“როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა...” - გია ხუხაშვილი

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება რეალური მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი პრეზიდენტობის პირველი პერიოდი ნამდვილად აჩენდა კითხვებს, ის მოიაზრებოდა “ქართული ოცნების” პარტიულ ვერტიკალში.

მოდი, ასე ვთქვათ - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა, მანამდე სალომე ზურაბიშვილიც მთლიანად ჯდებოდა პარტიულ მატრიცაში. მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გარკვეულწილად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები, დაინახა თავისი უპირატესობა და თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს კარგად შეაფასა ზურაბიშვილმა და ჩაჯდა სქემაში, რასაც ჰქვია პროდასავლური, პროევროპული ნარატივის ლობირება. მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გვახსოვს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, როდესაც სწორედ ის აღმოჩნდა პროცესის შუაგულში, ღარიბაშვილი კი პასიურ მდგომარეობაში დარჩა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პრეზიდენტია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა...”.

 

“მან ვეტოსთან დაკავშირებული პროცესიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორად წარმართა, ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაერკვა საკითხში, მოუსმინა ყველა მხარეს. ისიც დავინახეთ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, მასთან მისულიყო... საბოლოოდ პრეზიდენტმა ვეტო არ გამოყენა, მაგრამ პროცედურულად სწორი ნაბიჯები გადადგა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, რაც მისასალმებელია... რა იყო მისი საბოლოო ამოცანა - ამ პროცესისთვის ფასადის შექმნა, თუ მართლაც ცდილობს, აღადგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფორმატი, მომავალი გვიჩვენებს. მოკლედ, პრეზიდენტი, ახლანდელი პოლიტიკური ელიტის ფონზე, ნამდვილად უკეთესად გამოიყურება. მასვე რომ დავესეხოთ, ის არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მაგრამ - ოდნავ ზემოთ... მისი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი აბსოლუტურად სხვა სურათს ქმნიდა, აშკარად იყო ტენდენციური, იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მისი პოზიციები ჩემთვისაც კი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ოპოზიციის ნებისმიერი შეფასება გასაგებია. ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ გველოდება ძალიან აქტიური და რთული პოლიტიკური პროცესი და კიდევ მოგვიწევს დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი ამა თუ იმ მწვავე ვითარებაში. პოლიტიკაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ყველაფერი ფარდობითია. პოლიტიკური ელიტა ისეთი სუსტია, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო, რომ ამ პირობებში შეუძლია დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. არ მგონია, გახარიას პერმიერობისა და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის დროს მას ამის საშუალება მისცემოდა, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კი ეს კანონზომიერიც კია. საზოგადოებასთან, უცხოელ პარტნიორებთან, ოპონენტებთან ღარიბაშვილის კომუნიკაციის უნარები ძალიან შეზღუდულია. ის არის ხისტი, არ ახასიათებს პოლიტიკური მოქნილობა და რა გასაკვირია, ამ პირობებში პრეზიდენტს ეს ამბიცია გასჩენოდა, მით უფრო, რომ ღარიბაშვილი თვითონ თმობს პოზიციებს. მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იყო თუნდაც შარლ მიშელთან ჯდომა და საუბარი. დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“მელიამ შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა გადაამლაშა... თავდაპირველად მისი მოქმედება აბსოლუტურად გასაგები იყო, მისი ნაბიჯები განპირობებული იყო როგორც პოლიტიკური, ისე - პიროვნული ლოგიკით. მის აქტიურობას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული დღის წესრიგი, თანაც მან გადაწყვიტა, ჩაეჭრა ის მანკიერი სქემა, რომელიც ამ ხელისუფლების მოგონილი არ არის, ეს სქემა იმ პარტიამ დაამკვიდრა, რომლის თავმჯდომარეც თვითონ გახლავთ - ვგულისხმობ ხმაურინი საქმეების აღძვრას, რომელთა გამოძიება არასდროს მთავრდებოდა და რომელთაც პოლიტიკური პრესინგისა და ვაჭრობისთვის იყენებდნენ. მელიას საქმეც ზუსტად ამგვარია. აქედან გამომდინარე, მისგან გადამლაშება დაიწყო მაშინ, როცა ციხიდან განცხადება გაავრცელა და მორალური დილემა დაზარალებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაშინ მელიამ თქვა, არ მინდა ამნისტიით გამოსვლა დაზარალებულთა ინტერესის დაზიანების ხარჯზეო, რაც სწორი იყო, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემი აზრით, ის მაშინვე უნდა დასთანხმებოდა ევროკავშირის გირაოს. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ციხიდან მაშინვე რომ გამოსულიყო, ქართული პოლიტიკა ასცდებოდა ოპოზიციაში გაჩენილ დაპირისპირებას, რაც ახლაც გრძელდება და ამნისტიის თემაც ჰაერში გამოეკიდებოდა, რადგან ხელისუფლების ამოცანა - ჩამოეწერა საკუთარი ცოდვები ისე, რომ ხელი მელიასთვის შეეწმინდა, ჩაიშლებოდა”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“თავისი გადაწყვეტილების დაგვიანებით მელიამ ხელისუფლებას მისცა საკუთარი პოზიციის გადალაგების საშუალება. მოკლედ, ეს დრო დაიკარგა, მაგრამ არ მგონია, ეს ფატალური აღმოჩნდეს. მელიას გირაოს სანაცვლოდ გამოსვლის შემდეგაც ექნება საშუალება, ამნისტიის თემა “ააფეთქოს”. მისი გამოსვლის შემდეგ ამაზე ხელმომწერ ოპოზიციას სუსტი არგუმენტები ექნება იმისთვის, რომ გაამართლოს ამნისტიის მიღებაში მონაწილეობა. აქამდე მათი არგუმენტი იყო ის, რომ მელია გამოსულიყო გარეთ, მაგრამ ის თუ ისედაც გარეთ იქნება, მაშინ მათ პოზიციას საფუძველი გამოეცლება. შედეგად, მათ შეეძლებათ არ მოაწერონ ხელი ამნისტიას. საბოლოოდ მივიღებთ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება სტერილურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, გაანულებს იმ დღეს ჩადენილ ყველა მხარის დანაშაულს, რაც გამოაჩენს ხელისუფლების გეგმას, რომლის თანახმად ამ ამნისტიით მელიას გამოშვება კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ - საკუთარი დანაშულის დაფარვა... ისე ეს მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ შეუგროვა ფული მელიას საპატიმროდან გამოსასვლელად. კი, ბატონო, ეს შეიძლება ირიბად იყოს იმის აღიარება, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რადგან წარმოუდგენელია, ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულებას აქვს თავისი ადგილი, ვინმეს ეს გაებედა”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

 

“უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რა ხდება “ნაცინალური მოძრაობის” შიგნით, რაც, ვფიქრობ, მელიას გამოსვლიდან მალევე გამოჩნდება. აშკარაა, რომ პოლიტიკური პროცესის სააკაშვილისეული და მელიასეული გაგება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვნახოთ, რომელი ხაზი გაიმარჯვებს ამ პარტიის შიგნით. სააკაშვილის მიმართულება არის კონფრონტაციული, მელიას აზრით კი, ოპოზიციაში რაღაც დონის კოორდინაცია და ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ახლა მთავარი ინტრიგა სწორედ ის არის, ამათგან რომლის კონცეფცია გაიმარჯვებს პარტიაში. თუ მელიას კონცეფციამ გაიმარჯვა, ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” შევა პარლამენტში და ოპოზიციაშიც გარკვეული კოორდინაცია მოხერხდება. პოლიტიკურმა კრიზისმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, თუმცა, რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” შესვლით პოლტიკური კრიზისი არ ჩაცხრება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება არჩევნები და დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს. მოკლედ, ახლა გამოჩნდება, ვინ არის რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ერთმანეთს უნდა დაეტაკონ. სააკაშვილსა და მელიას თანაცხოვრება მოუწევთ. თუ მელიას კონცეფცია გაიმარჯვებს, ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო პერსპექტიული და სახელმწიფოებრივად სწორი გზა. არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენა “ნაციონალური მოძრაობისთვის” კარგი იქნება. ცხადია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი სწორედ ექსპრეზიდენტზეა ორიენტირებული, მაგრამ ფაქტია, მისი საჯარო აქტივობები, განცხადებები პოლიტიკურ პროცესს არ წაადგება. ის, როგორც წესი, აზიანებს ხოლმე ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი ხომ დაიმალა, დროა, სააკაშვილიც დაიმალოს. მას შეუძლია კულისებში იაქტიუროს, დარეკოს, რჩევა მისცეს მელიას, თუ ცუდ ხასიათზე იქნება, შეუძლია დაურეკოს ბიძინას და აგინოს... მაგრამ მისი საჯარო აქტიურობა არ წაადგება არც მის პარტიას და არც პოლიტიკურ პროცესს”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “არ წყდება ლაპარაკი “ქართულ ოცნებაში” შექმნილ დაძაბულობაზე... ამბობენ, რომ შესაძლოა მალე კობახიძე ჩამოშორდეს პარტიის მართვას და თავმჯდომარეობა ღარიბაშვილმა გადაიბაროს. ასევე გაურკვეველია კახა კალაძის პოზიციაც...” - პასუხობს:

 

“პარტიაში ბიძინა ივანიშვილი იყო გამაერთიანებელი. ის აერთიანებდა ადამიანებს, სხვათა შორის - ამომრჩეველსაც და არა რაღაც იდეის ან ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემის საფუძველზე, არამედ პერსონალურად. მის ირგვლივ იკრიბებოდნენ ლიბერალიც, კონსერვატორიც, ათეისტიც, მორწმუნეც... მისი პოლიტიკიდან დისტანცირების შემდეგ ამ ერთგვარი ბაბილონის გოდოლის დაშლა დაიწყო. “ქართულ ოცნებას” რომ თავი დავანებოთ, ეს პოლიტიკურ პროცესშიც ჩანს. ამ სისტემის, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებული ბაბილონის გოდოლის დაშლის ნაწილია გიორგი გახარიაც, რომელთანაც წავა `ქართული ოცნების~ სამობილიზაციო ელექტორატის ზომიერი ნაწილი, ისინი, ვინც უფრო სტაბილურობასა და პოლიტიკურ ინტელექტზეა ორენტირებული და ვისაც ღარიბაშვილი და კობახიძე მაინცდამაინც არ მოსწონს. ულტრაკონსერვატიული ნაწილი, თავისი გარეჯის თემით თუ „ანტიმიშა“ განწყობით წავა ლევან ვასაძესთან. ანუ უკვე ხდება ელექტორალური ფრაგმენტაცია, რაც მმართველ პარტიაში აჩენს კითხვებს _ არის თუ არა სიცოცხლისუნარიანი `ქართული ოცნება~ და ხომ არ მიხედოს ყველამ საკუთარ თავს? ასე მგონია, ახლა კახა კალაძის ფიქრს ვახმოვანებ...”

 

“რაც შეეხება ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენას უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, უფრო სწორად - ამომრჩეველში არის სეგმენტი, რომელსაც მე ულტრაკოსრევატორულს ვეძახი. აქამდე მის მობილიზებას ახდენდა ბიძინა ივანიშვილი. წინასაარჩევნოდ რაღაც თემას მოიგონებდნენ და ასე ახერხებდნენ ამ ხმების კაპიტალიზაციას. ახლა ცხადია, რომ ეს სეგმენტი წავა ვასაძესთან. რას ვგულისხმობ ულტრაკონსერვატორულში - ეს არის რელიგიურ საფუძველზე დამყარებული ნაციონალიზმი, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ევროსკეპტიციზმი და ანტიგლობალიზმი, რასაც ჩვენს დროში უკვე ანტივაქსერული განწყობაც დაემატა. ჩემი აზრით, ეს არის მინიმუმ 15%-იანი ელექტორალური სეგმენტი, რომელზეც მუშაობდა “პატრიოტთა ალიანსი”. იმ უცნაურობის მერე, რაც ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მათი სახელით პარლამენტში, ფაქტობრივად, სხვა პარტია შევიდა, გამოჩნდა, რომ ამ პარტიაში პრობლემებია, თუმცა ელექტორატის ეს ნაწილი ასათვისებელი არ დარჩება... სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ცუდი და აგიხსნით - რატომ. ასეთი განწყობის ჯგუფებისგან აქამდეც ვხედავდით ქაოსურ და სახიფათო მოძრაობას, ზოგჯერ - ფაშისტური გამოვლინებით. როდესაც საზოგადოებაში არის ასეთი განწყობა, ჯობს, ამას “პოლიტიკური ქუდი” დაეხუროს და თუ ვასაძის სახით ეს მოხდება, წინააღმდეგი არ ვარ. პოლიტიკური სტატუსის მიღების შემდეგ ამ განწყობის მასშტაბის შეფასება, მათი მოქმედების პროგნოზირება და პოლიტიკური ოპონირებაც უფრო იოლი გახდება”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 548 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.