November 22, 2024

როგორი იყო ციხე და შიმშლობა სააკაშვილის პრეზიდენტობისას

კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრაგიკული მოვლენა გაიხსენეს - 2007 წლის 7 ნოემბერი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" საუბარში მისი პატიმრობისა და ციხეში შიმშილობის დეტალებს იხსენებს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხეში გამოცხადებულ შიმშილობასთან ავლებს პარალელებს.

შაბათს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ იღებს სააკაშვილი სამედიცინო დახმარებასა და გარკვეულ საკვებ დანამატებს, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

 

მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თავადაც შიმშილობდა, რის გამოც სასიკვდილოდ სცემეს. ხოლო როდესაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ციხის სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზეც კი უარს ეუბნებოდნენ.

 

„მე თავადაც მივმართე პროტესტის შიმშილობით გამოხატვის ფორმას, როდესაც პოლიტპატიმარი ვიყავი სააკაშვილის მმართველობის დროს და როგორც თავად დააფიქსირეს, 38 დღე ვშიმშილობდი. რეალურად უფრო მეტი იყო, თუმცა მათ ასე დააფიქსირეს. მე ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

 

„სააკაშვილის დროს ციხეში ყოფნისას ისე მცემეს, რომ გონებადაკარგული და საკმაოდ დაჩეხილი ვიყავი. მაშინ ექიმებმა ნატურალური წვენები დამინიშნეს, რადგან ჩემი ჯანმრთელობა არ დამძიმებულიყო.

 

„ვიყავი ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მისული და 3-4 დღის განმავლობაში ექიმის რეკომენდაციით ამ ნატურალურ წვენებს ვიღებდი. მთავარი იყო, რომ არ მიმეღო გლუკოზა. ვიღებდი წყალსა და „ბორჯომს" და ასე ვაგრძელებდი შიმშილობას.

 

„სხვათა შორის, ამ შიმშილობას შედეგი მოჰყვა და გლდანის ციხეში შეწყდა წამება და ადამიანების მკვლელობა. შემოვიდნენ მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შემდეგაც ასე თუ ისე დამყარდა ადამიანური პირობები. ცოტა ხნით, მაგრამ ეს მოხერხდა.

 

„ასე რომ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის დროს ადამიანი პროტესტის ფორმებს მიმართავდა და შიმშილობდა, ბევრად უარესი მოპყრობა, იყო ვიდრე ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან იმ დროს სამედიცინო დახმარებაზეც კი უარს გვეუბნებოდნენ და ისეთი სიტუაცია იყო, რომ საპატიმროს სამედიცინო პუნქტშიც კი არ გადაგვიყვანეს, როდესაც პირადად მე, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. აქედან გამომდინარე, განსხვავება არის დღევანდელ და იმ პერიოდის ციხეებს შორის.

 

„მე მინდა ერთი რამ ვთქვა - მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის გამო შიმშილობს, ჩვენ კი სულ სხვა საკითხის, ადამიანის უფლებების გამო ვშიმშილობდით. გვინდოდა ის კანონები აღსრულებულიყო, რაც საერთაშორისო სამართლის მიერ არის დაწესებული და შეგვეჩერებინა ის აღვირახსნილი სისასტიკე.

 

„გიყვებით ფაქტებს, რომელიც რეალურად მოხდა და საკუთარ თავზე გამოვცადე. როდესაც მოშიმშილე ადამიანი სასიკვდილოდ მცემეს, მქონდა საკმაოდ მძიმე თავის ტრავმა, ვიყავი დაჩეხილი და ა.შ.

 

„როგორც ჩანს, სააკაშვილს გარკვეული მძიმე დაავადებები აქვს და ამიტომ ექიმებმა საკვები დანამატები დაუნიშნეს. ეს დანამატები ადამიანს აძლევს საშუალებას იშიმშილოს, თუმცა არ გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ შიმშილობის დროს მთავარია ადამიანმა არ მიიღოს გლუკოზა. მხოლოდ მის მიღებამდე ითვლება, რომ ადამიანი შიმშილობს.

 

„აქ კვლავ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. „ოცნებას" არ აწყობს როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ამიტომ ცდილობს ყველანაირად დაიცვას წესები და ამიტომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც სააკაშვილს სამედიცინო დახმარება მიმდინარეობს.

 

„მე მაგალითები მოვიყვანე შედარებისთვის და აშკარად დიდი განსხვავებაა სააკაშვილის დროს მიმდინარე პროცესებსა და ახლანდელ ვითარებას შორის პენიტენციურ დაწესებულებებში.

 

„ახლა „ოცნებამ" რეალურად უნდა აჩვენოს საზოგადოებას თავისი ჰუმანურობა და თუ საჭირო გახდა, როგორც პენიტენციურ საავადმყოფოში, ისე კერძო სამედიცინო დაწესებაშიც გადაიყვანოს სააკაშვილი", - განაცხადა მაისაიამ.

წაკითხვა 366 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.