"ომი არავის ინტერესში აღარაა, აშკარაა, რომ პუტინიც ცდილობს გამოსავალი მონახოს" - ნინო კალანდაძე
„რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 25-ე დღე გრძელდება. თავდაცვის ძალების მოქმედებების მდგომარეობაში, პოზიციასა და ხასიათში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. უკრაინის დამცველები ოკუპანტების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აგრძელებენ“, –ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ომის წესების შესახებ საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევას.
„მასობრივად ფიქსირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმის გამოყენების ფაქტები რუსი დივერსანტების მიერ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ქალაქები და არის მსხვერპლი. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ შორის ბავშვები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის, რაც ოკუპანტებმა მარიუპოლს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც საზოგადოებას საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრება.
„ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლი შევა პასუხისმგებლობის ისტორიაში სამხედრო დანაშაულებისთვის. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც. და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ფაქტია, რომ ამ ომმა მსოფლიო შეცვალა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დღემდე უცნობია როგორ დასრულდება არსებული კონფლიქტი. შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო მოლაპარაკებების მოსაწყობად უკვე შვეიცარიაც მზადაა.
„შვეიცარია ნეიტრალიტეტს ჰუმანიტარულ ტრადიციებთან აერთიანებს. ეს არის პატარა ქვეყანა თავისუფლებისადმი მტკიცე ერთგულებით. ის მზადაა, იყოს შუამავალი კულისებში ან აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა.
რუსეთ - უკრაინის ომი FirstNews.ge - თან საუბარში „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, - ნინო კალანდაძემ შეაფასა.
- რუსეთმა დაუნდობელი და აშკარად გაუაზრებელი ომი წამოიწყო. ამ ჯერზე, პუტინმა რისკები აშკარად ვერ შეაფასა და, როგორც ჩანს, იმაზე დიდ ფასს გადაიხდის, ვიდრე ყველაზე ცუდ სიზმარში წარმოიდგენდა. ეს ერთგვარად გასაგებიცაა. მან თავისი ძალები და დასავლეთის რეაქცია მოსინჯა ჯერ კიდევ 2008-ში საქართველოში, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში. 2008-ში დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად რუსეთისთვის სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად, ჯერ განტევების ვაცის ძებნა დაიწყო, ხოლო ამის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, იმ პირობებში, როცა რუსეთი ღიად და უხეშად არღვევდა საქართველოსთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და აგრძელებდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ეს იყო პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ შემდეგ მას 2014-ში მოეხდინა ყირიმის ანექსია. უფრო მეტიც, ამის შემდეგ დასავლეთი აგრძელებდა მოსკოვთან ე.წ. business as usual პოლიტიკას, არ წყვეტდა (და ზრდიდა!) მასზე ევროპის ქვეყნების ენერგო დამოკიდებულებას, რითაც წლების მანძილზე ამდიდრებდა პუტინის კორუფციულ ჯიბეს, რასაც ის, დღეს იმავე ევროპის წინააღმდეგ იყენებს.
ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, პუტინს მცდარი სურათი შეუქმნა დღეს არსებულ რეალობაზე უკრაინაში. ეგონა კიევი ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, როგორც 2014 ში, ხოლო დასავლეთი კვლავ დაუხრიდა თავს და მის სასარგებლო კომპრომისს დათანხმდებოდა. რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა: პუტინი მოულოდნელად დაუპირისპირდა გამაოგნებლად ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ მამაც ერს და საოცრად ერთსულოვან, კონსოლიდირებულ დასავლეთს, რომელმაც, ისწავლა რა წარსულ შეცდომებზე და შეაფასა საფრთხეები ადეკვატურად, დათმობის ნაცვლად იქით შეტევაზე გადავიდა. პუტინის გამოწვევა უკრაინასთან ერთად მიიღო მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ.
- როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს კონფლიქტი?
- მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორსაა, ვინაიდან ჯერ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და მხარეები გადავიდნენ მოლაპარაკების „სამშვიდობო“ ფორმატზე. ომი არავის ინტერესში აღარაა. აშკარაა, რომ პუტინიც ცდილობს გამოსავალი მონახოს. ამას მოწმობს მისი მხრიდან წამოწეული შეთავაზებები. მისი პოზიციების სისუსტეზე მეტყველებს მისი საჯარო გამოსვლებიც, რომლებითაც მას მისი მოსახლეობის ხელოვნურად გამხნევება და რუსულ უპირატესობაში დარწმუნება უწევს პრაქტიკულად ყოველდღიურად.
დასავლეთსა და უკრაინაზე მისი ზეწოლის ბერკეტი არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, დევნილები და ლტოლვილები, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება უკრაინის მხარეს. დიდი წნეხია ეს პრეზიდენტ ზელენსკიზე, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაზე. ამავდროულად, უკრაინული მხარის უპირატესობა ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთის დახმარებით ძლიერდება მათი სამხედრო და მატერიალური, შესაბამისად პოლიტიკური პოზიციები. ხოლო სანქციებს დაქვემდებარებული რუსეთი ყოველდღიურად სუსტდება. შესაბამისად, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინა ახლა რაიმე სერიოზულ დათმობაზე წავიდეს. პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ისეთი რამ სჭირდება, რასაც იგი „სახლში“ მეტ-ნაკლებ წარმატებად წარმოაჩენდა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან უნდა შეინარჩუნოს სახე თავისივე ხალხთან, რომელსაც წლების მანძილზე აჯერებდა, რომ უკრაინა არ არის ერი და არის რუსეთის ნაწილი, რომელიც ნაცისტური რეჟიმისგან უნდა იხსნას. ახლა კი ხალხს უნდა აუხსნას, რომ მის თავში მოხარშულ არარსებულ იდეას შესწირა რუსეთის ეკონომიკა და სამხედროების სიცოცხლე და იზოლაციაში მოაქცია მთელი ქვეყანა. ასეთი რამის შეთავაზება კი შეუძლებელი ჩანს ამ ეტაპზე ვიდრე პუტინი უკან არ იხევს თავისი მოთხოვნებისგან უკრაინამ უარი თქვას ნატოზე, მოხდეს უკრაინის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და ე.წ. დენაციფიკაცია, ანუ ზელენსკის ადმინისტრაციის და ამით ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის ჩანაცვლება.
უკრაინა კი ამ პოზიციიდან არ დათმობს სუვერენიტეტს და არ მიიღებს ოკუპაციას მოცემულობად. მოლაპარაკების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი რესურსი იქამდე არსებობს, ვიდრე შანსია, რომ კომპრომისის შედეგად ორივე მხარე მოგებული დარჩეს, თუნდაც მინიმალურად, მხარეების წითელ ხაზებამდე. ხოლო თუ პირობები ურთიერთგამომრიცხავია, მაშინ კომპრომისი ვერ მიიღწევა. უკრაინისთვის ასეთი წითელი ხაზი ნატოს წევრობა ან ანალოგიური ალტერნატიული საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებია, ისევე როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა. ამისთვის გაიღო მან მსხვერპლი და ამისთვის იბრძვის ის დღეს ასე შეუპოვრად. ეს კი პირდაპირ გამორიცხავს პუტინის ინტერესს უკრაინა არ არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ერთეული. ამდენად გამოირიცხება კომპრომისიც. ხოლო დათმობაზე წასვლა მოუწევს იმას, რომელსაც სავაჭრო პოზიციები ექნება უფრო სუსტი. დღეს კი ისე ჩანს, რომ ეს სწორედ ვლადიმირ პუტინი იქნება.
- ნატო აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობას ზრდის. რა შესაძლო სცენარისთვის ემზადება ალიანსი?
- როგორც ზევით აღვნიშნე, ალიანსის წევრ ქვეყნებს ბევრი დრო და სამწუხარო მაგალითები, ისევე როგორც დიდი მსხვერპლი დასჭირდათ იმის დასანახად, რომ რუსეთი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის.მაგრამ უკრაინის ომმა და ამის წინმსწრებმა სადაზვერვო სამუშაოებმა ნათლად და იმედია შეუქცევადად დაანახა დასავლეთს, რომ ომის დამნაშავეებთან მოლაპარაკება და დათმობებზე წასვლა არ შეიძლება და შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომ, იგი ახლა აძლიერებს თავის მოკავშირეებს, ამავდროულად ქმნის უსაფრთხოების ალტერნატიულ სტრუქტურას, რათა პუტინის რევიზიონისტული ზრახვები, საბჭოთა საზღვრების და რეგიონული გავლენების აღდგენა როგორც უტოპიური და წარუმატებელი მცდელობა ჩაბარდეს ისტორიას.
- შესაძლებელია, რომ ნატო ან რომელიმე მისი წევრი ქვეყანა ამ ომში უშუალოდ ჩართოს?
- ამის ალბათობა ამ ეტაპზე დაბალია. რუსეთ-უკრაინის ომში ნატოს უშუალო ჩართვა ზრდის რისკებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბრძოლის არაკონვენციურ მეთოდებს, ვინაიდან მას შესაძლოა დასაკარგი აღარაფერი ჰქონდეს, რაც, ცხადია არავის ინტერესში არაა. თუმცა, როგორც ნატო ეხმარება უკრაინას, მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან ზრდის შანსებს, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს.
- შეცვლის თუ არა ეს ომი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს?
- უკრაინის ომმა უკვე შეცვალა მსოფლიო და მისი პოლიტიკის დღის წესრიგი. ევროპას უკვე ჰყავს 3 მილიონი ახალი ლტოლვილი და მას აღსადგენი ექნება უკრაინა. ამავდროულად, დასავლეთი საბოლოოდ ჩამოყალიბდა პუტინის რუსეთთან მიმართებით და მყისიერად დაიწყო ალტერნატიული უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ევროპამ დაიწყო მისი ენერგოპოლიტიკის გადახედვა. რაც მთავარია, ამ ომმა შეცვლა არა მხოლოდ დედაქალაქების ხედვები და პოლიტიკა, არამედ ფუნდამენტურად შეცვალა მათ უკან მდგომი ხალხის და მოსახლეობის დამოკიდებულებები. ბოლოს როდის გვინახავს ჩვენ ბერლინსა და პარიზში ამდენი ადამიანი ქუჩაში მდგომი, ერთსულოვანი პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ? დემოკრატიებში ეს დიდი წნეხია, რომელიც ასე ადვილად ეკონომიკური არგუმენტების სასარგებლოდ ვეღარ გადაიხედება. ეს ომი შეცვლის რეგიონში ძალთა ბალანსს და შექმნის ახალ რეალობას. იგი შეცვლის ჩვენს ბედსაც და თვისებრივად ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენებს.
- როგორია საქართველოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
- საქართველოში თუ ხალხს მოვიაზრებთ, ვფიქრობ ძალიან ნათლად ჩანს, რომ ქართველ ხალხს არც ღირებულებების პრობლემა აქვს და არც მის მიერ არჩეული კურსიდან გადაუხვევია. ჩვენთვის უკრაინა მეგობარია, სტრატეგიული პარტნიორია და გზაა ჩვენი თავისუფლებისკენ. ხოლო, თუ ჩვენ საქართველოში ხელისუფლებას ვგულისხმობთ, რომელიც ხალხის აზრს დიდი ხანია ღიად უგულებელყოფს, მათი პოზიციაც ცხადია: ისინი საქართველოში დღეს (და ჩემი ღრმა რწმენით დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა) ატარებენ რუსულ ინტერესებს, რითაც უქმნიან ქვეყანას საფრთხეს, რომ აღმოჩნდეს დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში და რაც მთავარია, მას ხელიდან გააშვებინოს ისტორიული გარღვევის შანსი - ისეთი, როგორც შესაძლოა კიდევ დიდ ხანს აღარ მოგვეცეს.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო