“მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო”

“ექსპერტთა წრეებშიც თუ საზოგადოებაშიც დიდწილად ველოდით, რომ მოლაპარაკება ჩაიშლებოდა.

საქმე ის არის, რომ მიუხედავად განცხადებებისა, თითქოს პროცესი მეტ-ნაკლებად კარგად მიდიოდა, აშკარად ჩანდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან წითელი ხაზები ყოველთვის იყო. ამ შეხვედრებს ერთი დადებით მხარე მაინც ჰქონდა - დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და აქაურ პროცესებს კარგად გაეცნენ, რისი დეფიციტი აქამდე იგრძნობოდა. ამ ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ, ვფიქრობ, დანიელსონსაც და საზოგადოდ, ევროპელებსაც, ქართული პოლიტიკის რეალური სურათი აჩვენა, კარგად დაანახა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო” / “ცხადად გამოჩნდა, რომ არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში სააკაშვილისთვის მისაღები არ არის. მას სურს მოვიდეს რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული სცენარით, რათა უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში” / “ყველაზე მეტად მაოცებს “ლელოს” პოზიცია. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, რატომ უნდა იდგეს “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით...”

 

“ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საწინააღმდეგო დინებით მიდიან. ორივე ლაპარაკობს ხალხის სახელით, მაგრამ მოქმედებს ხალხის და სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ამ მოლაპარაკებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რასაც 30 წელია თავი ვერ დავაღწიეთ - ჩვენ მოწინააღმდეგის განადგურებას ვცდილობთ და არა მის დაყოლიებასა და დათანხმებას. კომპრომისი ასე გვესმის - ჩვენ არაფერს დავთმობთ, მხოლოდ მეორე მხარემ უნდა გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯი. ამის ნათელი მაგალითია “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის წევრისგან გაუგონარი რამ მოვისმინეთ - თურმე მათი კომპრომისი ის ყოფილა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. როდესაც ქვეყანაში ნომერი მეორე პარტიის წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს, იქ სერიოზულ და ლოგიკურ განზრახვაზე ლაპარაკი შეიძლება? როდესაც პირველად დაიწყო ლაპარაკი მედიაციაზე, მაშინვე ვთქვი, მედიაცია არ გვიშველის, მომრიგებელ-მოსამართლე გვჭირდება, რომელიც გადაწყვეტილებას ჩვენ ნაცვლად მიიღებს-მეთქი. სხვანაირად არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ძალებმა შეწყვიტონ კინკლაობა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჰქონდეთ ურთიერთობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“პოლიტიკური პარტია რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, წესით, უნდა აანალიზებდეს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს გადაწყვეტილება აძლევს. თუ ოპოზიცია წარდგენილ წინადადებებს დათანხმდებოდა და პარლამენტში შევიდოდა, რას კარგავდა? ან რა მიიღეს ამაზე უარის თქმით? თუ დათანხმდებოდა და პარლამენტში შევიდოდა, ქუჩაში ხელისუფლება ხომ არ დარჩებოდა - ოპოზიციას შეეძლო ქუჩაშიც გაეგრძელებინა აქტიურობა. ეს საპროტესტო მოძრაობა გაცილებით წონიანი იქნებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო ოპოზიცია... ახლა ახალ საპროტესტო აქციაზე - “მოძრაობა საქართველოსთვის” და სრულ დაუმორჩილებლობაზე კი განაცხადეს, მაგრამ მათი დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე ისეთი მხარდაჭერა არა აქვთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასობრივი აქციების ორგანიზება შეძლონ. თავსაც იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ. არადა, პარლამენტში შესული ოპოზიციის 60-კაციანი ჯგუფი ფაქტობრივად პოლიტიკის წამყვანი იქნებოდა, თან თუ 5 კომიტეტსაც უხელმძღვანელებდნენ... როდესაც ამაზე უარს ამბობ, რისი იმედი გაქვს?”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ოპოზიცია პარლამენტში შესვლით არაფერსაც არ კარგავდა, მეტიც, ის პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერდა და საერთაშორისო მხარდაჭერასაც მიიღებდა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნაზე უარი თქვეს. ოპოზიციას თუ აქვს ამის თავი, ერთ რამეს შევთავაზებ - ერთხელ გამოიყვანოს ხალხის ის რაოდენობა, რაც, დავუშვათ, 2011 თუ 2012 წელს გამოიყვანა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე. ხელისუფლება მხოლოდ ამ შემთხვევაში დაფიქრდება, რა ქნას. ახლა 20 კაცით გინდა შუშის სასახლეს მიადექი, გინდა პარლამენტს და გინდ კანცელარიას... გასაგებია, არ ვარგა ეს ხელისუფლება, მაგრამ ის არც ისეთი გულუბრყვილოა, ვერ აკონტროლოს სიტუაცია და განწყობა ქვეყანაში. ტელევიზიით რამდენიც გინდა იყვირო, ხალხი მე მიჭერს მხარსო, ასე არ არის. როცა რაღაცას გეგმავ, პიარის გარდა, რეალობაც ხომ უნდა გაითვალისწინო?” - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რომ დავუბრუნდეთ ქუჩაში ოპოზიციის შანსებს, შორს არ წავალ, ნიკა მელიას დაკავების ამბავს გავიხსენებ, რომელსაც ასე ამზადებდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, გაამაგრეს ოფისი და იმედი ჰქონდათ, რომ ამით ასწევდნენ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს, თანაც, გავიხსენოთ, მელიას დაპატიმრებამდე პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, რასაც უფრო უნდა წაეხალისებინა პროტესტი, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა და რამდენი ხალხი შეიკრიბა საპროტესტოდ. გაიძახიან, თავებს არ ითვლიანო, საქართველოში ნამდვილად ითვლიან და რამდენად მასობრივია აქცია, იმის მიხედვით იწყებს მოქმედებას პოლიტიკური სპექტრი. თუ ასეთ ვითარებაში ერთჯერადადაც კი ვერ მოახერხეს ძლიერი საპროტესტო აქციის გამართვა, მაშინ რისი მოლოდინი აქვთ ახლა? როგორ შეძლებენ, რომ არაერთი პრობლემით დატვირთული ხალხი ქუჩაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოიყვანონ? თანაც მაშინ, როდესაც არც შინ და არც გარეთ თითქმის არავის სჯერა, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, ვადამდელის ჩატარება იყოს საჭირო. ოპოზიციას კიდევ იმის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ვითარება ისე გართულდება, ამის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, მაგრამ როცა სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ ხალხს, არაფერს ამბობ, შენ როგორ აპირებ ვითარების შეცვლას, რატომ გამოვა ქუჩაში შენს დაძახილზე?” - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ხაზარაძემ თქვა კიდეც, მოლაპარაკების დაწყებისას უფრო ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ვიდრე შემდეგო - მდგომარეობა შეიცვალა იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი “ქართული ოცნებისთვის” გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ ხელისუფლება ელოდა. უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ყველასთვის გასაგებად თქვა, რომ ევროკავშირი ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რამაც საბოლოოდ გამოაცალა ოპოზიციას არგუმენტი იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა. დააკვირდით, მათი რიტორიკაც შეიცვალა - ახლა ცდილობენ არჩევნების გაყალბება აღარ ახსენონ, ამბობენ, პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნებიო. არადა, დასავლური სტანდარტით ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა მუშაობს. კრიზისად მიიჩნევა ის ვითარება, როდესაც ქვეყანაში მთავრობის ჩამოყალიბება ვერ ხდება ან მისი მუშაობა პარალიზებულია. არ ვიცი, რისი იმედი აქვს ოპოზიციას. “ქართულ ოცნებაში” მშვენივრად იციან, რა განწყობაც არის საზოგადოებაში, დღეს რევოლუცია არავის სურს, ამიტომაც უპასუხეს ძალიან მშვიდად ოპოზიციის განცხადებებს, არ გვეშინია თქვენი აქციებისო”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“მოკლედ, ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები განპირობებულია იმით, რომ გაცილებით ძლიერი არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციას. არჩევნების შედეგებს აღიარებენ “ქართული ოცნება” და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა ოპოზიციისა. ასევე ბევრი კითხვის ნიშანია ამ აკვიატებულ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე. ხელისუფლება ნიკა მელიას ეუბნება, გადაიხადე გირაო და გაგიშვებო, ის კი უარს ამბობს, რასაც დასავლეთში, დარწმუნებული ვარ, უფრო პროვოკაციად განიხილავენ. რთულია ამ ვითარებაში და ამ არგუმენტებით დაარწმუნო ამერიკელები ან ევროპელები, რომ მელია პოლიტპატიმარია. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას სუსტი პოზიციები აქვს, თანაც “ქართული ოცნების” შეთავაზება, რომელშიც რეალურად ჩანს დათმობები, ბუნებრივია, დასავლელი პარტნიორების თვალში ისევ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. მოკლედ, დანიელსონს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე სრული წარმოდგენა შეექმნა. მას აუცილებლად ექნება შეხვედრა შარლ მიშელსა და ევროპარლამენტარებთან და მეეჭვება მისი აზრი ოპოზიციის სასარგებლო იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ელოდება სენატში საქართველოს საკითხის განხილვას, მაგრამ ძალიან მეეჭვება სენატმა ევროკავშირისგან განსხვავებული შეფასებები გააკეთოს. ამ შეხვედრებს თბილისში ესწრებოდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც და ისიც კარგად ხედავს, ვინ რას აკეთებს, ვისი არგუმენტებია უფრო მყარი, სენატისთვის კი მთავარი წყარო სწორედ ის იქნება”, - თვლის ძაბირაძე.

 

“მაინც იმედი მაქვს, რომ ისევ ჩაერევიან ჩვენი პარტნიორები და რაღაც სახის შეთანხმებამდე მივალთ, მაგრამ ამ იწილობიწილოში დრო იკარგება. მას უპირველესად კარგავს ქვეყანა, რომლის წინაშეც არაერთი გამოწვევაა... საქართველოს მოსახლეობა დაიღალა ამ უაზრო იწილო-ბიწილოთი, თუ პოლიტიკოსები და პარტიები გონს დროზე არ მოეგებიან და ქვეყნის დამაზიანებელ ჯანჯღარს ისევ გააგრძელებენ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ არა მარტო საქართველოსგან”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე რამდენად იმოქმედა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან აქტიური იყო?” - პასუხობს:

 

“ჩემი აზრით, მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ოპოზიციაში ამას ვინ აღიარებს და ვინ არა, უმნიშვნელოა, რადგან ეს ფაქტია. დღეს ოპოზიცია, გარდა ელისაშვილის პარტიისა და “გირჩისა”, მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებს. სასაცილო იქნება, თუ ვინმე დაიჩემებს, რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. სააკაშვილი არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას განსაზღვრავს, არამედ მთელი ოპოზიციისას. ამასთან, ამ პროცესმა ცხადყო ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეალური თავმჯდომარე სწორედ სააკაშვილია და მელია ვერაფერსაც ვერ წყვეტს. ის დამოუკიდებლად თამაშს ვერასდროს შეძლებს და თავმჯდომარედაც მანამ დარჩება, ვიდრე სააკაშვილი მოინდომებს”.

 

“ერთიც - ცხადად გამოჩნდა, რომ არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში სააკაშვილისთვის მისაღები არ არის. მას სურს მოვიდეს რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული სცენარით, რათა უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ამ პროცესში ყველაზე მეტად მაოცებს “ლელოს” პოზიცია. ჩემთვის დღემდე აუხსნელია, რატომ უნდა იდგეს “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით. მისი ელექტორატი არ არის რევოლუციური, ეს სხვა ტიპის ამომრჩეველია, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები შეადგენენ. თუ ასე გააგრძელეს, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში 1%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 773 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.