"აფხაზეთიდან დევნილები წლიდან წლამდე მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ" - მაკა ბელქანია
31 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
აფხაზეთის ომს FirstNews.ge-თან საუბარში ფილოლოგი მაკა ბელქანია იხსენებს:
"ტრაგიკული მოვლენები სამწუხაროდ ხშირი გახდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ბოლოდროინდელმა შოვში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ, შეძრა საქართველო, რის გამოც სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს ნათესავებს და სრულიად ქართველ ერს. უსიამოვნო აგვისტო დაგვიდგა მაშინაც, როცა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში მეხივით გავარდა ხმა, კიტოვანის ჯარი შემოვიდა და მდინარე ფსოუსთან აფხაზმა შეიარაღებულმა ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიესო. ყველანი ვიმედოვნებდით, რომ კონფლიქტი მალევე მოგვარდებოდა, როგორც 1989 წელს.
დღე დღეს მისდევდა, კონფლიქტმა ომის სახე მიიღო. პირველი გაგრის დაცემა იყო, შემაძრწუნებელი ფაქტებით. გაჩნდნენ პირველი დევნილებიც. სრულმა პანიკამ მოიცვა ქალაქები და სოფლები. აფხაზმა სეპარატისტებმა დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად, ნოემბრის თვეში ცეცხლში გაახვიეს სოფელი კოჩარაც, უმოწყალოდ დახოცეს, ტყვედ აიყვანეს და შეურაცხეს უამრავი კოჩარელი. 1993 წლის სექტემბერს, სოხუმზე მიტანილმა საბოლოო იერიშმა, მიუხედავად ქართველთა თავგანწირული ბრძოლისა გატეხა აფხაზეთის დედაქალაქი რასაც მთლიანად აფხაზეთის დაცემა მოჰყვა,"- აცხადებს მაკა ბელქანია.
მისი თქმით, სამმა ათეულმა წელმა განვლო ამ ავად მოსაგონარი დღიდან, ხოლო აფხაზეთიდან დევნილები წლიდან წლამდე მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ.

"2019 წელს, როცა კორონა ვირუსმა მთელს მსოფლიოს შეუტია და მილიონობით ადამიანი დაიღუპა, გადავწყვიტე აფხაზური მოგონებებისთვის მომეყარა თავი და კრებულის სახით გადამეცა მომავალი თაობისთვის, ვინაიდან, არავინ ვიცით როდის დავტოვებთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას… ვგონებ თითოეული ჩვენგანის ვალია მეტი მოუყვეთ ახალგაზრდებს და მოვანდომოთ მათ აქტიურად ჩაებან მამულიშვილურ ბრძოლაში, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი კრებული -“რისი წამოღებაც შევძელი”.

სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ, ამ წიგნის მიხედვით, თბილისში, თეატრალურმა სტუდიამ ”თაობა” - (რეჟისორი ირინა შიუკაშვილი) დადგა სპექტაკლი სახელწოდებით - ”დამიბრუნეთ ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო”. პატარა მსახიობებმა გაითავისეს ჩვენი თაობის ტკივილი და სასწაული ემოციით შეასრულეს საკუთარი როლები. აფხაზეთის თემის მინელება უბრალოდ დანაშაულია. ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო მაშინ გაძლიერდება, როცა აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას,"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მაკა ბელქანია.

ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
