მწვავე კრიზისი და დიდი ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციაში - რატომ იშლება პარტიები და იცვლებიან ლიდერები

“ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ორშაბათს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საერთო სტრატეგიის შესათანხმებლად.

ეს შეკრება ოპოზიციაში მიმდინარე მწვავე კრიზისის ფონზე ტარდება, რომლის ბოლო გამოვლენაც “ევროპულ საქართველოში” მომხდარი ცვლილებები იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიცია მის მიერვე დაშვებული შეცდომების შედეგს იმკის. მთავარ შეცდომად ანალიტიკოსები პარლამენტის ბოიკოტირებას მიიჩნევენ, რამაც, როგორც სხვადასხვა პარტიას შორის, ასევე ცალკეული პარტიების შიგნით, შიდა დაპირისპირება და პოლიტიკური ლიდერების პარტიებიდან წასვლა ან პარტიული ცხოვრებიდან დისტანცირება გამოიწვია. ასე მოხდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, “გირჩში”, “ლელოში” და უკვე “ევროპულ საქართველოში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მწვავე კრიზისი და დიდი ცვლილებების მოლოდინი ოპოზიციაში - რატომ იშლება პარტიები და იცვლებიან ლიდერები.

 

“ევროპულ საქართველოში” ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას ტრიუმვირატი პარასკევს დაიშალა, თუმცა პარტიაში ამას როტაციად აფასებენ. დაპირისპირება, რომლის შესახებაც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ჟონავდა, პარტიაში პირველად არჩეევნების შედეგების გამო დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, მაინც მიაჩნიათ, რომ პარტიამ სათანადო შედეგი ვერ დადო. პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ განცხადებები 12 თებერვალს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამივე ლიდერმა გააკეთა, თუმცა ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი აქტიური ფიგურის - ზურაბ ჭიაბერაშვილის წასვლა პარტიიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიას ლევან თარხნიშვილი და ოთარ კახიძეც დატოვებენ. როგორც გიგა ბოკერია ამბობს, თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ იზიარებს. ის აღნიშნავს, რომ ახლა არ არის დრო, ლიდერები ხელმძღვანელი პოზიციებიდან გვერდზე გაიწიონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით სტრატეგიაზე, მათ შორის - განახლების საკითხზე, პერსონალურ საკითხზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე, აპრილში ჩვენ მივიღებთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. დავით ბაქრაძე “ევროპულ საქართველოს” მაისიდან ტოვებს, თუმცა პოლიტიკიდან არ მიდის. კითხვამ, ხომ არ უკავშირდება პარტიაში ცვლილებები მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის შემდგარ შეხვედრას კიევში, დავით ბაქრაძეს ღიმილი მოჰგვარა. “ზოგადად არ ვარ “ფეისბუკში” ძლიერი, მაგრამ ასეთი ტერმინია - “დაჰაჰავება”, რომელსაც ამ წუთში ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ, თუმცა ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი უბრალოდ “დაჰაჰავება” იქნებოდა ჩემგან” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. გიგი უგულავა კი “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს. “დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერალურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად”, - განაცხადა უგულავამ. იგი კიევში ვიზიტის მიზეზებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მასთან საქართველოს თაობაზე საუბარი არ ჰქონია, მით უმეტეს, პარტიულ საკითხებზე. “დიდი საუბარი მასთან არ მქონია, გადავიკვეთეთ უბრალოდ. ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე. საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, მით უმეტეს - პარტიულ საკითხებზე”, - განაცხადა გიგი უგულავამ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ “ევროპული საქართველოს” მსგავსი პროცესები შესაძლოა, “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელში” ღიად დაიწყოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“მათივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, ყველა ოპოზიციური ძალა ქუჩაში დარჩეს და ვინც ძლიერია, მხოლოდ ის გადარჩეს. ამ შემთხვვევაში გადარჩენის შანსი მხოლოდ ენმ-ს აქვს და ეს პარტიების შიგნით დაპირისპირებებს ქმნის, რაც “ლელოს” შემთხვევაში დავით უსუფაშვილის პროცესებიდან დისტანცირებისას და ლევან კობერიძის მიერ პარტიის დატოვებისას გამოჩნდა. რაც შეეხება “ევროპელებს”, აქ, როგორც ჩანს, დამფინანსებელს პრობლემა მოცემულ შედეგთან ჰქონდა, რაც მის მიერ დახარჯულ თანხას არ შეესაბამებოდა. “სტრატეგია აღმაშენებელში” კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გადალაგება გაზაფხულზე დაიწყება, რადგანაც პარლამენტში არშესვლა ყველაზე მეტად პატარა პარტიებს დააზიანებს. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, “ევროპულმა საქართველომ” და “ლელომ” აჩვენეს, რომ საკმაოდ წარუმატებელი საარჩევნო კამპანია ჰქონდათ და ეს მათ შედეგებზეც აისახა. ამ ორმა პარტიამ საარჩევნოდ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ამის შესაბამისი შედეგი ვერ ნახეს. ამისთვის მათ გადახალისება სჭირდებათ, განსაკუთრებით კი - “ევროპულ საქართველოს”, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტია დაიშლება - მისი წევრთა ნაწილი პოლიტიკიდან საერთოდ წავა, ნაწილი კი “ნაციონალებთან” დაბრუნდება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, პარტიების შიგნით არჩევნების შემდეგ გადაადგილება ბუნებრივია, ამიტომაც “ევროპულმა საქართველომ” დაინახა, რომ არჩევნებში მიღების შედეგიდან გამომდინარე თავისი სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაამტკიცოს და გადახალისება დაიწყეს. თუმცა ამ პარტიას რა მომავალი აქვს, რთული სათქმელია, რადგან მათ ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომ მათი ამომრჩეველი ან ისევ ენმ-სთან დაბრუნდა, ან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა. ძაბირაძე ამბობს, რომ ამ შედეგებზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავდნენ. ამიტომ უგულავასა და ბაქრაძის გადადგომა გასაკვირი არ ყოფილა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“მგონია, რომ პარტიის გადახალისება სწორი მიმართულებაა, მაგრამ რას მიიღებენ ამით, ეს უკვე საეჭვოა. როგორც ჩანს, ბაქრაძემ და უგულავამ პარტია მთლად არ გაწირეს, რადგანაც მათ უცებ წასვლა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაც, დიდი ალბათობით, მათ მაისამდე დარჩენა სთხოვეს. ეს შეიძლება იყოს რბილი მანევრი და პარტიის გადარჩენის გამოსავალი. თუ ისინი პარტიიდან წავლენ, ეს იქნება დაშლა და არა _ გადახალისება. თავის დროზე, როდესაც „ევროპელები" „ნაციონალებს" გამოეყვნენ, მეც და ბევრსაც იმედი გაგვიჩნდა, რომ ეს მესამე ძალის ფორმირების პლატფორმა გახდებოდა. ორწლიანი განრიდების შემდეგ ისინი ამ დისტანციას ენმ-სთან კარგად ინარჩუნებდნენ, მაგრამ ყველაფერი წყალში მაშინ ჩაიყარა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს მხარი. ამან ის გააკეთა, რომ 2-წლიანი ნაშრომი წყალში ჩაყარა. მათ “ნაციონალურ მოძრაობას” ისევ უკან მიუყვანეს ის ამომრჩეველი, რომელიც წაართვეს. აი, ეს ტაქტიკური შეცდომებია, რომელთა გამოც საბოლოოდ მძიმე შედეგი მიიღეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებში მსგავსი დაპირისპირება გაზაფხულზე დაიწყება, რადგანაც ოპოზიციამ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ახლა ოპოზიციას შანსი აქვს, რომ მეტ-ნაკლებად გადარჩეს, ამისთვის კი პატარა პარტიები სასწრაფოდ უნდა გაემიჯნონ ენმ-ს და რაღაცნაირად ბლოკებად გაერთიანდნენ, რათა ადგილობრივ არჩევნებში ჯამურად ის შედეგი მიიღონ, რაც საპარლამენტოზე ჰქონდათ. ძაბირაძის აზრით, ამის თეორიული შანსი არის, ხოლო ეს პრაქტიკულად განხორციელდება თუ არა, მათი გადასაწყვეტია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 479 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.