ისტორიული გაცვლა საქართველოს შუამავლობით - რატომ კარგავს რუსეთი კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსს

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივნისს მიღწეულ შეთანხმებას, რომელშიც შუამავლის სტატუსით აშშ-სთან ერთად საქართველოც იყო ჩართული, ანალიტიკოსები ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებენ.

ეს ერთის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საქართველო კავკასიაში თავის ისტორიულ როლს იბრუნებს, მეორეს მხრივ კი ამით რუსეთი რეგიონში ერთადერთი და უალტერნატივო მედიატორის სტატუსს კარგავს. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანმა შარშანდელი ომისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთისაგან აღდამის რაიონის დანაღმული ტერიტორიების რუკა მიიღო. ეს შეთანხმება პირდაპირ უკავშრდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერის კავკასიურ ტურნეს, რომელიც გასულ კვირაში ჯერ თბილისს ეწვია, შემდეგ ბაქოსა და ერევანს და ბოლოს კვლავ თბილისს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისტორიული გაცვლა საქართველოს შუამავლობით - რუსეთი კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსს კარგავს.

 

“ანალიტიკოსების შეფასებით ესაა, უპრეცენდენტო ფაქტი, რის შედეგადაც რეგიონში აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის როლი იზრდება. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანი-სომხეთის შარშანდელი ომის მიმდინარეობისა და განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ერთადერთი შუამავალი, რომლის მეშვებითაც დაპირისპირებული მხარეები ტყვეთა გაცვლისა თუ სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავდნენ და შეთანხმებას აღწევდნენ, რუსეთი იყო. “მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში”, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას. მისი შეფასებით, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რასაც რეგიონის მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. “ჩვენი ძმები დაბრუნდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ევროკავშირიდან პარტნიორების ძალისხმევის დახმარებით. ისინი აზერბაიჯანიდან საქართველოში წითელი ჯვრის დახმარებით გადავიდნენ, იქიდან კი - ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტით სომხეთში შემოვიდნენ”, - ამის შესახებ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა. რაც შეეხება საქარტველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას, ამბობს, რომ საქართველოს როლით ამაყობს, რომელიც აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად შეასრულა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად. სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად”, - წერს ღარიბაშვილი “ტვიტერზე”. ანალიტიკოსები ამ შეთანხმებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველო ამით სამხრეთ კავკასიაში თავის ისტორიულ როლს იბრუნებს. ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის აზრით, ეს როლი ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვაში მდგომარეობს”, - დასძენს გამოცემა.

 

