რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრება სახიფათოა

რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრება სახიფათოა.

რუსეთის საგარეო უწყება რეკომენდაციას რუსი ტურისტის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებით ხსნის, თანაც მომხდარს აზოგადებს.

აფხაზებზე გასანაწყენებლად მოსკოვს არაერთი მიზეზი დაუგროვდა. თავის მხრივ, ბრაზობენ აფხაზებიც. სხვა თემებთან ერთად, არც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის მიერ მიტაცების ისტორია დასრულებულა.

მოსკოვის გაფრთხილება


ახალგაზრდა რუსი ქალის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის მსჯავრდებული ედგარ აბუხბა თავისუფალია, რაც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.

„აშკარაა, რომ ეს ქმნის უსაფრთხოების რისკებს დიდი რაოდენობის უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან აფხაზეთის კურორტებზე. იძულებული ვართ, ამის შესახებ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 თებერვალს, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ მისთვის „უკიდურესად გამაოგნებელი“ იყო ინფორმაცია 2019 წელს ჩადენილი „უმძიმესი დანაშაულისთვის“ მსჯავრდებული პირის - ე.გ. აბუხბას სასჯელის შემსუბუქებისა და გათავისუფლების შესახებ.

განცხადების ტექსტში ჩანს, რომ მოსკოვისთვის ეს ფაქტი ზოგად განუკითხაობას ნიშნავს.

„ჩვენი შეფასებით, ეს რეზონანსული საქმე მეტყველებს აფზახური მართლმსაჯულების მეტად ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის შეფარდებული სადამსჯელო ზომების მიმართ“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, 2019 წლის 31 ივლისს, 17 წლის ედგარ აბუხბამ მოტყუებით შეიყვანა რუსი ტურისტი ქალი მიტოვებულ შენობაში, სადაც ის გააუპატიურა, რამდენჯერმე ქვა ჩაარტყა და გაძარცვა. მოძალადემ მსხვერპლს წაართვა 2 ტელეფონი, აქსესუარები, ფული და 70 100 რუბლის [თითქმის 2000 ლარი] ღირებულების საიუველირო ნაწარმი. დაზარალებულის დედა მედიასთან ამბობს, რომ მის შვილს სახეზე 3 ოპერაცია დასჭირდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის სასჯელის შემსუბუქების ფაქტს უარყოფს და გარკვეულ ცვლილებებს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნის.

განცხადების თანახმად:

ედგარ აბუხბასთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის არასრულწლოვანი იყო, არ შეიძლებოდა მიესაჯათ 10 წელზე მეტი და 2021 წელს დადგენილი საბოლოო განაჩენით, მას დაეკისრა 9-წლიანი სასჯელის მოხდა საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რა დროსაც მას 9-წლიანი სასჯელი შეუნარჩუნდა, მაგრამ საერთო რეჟიმის კოლონია მკაცრი რეჟიმით შეუცვალეს;


საქმე წავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში;


2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე - გაუქმდა საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილება და მკაცრი რეჟიმის საპატიმრო კვლავ საერთო რეჟიმის გამასწორებელი კოლონიით ჩანაცვლდა.


დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ მსჯავრდებულის 9-წლიანი საპატიმრო ვადის ათვლა 2019 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო. მაგრამ არაფერს ამბობს იმის შესახებ - თავისუფალია თუ არა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული.

მოგვიანებით, რუსეთის მედიასაშუალებებს დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში განუმარტეს, რომ აფხაზეთში საერთო რეჟიმის გამასწორებელი კოლონია არ არსებობს და კანონის თანახმად, მოხდილი სასჯელის ერთი წელი ამ შემთხვევაში ორ წლად ჩაითვალა.

„შესაბამისად, აბუხბა უნდა მჯდარიყო 4.5 წლის განმავლობაში, 9 წლის ნაცვლად და ეს ვადა [2024 წლის] 2 თებერვალს ამოიწურა“, - ეუბნება წყარო სააგენტო ТАСС-ს და არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებული სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.

რუს ტურისტზე ძალადობის საქმეს მოსკოვიდან თავიდანვე საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ.
2021 წლის იანვარში, რუსეთის მაშინდელი ე.წ. ელჩი აფხაზეთში ალექსეი დვინიანინი ლაპარაკობდა ამ საქმის მოსამართლის „თვითნებობაზე“, მართლმსაჯულების გაჭიანურებასა და ზოგადად - „რუსი ტურისტების, ბიზნესმენებისა და უბრალო ხალხის“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლეზე.

მაშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი, ჯემალ გოგია, რომელმაც რუსეთის „ელჩის“ პრეტენზიებს „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში უპასუხა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთშეთანხმება ერთ-ერთი საკითხია კანონპროექტების პაკეტში, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას გულისხმობს. ცვლილებების განხილვა ჭიანურდება.

 

ტურისტები შემცირდება?


აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განმარტებები, როგორც ჩანს, არადამაჯერებელი და მიუღებელია მოსკოვისთვის. რუსეთის საგარეო უწყება ამ ინფორმაციას არ გამოხმაურებია და, შესაბამისად, გაფრთხილება კვლავ ძალაშია.

ბევრისთვის ეს გაფრთხილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტურისტული ნაკადების შემცირებას ნიშნავს.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია აცხადებს, რომ ოფიციალური მითითებები არ მიუღიათ და ამიტომ, რუსეთის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტი მათთვის სახელმძღვანელო არ არის.

თუმცა ასოციაცია მაინც იჭერს თადარიგს და აფრთხილებს ყველას, ვინც ტურისტულ პაკეტს აბრუნებს, რომ - ტურისთვის გადახდილი ფული „ტუროპერატორის მიერ გაწეული ხარჯის“ ჩამოჭრის შემდეგ დაუბრუნდებათ.

აფხაზეთის მსგავსი განცხადება შრი-ლანკის შესახებაც გაკეთდა [სასტუმროში რუსეთის მოქალაქეებმა ფიზიკურად იჩხუბეს]; თუმცა მოგვიანებით, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ შრი-ლანკაში დასვენება უსაფრთხოა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ეს არ თქმულა აფხაზეთის შემთხვევაში.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყებამ, რუსეთის საყვედურის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „ეფუძნება მტკიცე ადამიანურ, ისტორიულ და კულტურულ ჰუმანიტარულ ტრადიციებს“, საყურადღებო საკითხების მოგვარება „კიდევ უფრო აძლიერებს ურთიერთობებს“ და, რომ ურთიერთობაში „სუვერენული თანასწორობის პრინციპი“ გადახედვას არ ექვემდებარება.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ურთიერთობებში პრობლემური საკითხები დაგროვდა და მათ შორის არის - აფხაზების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შეფერხება.

 

რატომ არ უშვებენ აფხაზებს რუსეთში?


14 თებერვალს, რუსეთის „ელჩმა“ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინმა უკმეხი პასუხი გასცა ომის ვეტერანების ორგანიზაცია „არუაას“ წერილს, რომელშიც გამოხატული იყო უკმაყოფილება დამსახურებული აფხაზებისთვის პრობლემების შექმნაზე - რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას.

ამ წერილში მოყვანილი იყო ჟურნალისტ ემა ხოჯაას მაგალითი, რომელიც ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გააჩერეს და საათ-ნახევრის განმავლობაში კითხავდნენ.

„აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევა დაუშვებელია და ეს აზიანებს ჩვენს ძმურ ურთიერთობებს“, - ეწერა ვეტერანების წერილში.

რუსეთის ელჩს ამ წერილიდან არ მოეწონა სიტყვები - „დაკავება“, „მრავალსაათიანი დაკითხვები“, ჟურნალისტის შეჩერების ფაქტის იურიდიული დასაბუთება მოითხოვა და დაემუქრა კიდეც. „ე.შ. ხოჯაა სრულად უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის“, - წერია შურგალინის განცხადებაში.

„ელჩის სიტყვა გაჟღერდა როგორც ყველა უკმაყოფილოს გაფრთხილება“, - იტყობინება „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი.

რუსეთში გადასვლისას შექმნილი პრობლემები, ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და მწვავე თემაა.

ასეთ ფაქტებს ექსპერტები ხშირად ხსნიან რუსეთის მკაფიო უკმაყოფილებით - რომ აფხაზეთში მისი სურვილების დიდ ნაწილს ჯერ ისევ უგულებელყოფენ და საჭირო ცვლილებებს აჭიანურებენ.

 

ბიჭვინთის პრობლემა გრძელდება


პრობლემა, რომელმაც ბოლო დროს სოხუმელები ქუჩაში გაიყვანა, ბიჭვინთის აგარაკების, მიწისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემა იყო.

