პირველი სექტემბრიდან მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება
2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112".
მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, რომლის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. კანონპროექტის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ხელშეწყობით გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული ჩართულობით მომზადდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. სისტემის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, UN WOMEN-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი