“საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება” - თემურ ჭყონია

“თუ ექიმები, სპორტსმენები, იურისტები და უსაქმურები მიდიან პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენებსაც გაუჩნდეთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი?

ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა არ ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობასა თუ პარლამენტში ჩვენ მათი სახით პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვიხილავთ, მაგრამ მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც, შესაძლოა, სასიკეთოდ გამოადგეს ქვეყანას. ხომ არსებობენ ექსპერტები, რომლებსაც სპეციალური ექსპერტული განათლება არა აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობენ და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტებმა დაარქვით მათ ექსპერტები. ასეა პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთი კვირის წინ ბიზნესმენი იყო, ერთი კვირის შემდეგ უცებ სერიოზული პოლიტიკოსი გახდეს?! მაგრამ ესეც პოლიტიკის შემადგენელია - ექსპერტებიც, რომლებიც პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც რაღაც ეტაპზე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა გადაწყვიტეს”, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ჭყონია: “საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება” / “ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა, კოალიციური აზროვნება, რომელიც კი არ გაარემონტებს საქართველოს, არამედ საფუძვლიანად ააშენებს მას”.

 

“მოდი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ. პარლამენტმა თამბაქოს დაბეგვრის გადასახადი მნიშვნელოვნად გაზარდა და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტს ამან დიდი ზარალი მოუტანა, კონტრაბანდული თამბაქოს წილი გაიზარდა, მასთან ბრძოლასაც ხარჯები სჭირდება და ესეც ბიუჯეტს აწვება. ესეც ადასტურებს, რომ დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს, ბიზნესი არ ესმით, ვერ ხვდებიან, რა შედეგი მოჰყვება მათ გადაწყვეტილებებს... ჩვენში პოპულარობა - ბიზნესმენი იქნება ის, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი, განისაზღვრება მედიაში ხშირი გამოჩენით. ასე იქმნებიან ე.წ. ცნობილი სახეები, არადა, ობიექტურად რომ მივუდგეთ საკითხს, პოპულარობას უნდა განსაზღვრავდეს მუშაობისა და ცოდნის შედეგი... ბიზნესმენების რაოდენობა პარლამენტში თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი ერთიან, რა თქმა უნდა, სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. პარლამენტში აქამდეც ბევრი ბიზნესმენი გვინახავს და ისინი, ძირითადად, თავიანთ ბიზნესს ლობირებდნენ, ამიტომ აუცილებელია მომავალ პარლამენტში, თუნდაც ბიზნესიდან მოსულ ადამიანებს შორის, ქვეყნის განვითარების საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს. საზოგადოების ცნობიერებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - რა დაკვეთას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის მთავარი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭყონია.

 

“არსებობს ამომრჩევლის ხმის მოპოვების ორი გზა. ერთია საარჩევნო პროგრამით და ეს საკმაოდ რთულია, რადგან შესაძლოა ელექტორატისთვის, რომელსაც ესაუბრები, რთული იყოს ამ პროგრამის აღქმა. ყველაზე ადვილია ხმის მოპოვება მანიპულაციებით. ჩვენი საარჩევნო სისტემა მანიპულაციებზეა აგებული. მანიპულაციაა, როცა არჩევნების დროს ზრდი ხელფასს, არიგებ დახმარებებს, გასცემ სუბსიდიებს, აგებ გზებს, მართავ კონცერტებს და სხვ. ამიტომ არის, რომ როცა თქვენ ეკითხებით პოლიტიკოსებს, რა პროგრამით მოდიან ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, საგნობრივად ვერავინ გპასუხობთ. პროგრამა უნდა იყოს გრძელვადიანი და თანამიმდევრული. უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს, არ იყოს ღარიბი ქვეყანა? საქართველო მდიდარი ვერასდროს იქნება, მაგრამ მას შეუძლია იყოს კარგი ქვეყანა. არა ისეთი ღატაკი, როგორიც ახლაა. საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ იყოს საშუალო დონის ქვეყანა”, - მიიჩნევს ბიზნესმენი.

 

“ვფიქრობ, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და იმ შემადგენლობას, რომელიც მათ პარტიაში გაერთიანდა, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ამომრჩევლის შეცდომა. ვიცნობ მათ ახლოს და ვიცი, რომ მათი ხედვა ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა მხარდაჭერა თუ არ ექნებათ, ეს არ იქნება მათი ბრალი. შესაძლოა ამომრჩეველში სუბიექტურმა შეხედულებებმა გადაწონოს ობიექტური გადაწყვეტილებები. ობიექტურად ეს ადამიანები და მათი პარტიის წევრები მხარდაჭერას იმსახურებენ”, - დასძენს ჭყონია და შეკითხვაზე - “მაინც გატყობთ, 2020 წლის არჩევნებისადმი იმედიანად ხართ განწყობილი...” - პასუხობს:

 

“პირდაპირ გეტყვით, თუ კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენს ოჯახში ოთხი ამომრჩეველი ვართ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით და ჩვენი სამომავლო არჩევანის მიხედვით უკვე ჩამოვაყალიბეთ კოალიციური მთავრობა. საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება. პოლიტიკა და ეკონომიკა რემონტს აღარ ექვემდებარება! რემონტს არ ექვემდებარება აღარც სასამართლო სისტემა - ის უნდა დაიშალოს და თავიდან აეწყოს. რემონტით ვიცხოვრეთ 30 წელი და ამის შედეგია სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა, კოალიციური აზროვნება, რომელიც კი არ გაარემონტებს საქართველოს, არამედ საფუძვლიანად ააშენებს მას!”

წაკითხვა 664 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 18 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.