"საზოგადოება დაიღალა ამ პოლიტიკური ფარსით...”
“მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ფარსია. თუ დააკვირდებით, ბოლო ხანს სულ სხვა თემები გახდა ოპოზიციისთვის მთავარი: ამნისტიის, მელიას გამოსვლა-არგამოსვლის და ა.შ. “უპრეცედენტო გაყალბებაზე” აღარავინ ლაპარაკობს, არადა, მთელი ეს არეულობა მაგის გამო არ წამოიწყეს, მაგის გამო არ ამბობდნენ მანდატებზე უარს?.. ჩვენს საზოგადოებას კარგა ხანია მოჰბეზრდა მთელი ეს პროცესი, დაიღალა ამ ფარსით.
ქვეყანას რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს, არც იმაზე, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ახალ მსოფლიოში, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ დინამიკურად იცვლება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის გადამწყვეტი უმრავლესობისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის ფაქტორი. მისთვის კი მიუღებელია საპარლამენტო ცხოვრება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ პოლიტიკური ფარსით...”
“საქმე ისაა, რომ სააკაშვილს თავიდანვე ჰქონდა ასეთი ამოცანა - “ნაცმოძრაობას” ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით უნდა აეღო. ეს ამოცანა ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილიც შეიცვლის აზრს და რადგან თუ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, პარტიის იმ წევრებს, ვინც მას ემორჩილებიან, პარლამენტში შესვლის უფლებას მისცემს. “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი უკვე ისედაც შესულია. ვფიქრობ, პარტიისთვის სირცხვილია, როცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათავეში ყოფნისასაც მიიღო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ესენი კიდევ გაიძახიან, არ შევალთო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ნიკა მელიას მიმართ კეთილგანწყობა ოპოზიციის ნაწილში ნამდვილად არის, რაც კულუარულადაც მოვისმინე. როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, ვითანამშრომლებ მელიასთან, მაგრამ არა “ნაციონალურ მოძრაობასთანო”, ეს ასე იშიფრება: ვითანამშრომლებ მელიასთან და არა სააკაშვილთანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად. ციხიდან გამოსული მელიას საუბარს თუ დავაკვირდებით, მან სცადა არავინ გაელანძღა, ყოფილიყო მაქსიმალურად კორექტული. ის ცდილობს მართლაც წარმოჩნდეს როგორც საერთო-ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჭკუას ჰკითხავენ. ამ როლს ის ჯერჯერობით კარგად თამაშობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ამგვარი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება სააკაშვილთან დაპირისპირების გარეშე” - განაგრძობს რესპონდენტი.
“უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა რიგმა ქმედებებმა მელია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე, საბოლოოდ კი ოპოზიციის ლიდერები თავის პოზიციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კარნახით ისე იცვლიდნენ, რომ მელია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. საბოლოოდ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის ხელისუფლებამ, ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე. ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო იმ ფირის ნახვა, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დამნაშავეებივით იდგნენ შარლ მიშელის წინაშე. იქ ყველაზე ღირსეულად ქვეყნის პრეზიდენტი ჩანდა”, - ამბობს ექსპერტი.
“ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, სასტიკ მარცხს იწვნევენ. ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ და დაქსაქსული ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ელექტორატს, წარმომიდგენია. მით უფრო, რომ მალე ახალი მოთამაშეები შემოდიან ოპოზიციურ ფლანგზე. ვგულისხმობ, გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პარტიებს... ის, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს - კახიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.
“რაც შეეხება დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში” და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ “ოცნებაში” წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ... ძლიერ ფიგურაში კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რაკი თქვენ ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება “ქართული ოცნებისთვის”. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია, ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს. არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია”, - ამბობს არეშიძე და შეკითხვაზე - “ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?” - პასუხობს:
“ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს აქამდეც იყენებდნენ მსხვილი მოთამაშეები სათავისოდ, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ვერც წარმოიდგენთ, რა სიმდიდრეში ცხოვრობენ ამ პალესტინური რადიკალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ისინი ფულს სწორედ სამხედრო მოქმედებების გაჩაღებისთვის იღებენ, ამიტომაც მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში არიან. ყატარი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა აქტიურობენ და ახალისებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, ეს გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამ კონფლიქტში ძირეული გარდატეხა არ მოხდება. ისრაელმა გამოაცხადა სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზეც. ეს იქნება ურთულესი ოპერაცია, ღაზის სექტორში შესვლა ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს მოუტანს”.
“ისრაელის არმია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარებით და რაც უმთავრესია, იდეოლოგიით, რაც დამყარებულია იმაზე, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და მორჩა. ამას ემსახურება ყველაფერი ისრაელში. ასეთივე ვითარება რომ გვქონდეს საქართველოში, ბევრად ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით. როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესებში მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. დააკვირდით თურქეთის აქტიურობას. ერდოღანმა განაცხადა, ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია ეს კონფლიქტი მოვაგვაროთო. წარმოიდგინეთ, რუსეთი მართლაც რომ მომრიგებელი გახდეს, რა შეიძლება მოხდეს. კრემლში ისე გაიტრუნნენ, მგონი, მართლა ელიან მიპატიჟებას. სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა. ის წლების განმავლობაში ცდილობდა დაბრუნებულიყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ-სამხედრო სივრცეში ისე, როგორც ადრე საბჭოთა კავშირი იყო. სირიაში ეს მოახერხა, ახლაც აუცილებლად ეცდება თავისას. ვიზიარებ საერთაშორისო ექსპერტთა შეშფოთებას იმის გამოც, რომ ამ კონფლიქტმა შეიძლება გააქტიუროს ტერორისტული ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით”, - განმარტავს ექსპერტი.
“ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს უპირველესად ჩვენს მოკავშირეებზე. დიდი გამოცდა ელის მათ თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო პოტენციალს, დიპლომატიას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენმა მოკავშირეებმა წააგეს, შედეგად კი სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში მათი გავლენა მაქსიმალურად შეიზღუდა. იგივე ვითარება არ მინდა განმეორდეს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისრაელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ბევრად დიდი სუბიექტია. ამერიკამ ინიციატივის ხელში აღებას აპირებს, უკვე გაგზავნეს თავისი წარმომადგენლობა, ვნახოთ, რა იქნება. თუ ჩვენი მოკავშირეების ჩარევამ ნაყოფი არ გამოიღო, ეს საქართველოზეც იმოქმედებს. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებია და ჩვენ შიდა გარჩევებით ვართ დაკავებული. ეს ურთულესი რეგიონული ვითარება ჩვენი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ბაკქანალიის გამო ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება”, - დასძენს მამუკა არეშიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"