რა დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს და შეიცვალა თუ არა რამე 18-ში - უსასრულოდ გაწელილი მოლაპარაკების დეტალები

“კრისტიან დანიელსონის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის მომზადებული შეთავაზება გულისხმობს ოპოზიციის შესვლას პარლამენტში და მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

სწორედ შეთანხმების ეს ვერსია იდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს, თუმცა, ამ მხრივ ხუთშაბათს შეიცვალა თუ არა რამე, გაურკვეველია. “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მედიატორების მონაწილეობით ხუთშაბათს გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეთანხმების პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია, თუმცა უშუალოდ შეხვედრის წინ ორივე მხარის წარმომადგენლები ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე 17 მარტს და შეიცვალა თუ არა რამე 18-ში - უსასრულოდ გაწელილი მოლაპარაკების დეტალები.

 

“17 მარტს გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა “ლეიბორისტთა” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. იგი ხუთშაბათს გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა საღამოს მოლაპარაკების მნიშვნელოვანი დეტალები გაამჟღავნა. “გუშინ ჩამოარიგეს ის დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. პირდაპირ ეწერა პრეამბულაში და ბოლოში მთლად საოცარი ამბავი ეწერა - რომ, პარლამეტში რომ შევალთ, ოპოზიციას ეყოლება ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე და ორი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის ერთი ევროკავშირში. ამაზეც თალაკვაძე მერე აწუწუნდა - ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენო რა ვუთხრა იმათ თანამდებობიდან რატომ ვყრიო”," - განაცხადა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მზად აქვთ შეთანხმების ისეთი პროექტი, რომელიც ოპოზიციას “სახის შენარჩუნების” საშალებას მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ გვაქვს შეთავაზებული ისეთი სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები, სადაც ოპოზიციის როლი ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათ ამ მოლაპარაკებების შემდგომ ის კი არ ისაუბრონ, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო, არა - მათ შეუნარჩუნდეთ სახე, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც მიიღეს ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება და მმართველი პარტიაც იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალა”, - განაცხადა ოხანაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოლაპარაკებების მიმართ გაცილებით კონსტრუქციულად არის განწყობილი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“უმაღლეს დონეზეა ჩართული ევროკავშირი, შეერთებული შტატებიც და დარწმუნებული ვარ, ეს დადებითად დამთავრდება... მართალია, არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირად არ აწყობთ მოლაპარაკებები და მათი ყოველი განცხადება ჩაშლისკენ არის მიმართული. საღამოს ვნახეთ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც ჩვენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს უწოდა იდიოტი, პრაქტიკულად უწოდა ძაღლები. მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევადაროთ ქართული ანდაზა “კოკასა შიდა რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების”, - განაცხადა სუბარმა. ამის პარალელურად “ოცნებაში” ასევე აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ან ამ თემაზე პლებისციტის გამართვა მათთვის კვლავაც მიუღებელია. “პლებისციტს აბსურდად განვიხილავთ. საჯარო მსჯელობისას ვამბობდით, რომ არ შეიძლება, უმიზეზო რიგგარეშე არჩევნები ვინმეს ინტერესში იყოს. რაც შეეხება მიზეზს, ყველაზე კარგი და ჩვენი ოპონენტების სასარგებლო წინადადება ჩვენ გავაკეთეთ და დროებითი საგამოძიებო კომისია შევქმენით”, - ამის შესახებ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ხუთშაბათის შეხვედრის წინ პესიმისტურად იყო განწყობილი”, - დასძენს გამოცემა.

 

“რიტორიკა ძალიან აგრესიულია და ბუნებრივია მოლაპარაკებას არ უწყობს ხელს. მე, ჯერჯერობით, მათში ვერ ვხედავ ხედვას იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი ქვეყანა მძიმე კრიზისიდან გამოიყვანონ...” - განაცხადა მინაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ საქმე ხუთშაბათის შეხვედრით არ გადაწყდება და შესაძლოა მომდევნო შეხვედრებიც გახდეს საჭირო. “ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს შეთანხმებით, რადგან დღეს არის სამუშაო პროცესის მომდევნო ფაზა. ვფიქრობ, რომ ხვალაც ალბათ, იქნება შეხვედრა, ან კიდევ შემდგომი შეხვედრა დაგვჭირდება. დანიელსონი ხვალ მიდის, მაგრამ, როგორც ვიცი, გვიან მიდის. ამაზე ჩამოვყალიბდებით, დღესვე დამთავრდება თუ ხვალ. ჩემი აზრით, დღესვე ვერ მოესწრება ყველა ამ საკითხის განხილვა, რადგან ბევრი საკითხია დარჩენილი”, - განაცხადა ვაშაძემ. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, დიდი ალბათობით მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიცია ორად გაიყოფა - ნაწილი პარლამენტში შევა და ნაწილი კი კარვებში დარჩება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მგონია, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით ბზარი გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯების გადადგმა ღირს. ალბათ შემთხვევითი არაა ელისაშვილის მიერ გამოტანილი ამბავი იმის თაობაზე, რომ დეგნანს ჰქონდაო რეაქცია პირველ შეხვედრაზე, როდესაც ოპოზიციონერებს გამოუცხადა, რომ “რუსეთის საქმეს აკეთებთო?” დაახლოებით იგივე, რაც ახლა ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა. ესაა ევროპელების ასეთი ინტენსიური მონაწილეობის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი, რომ მათ არ უნდათ, რომ რუსეთს საყრდენი შეუქმნან. ნახეს, რომ რუსეთი საქართველოში გავლენისთვის საკმაოდ ენერგიულად იბრძვის, რათა საქართველოში მდგომარეობა ისეთი გახადოს, რომ უცხოელებისთვის მიუღებელი გახდეს. ჩვეულებრივი წესით უცხოელებს საქართველოზე უარს ვერ ათქმევინებს, ამიტომ ცდილობს, რომ ისეთი არეულობა დამკვიდრდეს, რომ უცხოელებმა თვითონვე თქვან უარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“თუკი პარტიები ვერ მოილაპარაკებენ, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა - ქუჩებში კარვები და ა.შ. - დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება. ამ მდგომარეობას ქმნიან ახლა ისინი, ვინც ამ კარვებით ცდილობს, რომ პოლიტიკა შექმნას. სამადაშვილი მიხვდა და იმისი მტკიცება დაიწყო, რომ ჩვენ ვადამდელი იმიტომ კი არ გვინდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ იმიტომ, რომ ეს კრიზისის დაძლევის საშუალებააო. აქ ძაღლის თავი იმაშია დამარხული, რომ ადრე ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდაო, ახლა კი მიხვდნენ, რომ არჩევნების გაყალბება არგუმენტი არაა, წამგებიანია და ვადამდელის დანიშვნას განიხილავენ, როგორც კრიზისის მოწესრიგების გზას. შესაძლოა ოპოზიცია ორად გაიყოს, უკვე სხვადასხვანაირი დინებები ჩანს”, - დაასკვნის საყვარელიძე.

 

“მისი შეფასებით, ოპოზიციის პარლამენტში თუნდაც ნაწილობრივ შესვლას იმ შემთხვევაშიც ექნება აზრი, თუ ამით საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 113 დეპუტატი მაინც ვერ შეგროვდა. მან ანრი ოხანაშვილის განცხადებაზეც ისაუბრა: “შეიძლება ასეთი სახის შესანარჩუნებელი საშუალება პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება აღმოჩნდეს, ბევრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტთან ასეთი გახშირებული სტუმრობა ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ სწორედ შეწყალების თემაზეა ლაპარაკი, ეს ვერსიები და ჭორებია, რამდენად რეალურია არ ვიცი... არ შეიძლება, ხელისუფლებამ იზრუნოს იმაზე, რომ ევროპელების თვალში კარგად გამოიყურებოდეს და საკუთარი ამომრჩევლების თვალში არა, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა მომავალში არჩევნები წააგოს, თუ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ნაბიჯები კანონითაა ნაკარნახევი და არა ვინმეს მიმართ შიშით, მშიშარა ხელისუფლება ხალხს არ უყვარს”, - განაცხადა საყვარელიძემ. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი, პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა რთულია, თუმცა, როცა გარკვეულ პროგრესზეა საუბარი, შესაძლოა ეს ვადამდელი არჩევნებიც იყოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“ყველა შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან დღეს „ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლებისციტი სისულელეა, მაგრამ თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნება, შეთანხმება ვერ მიიღწევა. მეორეს მხრივ, როდესაც გარკვეულ პროგრესზე საუბრობენ, შესაძლებელია ხელისუფლებას მოუწიოს რაღაც დათმობაზე წასვლა და შეთანხმება შედგეს იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს, თუმცა აქ კონკრეტულ პერიოდზეა ალბათ საუბარი - 2021, 2022 თუ 2023 წელს. შეთანხმება ვადამდელ არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შესაძლებელია დოკუმენტში განთავისუფლების საკითხი უშუალოდ ასახული არ იყოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პროკურატურაზე და სასამართლოზე უშუალოდ ზემოქმედებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ როგორც უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, პრეზიდენტმა დადგენილება მიიღოს და რურუა გაათავისულოს. მელას შემთხვევაშიც შეიძლება რაღაც მექანიზმი გამოიძებნოს, მაგრამ იქ გირაოს თანხაა გადასახდელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“თუ ვადამდელ არჩევნებზე არ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის ნაწილი შევიდეს პარლამენტში და ნაწილი - არა. თუმცა მე მაინც დიდი ალბათობით უფრო ვპროგნოზირებ იმას, რომ ოპოზიცია ერთიანიბას შეინარჩუნებს, რადგან თვითონ ოპოზიციურ პარტიებშიც არსებობს რაღაც ფარული კონკურენცია, თუ ვინ უფრო მეტად წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ოპოზიციას. თუ რომელიმე პარტია შესვლაზე თანხმობას განაცხადებს, ის შესაძლოა ოპოზიციის ძირითადი და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდეს, როგორც “მოქალაქეები” გახდნენ. თუმცა არაფერია გამორიცხული. თუ “ნაცმოძრაობა” პარლამენტში არ შევა, დანარჩენი ოპოზიციის შესვლას აზრი არ ექნება იმიტომ, რომ მინიმუმ 113 ხმა არის საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, პლიუს კრიტიკის ობიექტები გახდებიან. რაც შეეხება ოხანაშვილის განცხადებას და სახის შენარჩუნებაზე საუბარს, ეს პოლიტიკური თამაშია. ოპოზიციაც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სახე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნება, თუნდაც 2023 წელს, ოპოზიცია პარლამენტში დიდი ალბათობით არ შევა”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

წაკითხვა 484 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.