November 23, 2024

ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს

„მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი...

თუ ნატო-ში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ახალ ინიციატივას, რომლის შესახებაც უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა ნატო-ში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს.

 

“ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება შესაძლოა ახალი წესით დაიწყოს. კერძოდ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა “უსაფრთხოების საკითხებში კიევის ფორუმის” ონლაინ დისკუსიის ფარგლებში ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების ახალი გეგმა წარმოადგინა. ვოლკერის თქმით, ისეთი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან კონფლიქტი აქვთ, ალიანსში უნდა მიიღონ ისე, რომ ნატო-ს მოეხსნას მე-5 მუხლის შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული დაიწყოს საომარი მოქმედებები რუსეთთან და დაიცვას თავისი ახალი წევრის ოკუპირებული ტერიტორიები. საუბარია როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინასა და მოლდოვაზე. უფრო კონკრეტულად კი, ვოლკერის აზრით, ნატომ და მასში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააფორმონ შეთანხმება, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. აღნიშნული შეთავაზება ვოლკერმა განმარტა იმით, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება და მე-5 მუხლის პირობების შესრულება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთს არ უნდა ალიანსში შესვლის შესაძლებლობა მისცეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რის გამოც აღნიშნული ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ხოლო ალიანსის წევრებს კი არ გააჩნიათ განსაკუთრებული სურვილი, რომ საკუთარ რიგებში მიიღონ ქვეყანა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ეს ავტომატურად იმის ნიშნავს, რომ რუსეთთან ომი უნდა დაიწყონ ამ ტერიტორიების ძალით დასაბრუნებლად”, - განაცხადა ვოლკერმა ონლაინ დისკუსიის მსვლელობისას. ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მსგავსი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ნატო “ვალდებულებას იღებს, რომ პირველი არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად”. თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის გავლენისა, ვოლკერის მიერ გამოთქმული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება და აღნიშნული მოდელით იხელმძღვანელებს ალიანსი”, - დასძენს გამოცემა.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატო-ს ერთი-ერთი წევრი, მართალია, ყველაზე გავლენიანი, მაგრამ ერთ-ერთი და მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. არა მგონია, რომ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები დაეთანხმონ ამ ინიციატივას. უკვე 12 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმება. გერმანია პოზიციას არ იცვლის, თუმცა, არა მხოლოდ გერმანია არ იცვლის პოზიციას, მაგრამ ის ყველაზე აქტიურად. ვოლკერის ინციატივა შესაძლოა ჩვენ მოგვწონდეს, მაგრამ ჯერჯერობით გერმანიაში ასე არ ფიქრობენ და, პირველ ყოვლისა, იქაა სამუშაო. თუ ნატოში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რაც არაა საკმარისი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

წაკითხვა 1782 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.