საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.
ეს პირველი არჩევნები იყო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
სულ გახსნილი იყო 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 185 056-ია. 17:00 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 45 285-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა და დაიწერა ერთი საჩივარი.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული იყო შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი.
არჩევნებს ასევე აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი.
დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია ვიდეოზარის მეშვეობით მიეღოთ.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"