშიც გვყავს, მაჟორიტარები. ჯამში 12 რეგიონში და ასევე, საკრებულოს სიები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე”, - თქვა ელისაშვილმა. მეგრელიშვილმა განაცხადა - “ყველა პარტიაში და მათ შორის, ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვნად არის აჭრილი პოლიტიკური ველი და ახლა, ამ არჩევნებმა ფაქტობრივად, უნდა მოგვცეს გაიდლაინი, თუ როგორ ვვითარდებით და რა მიმართულებით მივდივართ. ეს არჩევნები, ამ ერთწლიანი კრიზისის შემდეგ, ფაქტობრივად, ამომრჩევლის შეფასება და ვერდიქტია იმ პარტიების, ვისაც მან მხარი დაუჭირა. მათ შორის გადაფასება შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება მათ შორის ჩვენი საპარლამენტო მანდატების ლეგიტიმაციის არჩევნები”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რამდენიმე პარტიას მოიცავს და რომლისთვისაც 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმს წარმოადგენს, წინა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და ნახევარი წელიწადი ქუჩაში იდგა. შემდეგ დათანხმდნენ, ოღონდ ისეთი განცხადებების ფონზე, რომ ისინი საპარლამენტო რეჟიმში ბრძოლას მაინც გააგრძელებდნენ და აი, მოვიდა ახლა ადგილობრივი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლა მათ პირობისამებრ და მათი წინაისტორიიდან გამომდინარე უნდა შეასრულონ, თუ არა და გაუმართლებელი იქნება ჯერ მათი ნახევარწლიანი ბოიკოტი და მერე შესვლა პარლამენტში. თუკი ეს ჯგუფი ახლა ამას “რეფერენდუმს” დაარქმევს, ეს უკვე იმ ბოიკოტის გაგრძელებაა და მეტ-ნაკლებად გამართლებულია. ამიტომაა მათთვის ეს არჩევნები რეფერენდუმი, მაგრამ ხელისუფლება იძახის, რომ ამ არჩევნებს ადგილობრივი ჰქვია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“კითხვაზე, რამდენად შეიძლება ის პარტიები, ვინც ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად არ მიიჩნევს, “ქართული ოცნების” მოკავშირეებად ჩაითვალოს, საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს მართლაც ასე გამოდის. “ასე გამოდის, რადგან სახელისუფლებო პარტია რეფერენდუმად არ თვლის და შესაბამისად, ვინც არ ჩათვლის, ისიც სახელისუფლოს მოკავშირე იქნება, გინდ პარტია და გინდ ცალკეული ამომრჩეველი, რა თქმა უნდა”, - თქვა საყვარელიძემ. ყოფილი პრემიერისა და პარტიის “საქართველოსათვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ “ოცნება” აიღებს თუ არა 43%-ს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის ცდილობს შუალედური პოზიცია დაიკავოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“მაგ პოზიციას მე უფრო რიტორიკულს დავარქმევდი, რადგან მაშინ, როცა ეს მოსაზრება პირველად თქვა, რომ მორალური პასუხისმგებლობის გამო მმართველი პარტია ხელისუფლებაში ვეღარ გაჩერდება, თან დაშვებული შეცდომები აქვსო, ეს რიტორიკული ფაქტორებია, ასეთი ფაქტორების გავლენით ხელისუფლებიდან არ მიდიან. 30 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება გვინახავს და არც ერთ ხელისუფალს მარტო იმიტომ, რომ დემოკრატიისა თუ ქვეყნის პრინციპებში ღალატი ბრალად დასდეს, უმაღლესი თანამდებობები არ მიუტოვებიათ. ასე რომ, არ მგონია ეს მოტივი რეალური იყოს. ამ რიტორიკის მიზეზი უფრო ისაა, რომ მეტ-ნაკლებად მხარი კი აუწყოს ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნები დასანიშნია, მაგრამ არ გაიზიაროს ოპოზიციის სხვა პუნქტები ამასთან დაკავშირებით და ის შუალედური ადგილი შეინარჩუნოს, რომლისთვისაც ეს პარტია იბრძვის”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

“მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ქართული პოლიტიკისთვის კრიტიკული მომენტია, ოღონდ არა იმიტომ, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. თუ დაინიშნა, ეს ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება, რადგან ყველა გამოკვლევებით ვხედავთ, რომ ისედაც “ოცნება” იმარჯვებს, ვადამდელშიც ის გაიმარჯვებს. ასე რომ, კარდინალური და გარდამტეხი არაფერი არ მოხდება. ქართულ პოლიტიკაში კარდინალური და გარდამტეხი შეიძლება მხოლოდ მესამე ძალის მომწიფება იყოს. მესამე პოლუსის გაჩენა თითოეული მხარისთვის კარდინალურად შეცვლის როგორც ბრძოლის სურათს, ისე ბრძოლის სტრატეგიას. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში სწორედ ეს საკითხია რეფერენდუმის მსგავსი. ქართველმა ამომრჩეველმა სწორედ ამაზე უნდა გასცეს პასუხი - ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას შეემატება თუ არა მესამე ძალა იგივე გახარიას სახით”, - დასძენს საყვარელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ნაწილობრივაა რეფერენდუმი, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ძალაუფლებას ისევ “ოცნება” ინარჩუნებს", - წერს სტატიის ავტორი.

 

“2 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციისთვისაა რეფერენდუმი, რადგან ამ არჩევნებზე გამოვლინდება, თუ მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ხელისუფლებას და რა ნაწილი - ოპოზიციას. ყველას თავისი აზრი აქვს, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებს რეფერენდუმად არ თვლიდეს, მაგრამ „ოცნების" მოწინააღმდეგეა. მეც ნაწილობრივ ასე ვთვლი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ “ოცნება” ძალაუფლებას ცენტრალურ დონეზე მაინც ინარჩუნებს, ამიტომაც ეს ნაწილობრივაა რეფერენდუმი. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობა “ოცნებით” იქნება დაკომპლექტებული და პარლამენტში ისევ უმრავლესობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, ის ცდილობს, რომ მესამე ძალის როლი შეასრულოს და დამოუკიდებელი ნიშა ჰქონდეს. ამით უპირისპირდება როგორც ხელისუფლებას, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 466 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.