“რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ”
“ამ სამიტზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პოლიტიკას უახლოესი ათწლეულის მანძილზე.
ეს პოლიტიკა მრავალი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ნატოს ღია კარის პოლიტიკის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაძლიერებაა, რათა მეტად დავეხმაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, ნატოს წევრი გახდნენ. რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ განუხრელად ერთგული ვრჩებით იმ დაპირებისა, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დავდეთ - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან! ამ მიზნის მისაღწევად გვსურს მეტი გავაკეთოთ საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად”, - აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯეიმს აპატურაი: “რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით და საქართველოზე ხელს არ ავიღებთ” / “როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს პრაქტიკული ბარიერები არ ექნება ნატოში გაწევრებისთვის”.
“დიახ, ვიცი, რომ სამიტზე საქართველოს და უკრაინაა არმიწვევას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მიზეზი ტექნიკურია - დროის სიმცირე. ჩვენ მხოლოდ სამი საათი გვქონდა. ეს საგანგებო სამიტი გარკვეულწილად მორგებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განრიგზე, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ ნატოში საკუთარ კოლეგებს შეხვდება, შემდეგ კი პრეზიდენტ პუტინთან მოუწევს შეხვედრა. ამ უკიდურესად შეზღუდულ დროში უნდა განვიხილოთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მათ შორის - რუსეთსა და ჩინეთთან დაკავშირებით. მოგვიწევს, ამ სამ საათში ჩავატიოთ სამიტზე დამსწრე ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის გამოსვლა და პარტნიორებისთვის დრო აღარ რჩება. აღვნიშნავ იმასაც, რომ ევროკავშირიც, რომელიც ყოველთვის ესწრება ჩვენს შეხვედრებს, ამჟამად არ იქნება. ჩვენ მომავალ წელს გვექნება კიდევ ერთი სამიტი, რომელიც ჩვეულ გარემოში ჩატარდება და, რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინაც იქნებიან მიწვეული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯეიმს აპატურაი.
“რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების ყველა ცდას დასაწყისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. გავიხსენოთ გასული წლის პრეცედენტი - როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ნატოს წევრი, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა, ეს არ დაეშვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნატო რეგულარულად იძენს ახალ წევრებს. ასე რომ, კარი ღიაა. მეორე ასპექტი, რომელსაც გამოვყოფდი, არის ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრებას, მაგრამ მოკავშირეები საჯაროდ და ყველას გასაგონად იმეორებენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს ნატოს წევრი! რა თქმა უნდა, გულუბრყვილო არავინაა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ასე აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომ მას ჯარები ჰყავს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ეს საქმეს არ გვიადვილებს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ამის გამო გავჩერდებით და საქართველოზე ხელს ავიღებთ. “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში” - ამ მიდგომის ერთგული ვრჩებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ”, - განაგრძობს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.
“ვფიქრობ, ჩვენ უკვე დიდი ხანია გავცდით პოლიტიკური განცხადებების ხანას და პრაქტიკული ნაბიჯების ფაზაში გადავედით. ერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ნატოს მზარდი ჩართულობა საქართველოში. მსგავსი მაგალითი არ გვაქვს თუნდაც ჩრდილოეთ მაკედონიაში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, გვაქვს ყოველწლიური წვრთნები, თბილისში მუშაობს ნატოს მუდმივი წარმომადგენელი საკუთარი გუნდით. რა თქმა უნდა, გვაქვს უწყვეტი და მაღალი დონის სამხედრო თუ პოლიტიკური ვიზიტები. იზრდება თანამშრომლობა შავი ზღვის კონტექსტში - საქართველოს სანაპირო დაცვის მშენებლობაში ვეხმარებით. გვაქვს აშკარა და მნიშვნელოვანი პროგრესი. როდესაც ვუყურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ვადარებ იმას, რაც 10 წლის წინ იყო, განსხვავება დღისა და ღამის ტოლფასია, რაც შესანიშნავი მიღწევაა. განხორციელდა რეფორმები იმ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ნატოსთან არის დაკავშირებული, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურში, სადაზვერვო სამსახურსა და მმართველობაში. ასე რომ, მხოლოდ სიტყვებს არ ვჯერდებით”, - განმარტავს ჯეიმს აპატურაი.
“მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა რეფორმას, რაც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ეს მხარდაჭერა არის როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული, რაც იმის წინაპირობაა, რომ როდესაც პოლიტიკური თანავარსკვლავედი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება, საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის პრაქტიკული ბარიერები არ ექნება. ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია. ჩვენ პოლიტიკურ დონეზე ვერ გავაკონტროლებთ გაწევრების პროცესს, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ ყველა პირობა, რომ როდესაც პოლიტიკურ კონსენსუსს მივაღწევთ, ნატოში გასაწევრებლად ყველა სხვა ელემენტი სათანადო დონეზე იყოს. მესმის თქვენი სკეპტიციზმი და იმედგაცრუება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ნატო შეეგუა “გავლენის სფეროების” პოლიტიკას. ძალიან ადვილი იქნებოდა დასავლელი სკეპტიკოსების აზრის გაზიარება, იმ ხალხისა, ვინც ამბობს, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, დაე, ჰქონდეს რუსეთს თავისი გავლენის სფერო, დავანებოთ თავი საქართველოსა და უკრაინას, უარი ვუთხრათ ნატოში გაწევრებაზე, შედეგად რუსეთთან პრობლემები არ შეგვექმნება და ჩვენს საქმესაც უკეთ მივხედავთო. მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებისა, - ამბობს რესპონდენტი.
“ამას არ გავაკეთებთ, რადგან ჩვენ გვჯერა პარიზის ქარტიაში ჩაწერილი პრინციპისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდელი, საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია. ასე რომ, ძალიან ადვილი იქნებოდა დანებება და თამაშიდან გასვლა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და არ გავაკეთებთ, რადგან ვაღიარებთ და პატივს ვცემთ საქართველოს არჩევანს, რომ ის არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ მერწმუნეთ, არც ნატოსთვის არის იოლი. ალბათ, მეტის გაკეთებაც შეგვიძლია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მეტის გასაკეთებლად!” - დასძენს აპატურაი და შეკითხვაზე - “ბოლოს მინდა გკითხოთ ნატოს ჩართულობაზე შავ ზღვაში. რას უნდა ველოდოთ მომავალში?” - პასუხობს:
“ ჩვენ მომხრე ვართ სტაბილური განვითარების, რათა ვითარება შედარებით მართვადი იყოს. ეს გულისხმობს მეტი ინფორმაციის გაცვლას, სანაპირო დაცვის ტრენინგს _ საქართველოს შემთხვევაში და დახმარებას უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ მეტ წვრთნას ვატარებთ შავ ზღვაში, რის შესახებ ბევრ რუსულ პრეტენზიას ვისმენთ და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაში მოკავშირე წევრების გემების რაოდენობის ზრდას, ვხედავთ ამერიკულ გემებსა და საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავებს. ახლა საკითხი ასე დგება - კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია? მიმდინარეობს დისკუსია ნატოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ზრდაზე შავი ზღვის იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე არიან ალიანსის წევრები. ეს დისკუსია არ შეჩერებულა და ვნახოთ, სად მიგვიყვანს... ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ რუსები. თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება ისე, რომ ხელს გვიშლის ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცვაში, სათანადო ზომებს მივიღებთ!”
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"