შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება დასავლეთისგან

“შესაძლოა 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეების კონფერენცია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.

ამის შესახებ ღიად მიანიშნეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონორების დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს და თუ მაინც მოხდა, სარისკოა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეუწყდება თუ არა საქართველოს ფინანსური დახმარება დასავლეთისგან

 

"22 მაისს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და შესაბამისად, გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეებისა და სასამართლო პერსონალის დანიშვნის წესს, დანერგოს ატესტაციის, დაწინაურების, გადაყვანის გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.ეს კი არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. მედიაციის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტების განსაზღვრაში. ეს ცვლილებები ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტებისგან სარგებელს მიიღებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების ფონზე, მათ შორის ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრებების გათვალისწინებით. ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე", - ნათქვამია წერილში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ელჩების წერილზე ხელისუფლების პირველი რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ მოსამართლეების საქმეებში ვერ ჩაერევიან, წერილის ადრესატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კი ელჩების მოწოდება არ გაიზიარა, რომ შეჩერდეს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი დანიშვნები, სანამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლო რეფორმა არ განხორციელდება. კუჭავამ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, პარლამენტი ვალდებულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს და კანდიდატების დამტკიცების პროცედურა დაიწყოს. მისი თქმით, ეს პროცესი ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, რაც "პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს". კონფერენციის დღის მოახლოვებასთან ერთად, მოსამართლეების ტონის შერბილება შეიმჩნევა. ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებდა, რომ მოსამართლე წევრების არჩევა ვერ გადაიდებოდა, ხოლო სამშაბათს "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ თუ 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია სხდომის დღის წესრიგს არ დაამტკიცებს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონფერენცია გადაიდება და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არ მოხდება. თუ ხვალ კონფერენცია არ დაამტკიცებს დღის წესრიგს, ეს სამართლებრივად ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონფერენციის მუშაობა აღარ გაგრძელდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღარ იქნებიან არჩეული. ამიტომ ვამბობ, რომ ამ მოწოდების ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვერ ვიქნებით. ხვალ, ეს მთლიანი სამოსამართლეო კორპუსის გადასაწყვეტია, როდესაც დადგება საკითხი დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ", - განაცხადა დიმიტრი გვიტიშვილმა. „რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგანაც მიეღო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ანალიტიკოსები კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების აზრის იგნორირება გამართლებული არ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს, სანამ პარტნიორები არ ჩათვლიან, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი თუნდაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. „ფინანსური დახმარება, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის მხრიდან ათობით მილიონს მოიცავს. რამდენადაც მახსოვს, შეერთებული შტატების სადღაც 60 მილიონზეა საუბარი და დაახლოებით ასეთივე თანხაა ევროკავშირიდან. ძნელი სათქმელია, ამის გამო ფინანსურ დახმარებას შეაჩერებენ თუ არა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, მათ დაუკითხავად მოსამართლეების არჩევა არ ღირს, სანამ დონორები არ ჩათვლიან, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი თუ გნებავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ჩვენი მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ რეკომენდაციების უმეტესობა გავითვალისწინეთო და რატომ უმეტესობა და არა ყველა რეკომენდაცია, ეს არ მესმის. ამიტომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სარისკოა, რომ ეს მოსამართლეები მაინც უნდათ რომ აირჩიონ და საერთოდ მიკვირს რატომ მიდის სიტუაცია ამ დონემდე. ეს ყველაფერი ხომ შეიძლება დიპლომატიურ დონეზე ყოველგვარი გახმოვანების გარეშე მოგვარდეს - ელჩი მივიდეს მინისტრთან, მინისტრთან მივიდეს ელჩი, ისაუბრონ, რაღაცაზე შეთანხმდნენ. ესე იგი ვერ შეთანხმდნენ და მაინც კონფლიტს აქვს ადგილი. სულ რაღაც გარეთ გამოდის, სულ ვიღაც უკმაყოფილოა, ეს თავისთავად მგონია, რომ რაღაც სიპტპომია, რომ მიდგომებია არასწორი", - თქვა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას. კითხვაზე თუ მოხდა ისე, რომ ფინანსური დახმარება შეჩერდა რა პრობლემის წინაშე დადგება საქართველო? - გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დანაკლისი ყველა სექტორს შეეხება. ამ ბოლო ხანებში რითი ვსულდგმულობთ? როგორც მოგეხსენებათ, ამ კოვიდის გამო, საქართველოში ყველა ბიზნესი გაჩერებულია. უზარმაზარი ვალი დაგვიგროვდა, მაგალითად იგივე საავადმყოფოებში მედიკამენტები და სხვა საშუალებები. ეს ყველაფერი საიდანაა? ეს ყველაფერი საერთაშორისო გრანტებიდანაა და მათ შორის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დახმარებიდან. ჩვენ კოვიდის შემდგომი რეცესიიდან გამოსვლისთვის დახმარება აუცილებლად გვჭირდება სოფლის მეურნეობისთვის, მცირე ბიზნესისთვის, გრანტები მრეწველობის განვითარებისთცვის და ა.შ. ამ ყველაფერზე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება თუ არ იქნება, კრიზისიდან გამოსვლა და წინსვლა ძალიან გაგვიჭირდება. ეს ყველა სექტორს დააკლდება. ეს ის თანხა არაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს, მაგრამ ეს ის თანხებია, რომლებიც ძალიან გვჭირდება", - განაცხადა გოგოლაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ პროცესი შეაჩეროს და პარლამენტის მიერ ახალი კანონების ინიცირებას დაელოდონ. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გვთხოვენ, რომ დროებით შეაჩერეთ და ეს კანონმდებლობა წესრიგში მოიყვანეთ და შემდეგ ჩაატარეთო, ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა. ეს დაახლოებით იმას, ჰგავს, პარლამენტში მაჟორიტარების ფრაქცია აჯანყდა და დაპირებას ამიტომ ვეღარ ვასრულებთო, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე იყო საუბარი. ეს არავინ დაიჯერა, რადგან როგორ შეიძლება მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილის დაპირების წინააღმდეგ წასულიყვნენ, რომელი მაჟორიტარი გაბედავდა ამას?! ახლაც ასეთი სიტუაციაა - რომელი მოსამართლეთა კოლეგია, ან საბჭო გაბედავს იმას, რომ თუ პარლამენტმა და მთავრობამ სთხოვეს, რომ მოდით დროებით შეაჩერეთ, ან ვადები გადასწიეთ, მათ უარი თქვან და მაინც ჩაატარონ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ამას არავინ დაიჯერებს," - განაცხადა გოგოლაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

