დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

კორუფციისთვის, გაფლანგვისთვის, ფულის გათეთრებისთვის გასამართლებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავების სიმრავლე აშიშვლებს სურათს, რომ საქართველოს, წლების მანძილზე, მართავდნენ ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს.

 

მათ გამოვლენას “ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ “უკომპრომისი ბრძოლას” უწოდებს - იმ მიზნის მიღწევას, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ გამოაცხადა.

 

მანამდე, ბოლო ორ წელიწადში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყურადღება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისკენ - “აგენტურისკენ” - იყო მიპყრობილი. “ოცნება” უკეტავდა მათ დაფინანსების გზებს და შესაბამისად - მუშაობის შესაძლებლობას ართმევდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. “განადგურებული” ოპოზიციური პარტიების მისამართით კი - აკრძალვის პროცედურები დაიწყო. ასამართლებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის - უკვე დაჭერილებსაც.

 

საკუთარ გუნდში ცდუნებებთან ბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივატორად დაასახელა, როცა ის 2023 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების” ყრილობაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დაასახელეს. ტრიბუნასთან მან თავის გადაწყვეტილებას აუცილებელი, დროული უწოდა და თავი ახალ “სიმძიმის ცენტრად” წარმოადგინა.

 

„ოპოზიციის განადგურების პირობებში იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“, - ეს თქვა ივანიშვილმა 2 წლის წინ.

 

"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი, რომლებსაც ახლა ასამართლებენ, სამართლებრივ დევნამდე, პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით “საკუთარი ნებით” წავიდნენ. თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ჯუანშერ ბურჭულაძე მალევე საპატიმროში აღმოჩნდა.

 

პოსტიდან წასულებს, გაჩხრეკილებსა და გასამართლებულებს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის უახლოესი ადამიანები: ერთგულები და განუყრელები - მის სამსახურში მყოფები, პოლიტიკაში მის მოსვლამდეც. ჯერჯერობით, თითქმის ყველა ბრალდებული მაღალჩინოსანი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს წარმოადგენს.

 

ვის ასამართლებენ და ვის გარშემო ვიწროვდება „ყულფი“? - რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა მიმდინარე პროცესის ძირითად ფაქტებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი

 

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი, მეორედ [2019-2024 წლები]

 

ბრალდება:

 

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება] - სს კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი
  • არღვევდა კანონს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” - “ფარულად და შენიღბულად“ ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, არალეგალურ შემოსავალას.

 

სასჯელის ზომა: ემუქრება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა.

 

ბრალის წაყენების შემდეგ, პროკურატურამ აღწერა, თუ როგორ გაანაწილა [გაათეთრა] ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული 20 მილიონ ლარზე მეტი. ჩხრეკისას სახლში აღმოუჩინეს 6 500 000 აშშ დოლარი[ახლანდელი კურსით - 17 მილიონ ლარზე მეტი].

 

24 ოქტომბერს, სასამართლომ, პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობით - ირაკლი ღარიბაშვილი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ის სასამართლოში სპეციალური შესასვლელით შეიყვანეს და იგივე კარიდან გამოიყვანეს.

 

ჯუანშერ ბურჭულაძე

 

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრი [2021-2024 წლები]; თავდაცვის მინისტრის მოადგილე [2019-2021 წლები]

 

ბრალდება:

 

  • ფულის გათეთრება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით - 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

სავარაუდო სასჯელის: თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.

 

თავდაცვის სამინისტროში - ღარიბაშვილის მოადგილე და შემდეგ მისი კაბინეტის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე - 11 სექტემბერს დააკავეს.

 

ბურჭულაძის საქმის მასალებშია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის 1 333 728 ლარით უფრო ძვირად ყიდვის სქემა; ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 544 000 ევროდ ყიდვა. სუს-ის განცხადებით, ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ არ ჩანს. ასევე, გამოძიება მიუთითებს 1 593 212 ლარის უკანონოშემოსავლის ლეგალიზაციააზე, სხვადასხვანაირი „შენიღბვის“ მეთოდით.

 

სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა.

 

სექტემბერში გამოძიებამ განაცხადა, რომ ივლისში გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემა სწორედ „ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით“ მომზადდა.

 

ბურჭულაძის წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.

 

ბურჭულაძის ნათესავები, გარემოცვის წევრები

 

ივლისში სუსმა განმარტა, რომ, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით - “ფულის გაფლანგვის” სქემაში მონაწილეობდნენ:

 

  • თავდაცვის მინისტრობის დროს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე [2022- 2024 წლები] - გიორგი ხაინდრავა
  • ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი - ვლადიმერ ღუდუშაური
  • და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე.

 

ბურჭულაძესთან დაკავშირებული ეს სამი ადამიანი 27 ივლისს დააკავეს. მათ სუსმა „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ უწოდა.

 

ბრალდება:

 

"მითვისება ან გაფლანგვა" - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით - სს კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სავარაუდო სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა, 7-დან 11 წლამდე.

წაკითხვა 93 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 08 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.