"არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ"

შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

 

ამასთან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში. მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა. ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

რაც შეეხება დასკვნას, ჯერჯერობით ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო, რადგან მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

 

„მსგავსი ტიპის დასკვნა, და რატომღაც თქვენ მაშინვე საუბრობთ ნეგატიურ კონტექსტში, რომ თუ ის იქნება ცუდად. თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება? შეიძლება, ძალიან კარგად არის ხომ და არ აქვს რაიმე ისეთი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. დასკვნა შეიძლება, იყოს ორგვარი, ან სამგვარი. თქვენ ავტომატურად საუბრობთ ყველაზე ცუდ და ნეგატიურ სცენარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის სცენარზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, აქ ჩვენს პოზიციაზე რა უნდა ვისაუბროთ? რაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მას შემდეგ. არსებობს სტატუსი, ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და თან პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. იმისთვის, რომ ის გავიდეს საზღვარგეთ, იქნება ეს სამკურნალო, თუ ნებისმიერი სხვა მიზანი, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. ამისთვის კი აუცილებელია, მისი სასჯელი იყო გადავადებული ან იყოს გათავისუფლებული. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში, როცა ჩვენთან არის მსჯავრდებული პატიმარი, მას ვერ გავუშვებთ ვერც საზღვარგარეთ და ვერც ნებისმიერ სხვა ადგილას, თუ ამას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

ამასთან, მინისტრმა დღეს არ ისაუბრა, ვინ ჩაატარებს და როდის ჩაატარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

 

„ჩვენ არავის საპასუხოდ არ ვაპირებთ (ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას), არის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რასაც ატარებს ცენტრი „ემპათია“ და მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ ექსპერტიზა, რადგან დაინტერესებული ვართ როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ.

 

ჩვენი ქმედებები ყოველთვის არის ძალიან კონკრეტული. მე გითხარით, რომ შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ მათ შორის კიდევ დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ეს არის მათი ნება-სურვილით ხომ, მსჯავრდებულის ნება-სურვილით ექსპერტიზა, რომელიც რამდენიმე თვეა, გრძელდება. როგორც გითხარით, ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ეს ადამიანი არის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში, კერძოდ, კლინიკა „ვივამედში“. იმისთვის, რომ ჩვენც გავიგოთ, საბოლოო ჯამში რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის ირგვლივ, არსებობდეს ოფიციალური პასუხი როგორც საავადმყოფოს მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფისგანაც, დარწმუნდეს ერთხელ და სამუდამოდ ყველა, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, გვინდა, ჩავატაროთ დამოუკიდებელი ესპერტიზა. რაც შეეხება კონკრეტულად ვადას, ამას ვერ გიპასუხებთ. თქვენ წინმსწრებად მეუბნებით, რომ რაც პასუხი იქნება „ემპათიის“ მხრიდან, მას შემდეგ იქნებაო, ეს ასე ნამდვილად არ არის. მე გითხარით, რომ შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე ექსპერტიზა, რათა დავრწმუნდეთ და გავერკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ ყველა, რადგან ამ საკითხის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კარგი იქნება, რომ გვქონდეს კიდევ მეტი ინფორმაცია. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი. ყოველ სიტუაციაში, როცა ის საჭიროებდა სამედიცინო მომსახურებას, იგი გაყვანილი იყო კლინიკაში. გარდა ამისა, პარალელურად გვინდა, რომ კიდევ დავრწმუნდეთ ყველანი ერთად, რა სიტუაციაა მისი ჯანმრთელობის ირგვლივ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წაკითხვა 348 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.