 

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი ოცნებამ" თავისი წილი პასუხისლმგებლობის რეალიზაციაზე უკან დაიხია, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება. „ელჩების ეს განცხადება პესონალური განცხადება არაა, ევროპული სტრუქტურებიდან მომდინარე სიგნალია და ამ შემთხვევაში ის ნაბიჯები, რომელიც ამ რეკომენდაციებში არ ჩაჯდება, ესაა მიშელის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, როგორც მათ მიერვე ითქვა. თუკი ხელისუფლება ხელშეკრულების შესრულებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის დროს მოითხოვდა, ახლა უკვე ის დრო დადგა, როცა ხელშეკრულება თვითონ აქვს შესასრულებელი. თუკი თავისი წილი პასუხისმგებლობის რეალიზაციაზე უკან დაიხია, ალბათ ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაიზრდება", - განაცხადა საყვარელიძემ. კითხვაზე, ხელისუფლება ახდენს თუ არა მიშელის დოკუმენტის რევიზიას და გამიზნულად ხომ არ ამბობს უარს მისთვის არასასურველი პუნქტების შესრულებაზე, საყვარელიძე ამბობს, რომ: თუ არ ასრულებს, ესე იგი გამიზნულად არ ასრულებს. ასეთ სიტუაციაში შემთხვევით არშესრულება თითქმის შეუძლებელია და რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ გამიზნულად ჰქონდეს განზრახვა, რომ ამ პუნქტების შესრულებიდან თავი დაიძვრინოს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თუკი ეს ასეა, ჩემთვის გაუგებარი იქნება ხელისუფლების მოქმედება, რადგან როცა ხელისუფლება კანონდარღვევებზე ძალიან თამამად მიდის, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა, ისეთ ხელისუფლებას ფარის მაგვარი რამ სჭირდება და შესაბამისი ფარის მაგვარი სასამართლო სტრუქტურები, რომ თავი დაიცვას. ამ ხელისუფლებასთან კი კანონზე ასეთი თამამი გადაბიჯება არ ხდება. ასე რომ, გაუგებარია რაში სჭირდებათ მათ მოსამართლეთა კორპუსში ეს ამდენი წვალება და სალანძღავად თავის გახდომა, გინდ საკუთარი ქვეყნის მოქალქეების და გინდ უცხოელების მხრიდან," - განაცდა საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 473 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 27 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.