“სწორი, თანმიმდევრული, რაციონალური ნაბიჯებით იბრუნებს საქართველო თავის ისტორიულ როლს კავკასიაში. საამაყოა, რომ ისეთ მგრძნობიარე თემაზე, რასაც აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება ჰქვია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა და პოსტკონფლიქტური დაძაბული ურთიერთობის განმუხტვისაკენ კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა - საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა სომხეთის 15 მოქალაქე. აუცილებლად ასაღნიშნია ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ჩართულობა და საქართველოსთან კოორდინაციით ერთი რეგიონული პრობლემის გადაჭრა. საქართველო კავკასიის რეგიონული გასაღებია, ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მშვიდობის ბალანსის დაცვა რეგიონში”, - წერს ზურაბ ქადაგიძე. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ ფაქტი, რომელიც, საქართველოსა და აშშ-ის ფასილიტაციით მოხდა, უაღრესად მნიშვნელვანია, სადაც დიდი წვლილი შეერთებულ შტატებს მიუძღვის”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამე მოხდა, რომელსაც მივესალმები. აქ ძირითადი ფაქტი ისაა, რომ სომხეთის დასავლეთისკენ შემორტიალება უნდათ და რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, ამიტომ საქართველოს იფარებენ, რაც ძალიან კარგია. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველო შუამავალი უნდა ყოფილიყო, რასაც აქამდე საშველი არ დაადგა. ახლა როგორც იქნა ამის გაკეთება ამერიკელებმა მოახერხეს. თამაშში ახლა ამერიკელებს უნდათ შემოსვლა. ამდენ ხანს არ შემოდიოდნენ, რადგან არჩევნები იყო. ამერიკელებმა შეგვიყვანეს თუ ჩვენ შევედით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა კითხვები იბადებოდეს, უაღრესად დადებითი და კარგი ფაქტია. დადებითია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩაერთო, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთი ყარაბაღის გარჩევებში როგორც იქნა შემოდის, სადაც ამერიკაა წამყგვანი და მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს ამერიკის გვერდში ვართ და არა რუსეთის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“კარგი მოვლენაა, თუმცა როცა ომი დაიწყო, სჯობდა საქართველოს ეს როლი გამოეყენებინა. ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ორი უნიკალური როლი აქვს, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ესაა მოპასუხე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იტყვის, რომ ვიდრე რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საქართველო კავკასიის საქმეებში რუსეთის ჩართულობას ვერ ხედავს და მეორე, საქართველო ყოფილიყო თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესების გამჟღერებელი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ახლა ამერიკამ გააკეთა. ეს ტურნე შუამავლობისა და ფასილიტაციისთვის იყო. რიკერი ჯერ საქართველოში ჩამოვიდა და ალბათ იკითხა - ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ და თქვენ შემოდიხართ თუ არა თამაშშიო. როცა ჩვენგან ალბათ აღტაცებული პასუხი მიიღეს, რადგან ქართული მხარე მარტო ამის გამკეთებელი არ იყო, მერე უკვე ბაქოში და ერევანში წავიდა და უთხრა - მოდი ეს გავაკეთოთ და ამაში საქართველოც ჩავრთოთ. შემდეგ დაბრუნდა თბილისში და უთხრა, რომ ბაქო და ერევანი თანახმანი არიან. ანუ ეს პირწმინდად ამერიკული პროექტია, სადაც მადლობა ამერიკას, რომ ჩვენ დაგვინახეს, როგორც პარტნიორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მგონია, რომ რუსეთი მაინც კარგად მიხვდება რა მოხდა. ის ხედავს დასავლეთი როგორ შემოდის კავკასიაში. ამას დაიმახსოვრებს და შესაძლოა ბაქოსაც და ერევანსაც შეახსენოს. ერევანი რუსეთის მოკავშირედ ითვლება და შესაძლოა არჩევნებზე ფაშინიანი რუსეთმა, ასე ვთქვათ, დასაჯოს და კოჩარიანის მოსვლას ხელი შეუწყოს. ეს პატარა ეპიზოდი ძალიან ბევრ ეპიზოპდებს მოიცავს, ძალიან კარგად გააზრებული კომბინაციაა, რისი დადგმაც ქართველებს დღეს არ შეუძლიათ. ესაა ბრწყინვალედ გაკეთებული ამერიკული პროექტი”, - დასძენს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “თუ ყოფილა მსგავსი პრეცენდენტები, რომ საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რაიმე შეთანხმება მიღწეულიყოს?” - პასუხობს:

 

“არა, მე არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსენდება. ასეთი გათვლები პოსტსაბჭოთა სივრციდან გამომდინარე შევარდნაძეს შეეძლო, მაგრამ მას ეს არ გამოუყენებია. ერთადერთი გათვლები არა ყარაბაღის თემაზე, არამედ ნავთობსადენზე იყო, თუმცა ეს სხვა საკითხია. მაშინ შევარდნაძის ჩართულობით მოხდა მილების საქართველოზე გაყვანა, თუმცა ამას ომის მოგვარებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია, პირიქით ამით სომხეთი გვერდზე გასწიეს, ახლა კი დასავლურ პოლიტიკას ჩართეს, რაც ძალიან კარგია. წესით ეს რუსეთს უნდა გაეკეთებინა, პატიმრები მას უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ ვერ გააკეთა. არჩევნები მოდის, ფაშინიანს პროექტი ჩავარდნილი აქვს, უცებ ჩამოვიდა ამერიკა და ტყვეების ნაწილი გამოიყვანა. ეს სომხური საზოგადოებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. რუსეთი პატიმრების გათავისუფლებას, ისევე როგორც ყარაბაღის კონფლიქტს, აჭიანურებდა. ჩამოვიდა ამერიკა და უცებ გააკეთა. სომხეთმა დაინახა რა არის რუსეთი - რომ დროს წელავს და საქმეს არ აკეთებს. მაგარი ოპოერაცია განხორციელდა, აღტაცებული ვარ”.

წაკითხვა 429 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.