“ქართულ ოცნებაში” ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა..." - მამუკა არეშიძე

“ქართულ ოცნებაში” ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის მშვიდობაა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გადაყენების თაობაზე, მე ვერ ვხედავ “ქართულ ოცნებაში” ადამიანს, რომელსაც სულით და გულით უნდა პრემიერის სავარძელი, ისეთ რთულ ვითარებაშია ახლა ქვეყანაც და პრემიერი გახარიაც - ვგულისხმობ პანდემიას, მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ფსიქოლოგიური ფონს. ამასთანავე, ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია საგარეო ვალების მომსახურება. გარდა ამის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც აბსოლუტურად შეცვლილია. რეგიონში ბოლო ხანს განვითარებული პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი საფრთხეები. ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ და ამ ვითარებაში, არა მგონია, ვინმეს განსაკუთრებით ხიბლავდეს პრემიერობის პერსპექტივა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა...” / “ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არა აქვს. მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება”.

 

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პოლიტიკაში აღარ ერევა, მაგრამ ის, როგორც ფიგურა და ფაქტორი, ისევ აქტუალურია - ბოლოს და ბოლოს, ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თავის შერჩეულ-დატოვებულ ხალხს ივანიშვილი აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას, თუ მათ პარტიის შიგნიდან აფეთქება მოინდომეს - ამაში დარწმუნებული ვარ. თუ საჭირო გახდა, ის ჩაერევა არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიის სათავეებთან იდგა. მას იმდენი ავტორიტეტი და წონა ჯერ კიდევ აქვს, რომ შეუძლია ადვილად მოახერხოს ნებისმიერი კონფლიქტის ჩახშობა. თუ საჭირო გახდა, ჩემი აზრით, ის არ დაუშვებს, რომ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან ბრძოლის ნაცვლად პარტიის დღევანდელმა ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“მინდა ვთქვა, რომ ერთი შეხედვით მიხეილ სააკაშვილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, ის უკრაინის მოქალაქეა და სწორედ ამ ქვეყანაშია დასაქმებული, მაგრამ სინამდვილეში ის არსად წასულა და ყოველდღიურად ერევა აქაურ პროცესებში. სწორედ მისმა პოზიციამ განაპირობა “ნაციონალური მოძრაობის” აქამდე მოსვლა და მისთვის გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის შენარჩუნებაც. მან კულუარულად გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია პარტიის დაშლას და შეინარჩუნა პარტიის ხერხემალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დისტანცირებულმა ლიდერმაც კი შეიძლება შეინარჩუნოს თავისი შექმნილი პარტია. რაც შეეხება მუდმივად რევოლუციური მუხტის შექმნას, “ნაციონალური მოძრაობა” ჭკუას ვერასდროს ისწავლის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მისთვის უცვლელი დარჩა ძველი ტექნოლოგიები, რომელთა არსიც არის: ჯერ ე.წ. იდეოლოგიური სკოლების გახსნა, სადაც წვრთნას გადიან მათი პოლიტიკური ორიენტაციის ახალგაზრდები და ამისთვის დღესაც ძალიან აქტიურად მუშაობს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი; ამის შემდეგ იქმნება მხარდამჭერთა ფენა, რომლისგანაც აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ყურადღების მისაქცევ სახელებს არქმევენ. ეს ორგანიზაციები გამორჩევიან რადიკალიზმით; შემდეგ კი უკვე იწყება სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტევა, რათა მათი დასუსტება მოახერხონ. ამ პროცესში არიან ახლაც. ზოგჯერ გამოსდით და აღწევენ მიზანს, ზოგჯერ - ვერა. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას სისუსტედ უთვლის იმას, რომ პოლიცია და სამართალდამცავი ორგანიზაციები თავშეკავებულნი არიან, მაგრამ მე ვიფიქრობ, ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა, რომ ზედმეტი სალაპარაკო არ მისცეს ამ რადიკალური ჯგუფების უკან მდგარ გავლენიან უცხოურ პოლიტიკურ ლობს. თუმცა უნდა ითქვას ერთი რამ - “ნაციონალური მოძრაობა” არ ითვალისწინებს იმ გაკვეთილს, რაც დასავლეთმა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მიიღო. ამ გაკვეთილის შედეგია ის, რომ, ვფიქრობ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ხელები აქვს გახსნილი ამ პროცესების აღსაკვეთად. შესაბამისად, თუ ამ პატარ-პატარა ჯგუფებმა კვლავ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებში შეღწევა, სახელმწიფო გაცილებით უფრო ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არა აქვს. მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მედია, განსაკუთრებით - ტელევიზიები, ინტერესდებიან ერთი საკითხით - შევლენ თუ არ შევლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, არადა, ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს, ვინ შედის და ვინ გამოდის. ხალხისთვის მთავარია შედეგი. საზოგადოება ვერ ხედავს, რომ ის ძალები, ვინც ახლა ქუჩაში დგანან, რამეს არსებითად შეცვლიან, ამიტომაც ადმინისტრაციულ ორგანოებს დღეს მხოლოდ 20-30 კაცი უტევს... რაც შეება ნიკა მელიას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მელიას არ უნდა შერჩეს ამ კანონის დარღვევა, მით უფრო, მის მოქმედებას აშკარად წამახალისებელი და პროვოკაციული ელფერი აქვს, თუმცა მე მისი დაკავების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს სხვა გზა, რომლითაც ის დაისჯება, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... თუ დააკავეს, ალბათ პოლიტიკური ხმაური და დაძაბულობა დაიწყება, მაგრამ მეეჭვება, ამას მასშტაბური ექსცესები მოჰყვეს”, - ამბობს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურს ხიდი გაიხსნა...” - პასუხობს:

