“ოცნების” მესამე ვადა - დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას

„ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნა და უკვე აქვს საკმარისი ადგილები ახალ პარლამენტში, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს.

15 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული მეორე ტური კი, რომელც 21 ნოემბერს გაიმართება, მხოლოდ იმით იქნება საინტერესო, შეძლებს თუ არა “ოცნება” ამ წარმატების კიდევ უფრო გამყარებას. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. გუშინდელი ხანმოკლე აქციის შემდეგ მათ ერთკვირიანი ტაიმაუტი აიღეს და ამ პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, ბოიკოტს გამოაცხადებენ, თუ შევლენ ახალ პარლამენტში. ანალიტიკოსთა უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ასეთი შედეგები ლოგიკურია, რადგან ოპოზიციამ ამომრჩეველს “ოცნების” რეალური ალტერნატივა ვერ შესთავაზა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” მესამე ვადა - დარჩა თუ არა რაიმეს შეცვლის შანსი ოპოზიციას.

 

“ახალ პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის. 1-ლი ნოემბრის საღამოს მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებზე პარტიების მიერ დაფიქსირებული შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 48.07%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” - 27.12%; “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 3.78%; “ლელო - მამუკა ხაზარაძ” - 3.16%; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 3.18%; საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძ - სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15%; “გირჩი” - 2.9%; “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” - 1.34%; “შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1%. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში არაფერი იცვლება და ყველა შემდგომი ხელისუფლება კარგად ითვისებს იმ მანკიერებას, რასაც ხელისუფლებასი მოსვლის ეტაპზე თითქოს ებრძვის. მისივე შეფასებით, ძალიან რთული სიტუაციაა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის წინ ვდგავართ, რაც შემდგომ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს არ გამორიცხავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუ ოპოზიცია პრინციპული იქნება და პარლამენტში არ შევა, შესამისად, საკონსტიტუციო ორგანო მუშაობას ვერ დაიწყებს. კონსტიტუციით 100 კაცი მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ მან მუშაობა დაიწყოს, ივანიშვილს კი ამდენი მანდატი არ აქვს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. თუ ოპოზიცია ამას ვერ მოახერხებს და შევა პარლამენტში, ამ შემთხვევაშიც პოზიტივი ის გახლავთ, რომ რაოდენობრივი უპირატესობა ოპოზიციას ექნება. ბევრი ლიდერი იქნება ისეთი, რომელსაც შეეძლება მექანიკურად უმრავლესობის პარალიზება მოახდინოს. საბოლოო ჯამში კი ეს პარლამენტი არასტაბილური იქნება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს როგორც პანდემიის კუთხით, ასევე ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით. ძალიან მაღალი ალბათობით, ახლა თუ არა, ერთ წელში მაინც ისევ რიგგარეშე არჩევნები გვექნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის და საპროტესტო აქციები არ არის ადეკვატური. ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ უბრალოდ მაგიდასთან დასხდნენ, გადაწყვიტონ პარლამენტში შედიან თუ არა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ პანდემიის პირობებში ქუჩა გამოსავალი არ არის და მოსახლეობის უმრავლესობა მათ არ აჰყვება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ არჩევნების ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო და დაახლოებით ასეთი პროგნოზებიც კეთდებოდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ძაბირაძის თქმით, ესეც პროგნოზირებადი იყო, “ოცნება” 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში ვერ მოიგებდა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ის დიდი ალბათობით ელოდა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგვარი კოალიციის გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორსაც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ და მოლოდინი, რომ “ოცნება” 45%-მდე მიიღებდა, გამართლდა. ზაქარეიშვილის თქმით, მოულოდნელი “ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიიცის ხმებია. არსებობდა ვარაუდი, რომ “ნაციონალები” 15%-ზე მეტს ვერ აიღებდა. მათი რეიტინგის ასეთ მატებაში კი ზაქარეიშვილი ხელისუფლების წვლილს ხედავს”, - დასძენს გამოცემა.

 

“მოსახლეობის უმრავლესობას, მართალია, “ქართული ოცნება” არ მოსწონს და ცვლილებებს ისურვებდნენ, მაგრამ ოპოზიციამ მათ ალტერნატივა ვერ შესთავაზა. “ნაციონალებს” ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც ვერ იზრდება. ხოლო ამ შეემთხვევაში მის გარდა არ აღმოჩნდა არავინ ახალი, ვინც მთელს ოპოზიციას გაერთიანებდა. ამიტომაც ოპოზიციისკენ მოსახლეობამ არჩევანი ვერ დაინახა და შეჩეული ჭირი შეუჩვეველს არჩიეს. დარწმუნებული ვარ, მეტ-ნაკლებად მისაღები ძალა ოპოზიციურ ფლანგზე რომ ყოფილიყო, ეს “ოცნების” ხელისუფლებას დაასრულებდა. რეალობა ასეთია და ამ რელობას “ოპოზიცია” ვერ ეგუება. ოპოზიცია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ახლა თუ შეცდომები დაუშვეს, ყველაფერი ჯერ ერთი, რომ მათ დაბრალდება და საბედისწერო შეცდომა თუ დაუშვეს, საერთოდ 2024-შიც კი ვეღარაფერს შეძლებენ. ჩვეულებრივად განულდებიან. პანდემიის დროს ისრების გადატანა მათკენ ადვილი იქნება. მშვიდობიან აქციებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, თორემ საბოლოო ჯამში ისევ ისინი იქნებიან ყველაფერში დამნაშავეები“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ხელისუფლებამ “ნაციონალებისგან” მტრის ხატი დიდი ხანი ბერა. ამიტომაც მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მათი დამარცხება მხოლოდ “ნაციონალებს” შეეძლოთ. “ოცნებისგან” ასეთი უცნაური პოლიტიკა მაკვირვებს - ტეხს იმ ტოტს, რომელზეც ზის. ეს გამარჯვება ხელისუფლებისთვის დამარცხების ტოლფასია. უმრავლესობა თუ არა, მოსახლეობის ნახევარი “ოცნების” წინააღმდეგია. 48% ძალიან ცოტაა. ამიტომ უნდოდა ყველას, რომ პროპორციული სისტემა ყოფილიყო სრულად და რა განწყობაც არის ქვეყანაში, ის პარლამენტშიც გამოჩენილიყო. არ ვამბობ არაფერს „ოცნების“ რეალურ ამომრჩეველზე, რომელსაც “ნაციონალების” დაბრუნების ეშინია. პასუხი უნდა აგოს იმ ხალხმა, რომლებმაც ხმები უბრალოდ გაყიდეს. თუმცა, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების ეშინოდა, მინდა ვუთხრა, რომ ეს საფრთხე სწორედ “ოცნებამ” შექმნა. მათგან მტრის ხატის შექმნეს და დღეს უფრო ძლიერია “ნაციონალური მოძრაობა”, ვიდრე ეს 216 წელს იყო, უფრო შემართულია და მეტი პრეტენზიები აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ოცნება” აშკარად ახლა სულს ღაფავს და ეს მხოლოდ მისი მაქსიმუმია. მეტი მართლა არ შეეძლო. ნახევარ მოსახლეობას ის აღარ უნდა. უბრალოდ, პარლამენტი უფრო საინტერესო იქნება - ჭრელი, ხმაურიანი და მრავალპარტიული. რაც შეეხება სიტუაციის ქუჩაში გადატანას, რა თქმა უნდა, გამოსვლები იქნება, მაგრამ მხოლოდ პარტიული ელექტორატის. გარეთ დიდხანს ვერ იდგებიან, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის მხადაჭერა არ ექნებათ. ამ პარტიის მიმართ იმხელა მიუღებლობაა, რომ გარეთ ბევრი ხალხის გმოსვლას არ ველი”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 469 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.