ხალხის პროტესტის მიუხედავად, რუსეთმა სასურველი მაინც მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, საკითხი ჯერ ისევ არ დახურულა.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, მღელვარება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის საგარეო უწყებიდან სოხუმში გაგზავნილ ნოტასთან დაკავშირებით.

„დოკუმენტში ლაპარაკია ბიჭვინთის აგარაკზე. რუსი დიპლომატები ითხოვენ, რომ შეთანხმება შესაბამისობაში მოიყვანონ რუსულ კანონმდებლობასთან და მიეცეს გარანტია რუსეთის მხარეს, რომ - მას აქვს უფლება მესამე პირს გადასცეს აგარაკი [ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიისა და ზღვის აკვატორიის ნაწილით]. მიუთითებენ ვენის კონვენციასა და საერთაშორისო შეთანხმებების კანონზე“, - იტყობინება „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი, ადგილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ის აღნიშნავს, რომ მღელვარება გამოიწვია არა მხოლოდ ნოტამ, არამედ - მისი მიღების დამალვამ.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის კაცად წოდებულმა ინალ არძინბამ ნოტის მიღება უარყო; თუმცა „მას არავინ დაუჯერა“. ეჭვები იმ ფაქტმაც გაამყარა, რომ არძინბა სასწრაფოდ ჩავიდა მოსკოვში „გაურკვეველი მიზნებით“.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის მიერ მითვისებამ აფხაზეთში კიდევ უფრო გაააქტიურა დიდი ხნის შიში, რომ შესაძლოა აფხაზეთში მაინც მიიღონ სადავო კანონი „აპარტამენტების ლეგალიზაციის შესახებ“, რაც უცხოელებს და ცხადია, პირველ რიგში - რუსებს უძრავი ქონების შეძენის საშუალებას მისცემს. როგორც აფხაზეთიდან იტყობინებიან, ამ კანონის მიღებას მხარს უჭერს ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებას უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვისკენ მოუწოდებს. ამ სურვილს, პერიოდულად - უმაღლესი პირებიც ახმოვანებენ. როგორც ბიჭვინთის აგარაკებზე დისკუსიის დროს გაირკვა, ქონების გადაცემას თავად პრეზიდენტი პუტინი ითხოვდა.
ბოლო დროს იყო კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც თითქოს ჩაცხრა.
როგორც სოხუმის ლიდერები ამბობენ, ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის პროექტს ხელი აღარ მოეწერება.

რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მედიაში გამოჩნდა რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც გააპროტესტეს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. აცხადებდნენ, რომ შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა.

სოხუმი აცხადებს, რომ ამას „კონსტიტუცია“ კრძალავს. თუმცა გამოცდილება იმასაც ცხადყოფს, რომ - ბევრი გვერდზე გადადებული საქმე, მოსკოვის კარნახით, სოხუმს დღის წესრიგში ისევ დაუბრუნებია.

უკმაყოფილო ადამიანები სოხუმის ცენტრში არცთუ იშვიათად იკრიბებიან, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა.
ხშირად ისმის შეფარული და ზოგჯერ ღია უკმაყოფილება მოსკოვის მიმართ.

„ვკითხულობთ მედიაში და ვხედავთ აფხაზური ტელევიზიით, რომ სადღაც იქ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომ ჩვენი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, დინამიკურად ვითარდება.

ამიხსენით, დამისახელეთ ერთი დარგი მაინც, რომელიც რეალურად ვითარდება, რომელიც დღეს მტკიცედ დგას ფეხზე... 30 წელი გავიდა. წყალი არ არის, შუქი არ არის, გზები არ არის, არაფერი არ არის. რა არის ეს? ოდესმე ეს არ უნდა დასრულდეს?!“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგურ აშუბამ.

გასაპროტესტებელი საკითხების ჩამონათვალი სულ უფრო იზრდება და, ექსპერტების შეფასებით, სწორედ ოპონენტების გასაჩუმებლად ცდილობს აფხაზეთის „ხელისუფლება“ - სასწრაფოდ აამოქმედოს „აგენტების შესახებ კანონი“, კიდევ ერთი კანონი რუსული პოლიტიკის მენიუდან.

 

წყარო

წაკითხვა 250 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.