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გალელებისთვის, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით წამოიწია რამდენიმე საკითხმა, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მოგეხსენებათ, როგორც იქნა, დაიწყო ენგურჰესის რემონტი. აღსანიშნავია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მართლაც საქმეს აკეთებენ, აფხაზ კოლეგებთან ერთად დიდი სამუშაო გასწიეს. აფხაზურ საზოგადოებაში სწორედ მათი ძალისხმევით შეიცვალა ნელ-ნელა მიდგომები ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით. სამი წელი ამაზე კულუარულად მუშაობდნენ. მართალია, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ ეს ენერგეტიკული თემა უმნიშვნელოვანესია, რომლის გარშემოც მუშაობა უნდა გაგრძელდეს”.

 

“მეორე საკითხია ის, რომ ბოლოს და ბოლოს, რაღაც პასუხი უნდა გაეცეს აფხაზური მხარის ლიდერების - შამბასა და ბჟანიას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების რაღაც ფორმატი უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, ეს შანსი გამოსაყენებელია. მესმის, რომ ამის უკან რუსები დგანან, მაგრამ ჩვენი მხრიდან პასუხის გაუცემლობა სწორი არ იქნება. გარდა ამისა, ახლახან აფხაზებმა რუსეთის სათათბიროში შეიტანეს მოთხოვნა აფხაზეთისთვის რკინიგზის გახსნის თაობაზე. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რას მოგვცემს ამ რკინიგზის გახსნა ან არგახსნა. რატომ ვამბობ ახლა ამას - მოგეხსენებათ, ყარაბაღის პროცესების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ახალი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას, ჩვენს მეზობლებს სხვა გეოპოლიტიკური სურვილები გაუჩნდათ, შესაბამისად, მიდგომები ჩვენც უნდა შევცვალოთ. გვჭირდება თუ არა ეს რკინიგზა? იქნებ არც გვჭირდება, მაგრამ ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მოლაპარაკებები შეიძლება სხვა საკითხების მოსაგვარებლად გამოვიყენოთ; ან იქნებ ეს საკითხი ჩვენთვის სასარგებლო სპეკულაციებისთვის დაგვჭირდეს... ეს ყველაფერი გასაანალიზებელია”, - დაასკვნის ექსპერტი.

 

“ისეთი მნიშვნელოვანი თემებია გააქტიურებული ჩვენ გარშემო, რომ სრულიად უმნიშვნელო მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფი პარლამენტში იქნება თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამის, რომ ის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. რუსეთსა და თურქეთს შორის კავკასიისთვის საუკუნოვანი ბრძოლის განახლების მომსწრენი ვართ. დღეს რეგიონში თავისი ინტერესები აქვთ დასავლეთს, ჩინეთს და ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანასაც. ასევე მწვავედ დგება საქართველოში პოლიტიკური ისლამის გააქტიურების თემა, რომელიც იდეოლოგიურ ტერორიზმზეა გადასული და თუ ჩვენ ბარიერებს არ დავაწესებთ, მძიმე შედეგებს მივიღებთ. დღეს ეს საკითხებია უმნიშვნელოვანესი, რაც შესვლა-არშესვლის თემით გატაცებულ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს გვერდზე რჩება”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 732 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.