“მუქარის წერილის” საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!
“ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებას თითქოს მიაღწია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები.
სანამ კანდიდატები დარეგისტრირდებიან შეიძლება გადათამაშებები ისევ მოხდეს. როცა ერთიან გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, ობიექტური პრობლემები ჩნდება, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას აქვს პრეტენზია, რომ თუ საქმე ოპოზიციურ კოალიციაზე მიდგა, თავად იქნება მისი მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი და ამიტომ მან უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატიც. ადვილი მისახვედრია, რომ პრემიერობაზე პრეტენზია მიხეილ სააკაშვილს ექნება, ეს გვარი კი მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მუქარის წერილის” საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!
“მიიღეს დეკლარაცია და 30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რაც თავი მახსოვს, ასეთი დეკლარაციები აქამდეც არაერთგზის მიუღიათ, თუმცა პროცესები სხვაგვარად წარმართულა. რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც პარტიებმა უნდა დადონ პირობა, რომ არ შევლენ კოალიციაში “ქართულ ოცნებასთან”, ეს ძალიან საჭოჭმანო საკითხია. გარდა იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არაერთი ძალაა, რომლისთვისაც “ქართულ ოცნებაზე” მიუღებელი “ნაციონალური მოძრაობაა”, ეს მიდგომა ამოვარდნილია საპარლამენტო მმართველობის ლოგიკიდან და გაუგებარია ამის მოთხოვნა იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გასატარებლად გვინდაო. თუ პოზიტიური ცვლილებები გინდა და სამოქმედო პროგრამაც გაქვს, მაშინ კოალიციაში იმის მიხედვით კი არ უნდა შეხვიდე, ვინ მოგწონს და ვინ არა, არამედ იმის გათვალისწინებით, ვისთან შეძლებ იმგვარ თანამშრომლობას, რომ შენი პროგრამა და შეხედულებები საქმედ იქცეს. ამგვარი ქცევა იქნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ასე არავინ ფიქრობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენში სულ ასეთი დამოკიდებულება იყო _ ოღონდ ეს გავუშვათ ხელისუფლებიდან, მოვიშოროთ და მერე ვინც უნდა მოვიდესო. დღევანდელი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ცდილობს, ისევ ამ რაკურსით იმოქმედოს, არადა, საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტს გადაეწყვიტა აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი და თუ ერთი პარტიის მანდატები ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა, კოალიცია შექმნილიყო... ოპოზიციაში ეს არ ესმით, ისევ შავ-თეთრად უყურებენ ვითარებას და ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მთავარი პრობლემა ივანიშვილის გაშვებაა. ის შესაძლოა, გასაშვებია, მაგრამ დღეს ვითარება სხვაგვარია და უმნიშვნელოვანესია, მოხერხდება თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირება. მოკლედ, ოპოზიციის მცდარი დასკვნები და გადაწყვეტილებები მაფიქრებინებს, რომ შანსი იმისა, მომავალი არჩევნების შედეგად “ქართულ ოცნებას” დასჭირდეს კოალიციის შექმნა, მინიმალურია და ოპოზიცია რაც უფრო გააგრძელებს ფუჭად მუშტების ქნევას, მით მეტად შეამცირებს ამ შანსს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ხელისუფლების სოციალურ პროგრამებს, რომ გითხრათ თუნდაც დასავლურ ქვეყნებში ასეთ მეთოდებს არ იყენებენ-მეთქი, მოგატყუებთ... ეს არ არის პირდაპირი მოსყიდვა, მით უფრო, რომ მსოფლიო და საქართველოც პანდემიის პირობებში ცხოვრობს და ასეთი ინიციატივები გამართლებულია. ამას ოპოზიციამ უნდა უპასუხოს არა იმის ძახილით, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ანგრევენ ქვეყანას, არამედ სამოქმედო პროგრამით, მაგრამ დღეს ოპოზიციას პრობლემები აქვს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილია ოპოზიციის ელიტაში დაპირისპირების საგანი და ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არც ერთიანია, არც საერთო ლიდერი ჰყავს, არც რაიმე გეგმას სთავაზობს საზოგადოებას, მომავალი არჩევნები სოციალური