"შეიძლება ჩემი შვილის გადარჩენა - არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო" - დაჭრილი პატიმრის დედა
ახალი ამბავი მომივიდა, რომ შეიძლება ჩემი შვილის გადარჩენა - არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი და თუ ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, ვთხოვ, დამეხმარონ,- ამის შესახებ დაჭრილი პატიმრის დედამ, ნათია შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, შენგელიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების არ სჯერა.
„სიმართლედ არ მივიჩნევ. სხვანაირი ბავშვია, არც თავისმომკვლელი იყო და არც იმის არ მჯერა, რომ წინააღმდეგობა შეეძლო. თუ ძალით არ გააღიზიანეს და ძალით არ გაუკეთეს რაღაც, არაფრის გამკეთებელი და დამშავებელი არ იყო“,- განაცხადა პატიმრის დედამ.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. როგორც ჟურნალისტებს პატიმრის დედამ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებულია შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