პაკეტების გარეშეც შეიძლება მოიგოს მმართველმა ძალამ. “ქართული ოცნების” წარმატების მიზეზი უმთავრესად იქნება ოპოზიციის დაქსაქსულობა და ურთიერთშუღლი და არა - სოციალური დახმარებები. დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ იყოს არჩევნები, არანაირი გაყალბება არ დასჭირდება "ქართულ ოცნებას", ისე მოიგებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“სამწუხაროდ, საქართველოში პატიოსანი არჩევნები ერთი-ორჯერ თუა ჩატარებული, ისიც - გასული საუკუნის 90-იან წლებში. ყოველთვის არის გადახრა, გაყალბების შემთხვევები, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი მასშტაბის იქნება ეს. რასაც დღეს ვხედავთ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “ქართულ ოცნებას” არჩევნების მასშტაბურად გაყალბების რისკზე წასვლამ არ უნდა მოუწიოს. არ ვიცი, რა იქნება სამი თვის შემდეგ, მაგრამ დღეს ასე ჩანს. ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების გამწვავებას უფრო ველი, ვიდრე ერთობას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, “ქართულ ოცნებას” კი აქვს ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარებების პროგრამები და ა.შ. არჩევნებზე, ტრადიციულად, იქნება დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენმა თუ უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვოდ მიიჩნიონ” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “გია ხუხაშვილის თქმით, “მუქარის წერილზე” დასკვნის გამოქვეყნებით პროკურატურამ თითქოს “გაათეთრა” გახარია, სინამდვილეში კი ვიღაცამ პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაციით გახარიას შეახსენა, რომ მუჭში ჰყავს და თავში ძალიან ნუ აუვარდება პოპულარობა..." - პასუხობს:
“არ არის გამორიცხული, გახარიას გუნდში მართლაც ჰყავდეს არაკეთილმოსურნეები, მაგრამ არა მგონია, მთლად ისე იყოს საქმე, როგორც ბატონი გია ამბობს. ამ ეტაპზე გახარიას პრობლემა ეს ხალხი კი არ არის, არამედ - ივანიშვილი. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ გახარია არ უნდა იყოს პრემიერი, დამერწმუნეთ, არც იქნება. აქ რომ სიტუაცია სხვაგვარი იყოს, ანუ ივანიშვილის ფაქტორი არ მუშაობდეს, მაშინ შესაძლოა რაღაც ჯგუფებს მართლაც ეცადათ მისი დისკრედიტირება. ჩემი აზრით, დღეს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით პროკურატურამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე “დაეხურა” ეს თემა, რადგან შესაძლოა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას ის შავი პიარისთვის უფრო აქტიურად გამოეყენებინა”.
“აქვე ვიტყვი, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია საინტერესო პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილი საერთოდ არ ჩანს და ჯერჯერობით კამპანიას პარტიის ახალგაზრდა ლიდერები წარმართავენ - გახარია, კალაძე, თალაკვაძე. დროდადრო ჩნდება კობახიძეც, რომელიც, მოგეხსენებათ, საარჩევნო შტაბის უფროსია. აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებას” ჯერ არ სჭირდება ამ ბატალიებში ივანიშვილის ჩართვა. ისეთი ვითარებაა, რომ შესაძლოა სულაც ივანიშვილის აქტიურობის გარეშე გავიდნენ ფონს. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, კარგად ორატორობენ, დახვეწეს საუბრის მანერა, არიან მოზომილები, ცდილობენ, ყურადღება დადებით მომენტებზე გაამახვილონ. პოლიტიკურადაც ისეთი გამართულია მათი გამოსვლები, რომ ოპოზიციამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ფრაზაც კი ვერ ნახა, რასაც წამოეკიდებოდა და მათ წინააღმდეგ აამუშავებდა. ივანიშვილს, ალბათ, ვიხილავთ საარჩევნო სიისა და სამოქმედო პროგრამის წარდგენისას. ჯერჯერობით მის სხვაგვარ აქტიურობას არ ველი”, - დასძენს ექსპერტი.
სიახლეები
- ,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი
- საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს
- ,,იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს" - მამუკა მდინარაძე
- ,,დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს"- ბიძინა ივანიშვილი
- ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა